რამდენად მძაფრი ყნოსვა გაქვთ? იქნებ, კონკრეტული საკვების ან სარეცხი საშუალებების სუნი გაღიზიანებთ? შესაძლოა, ახლა ფეხმძიმედ ხართ და საერთოდაც ყველანაირი სუნი გაგიჟებთ. მოკლედ, ყნოსვას ბევრი ემოციის აღძვრა შეუძლია, როგორც დადებითის, ისე უარყოფითის. თუმცა ის, რასაც დღეს გიამბობთ, მართლაც უნიკალურია — ქალი, რომელიც სუნის მიმართ ზემგრძნობიარეა, პარკინსონის დაავადებას სწორედ ყნოსვით ხვდება.
72 წლის შოტლანდიელ ჯოუ მილნიას ჰეპერსომია, ანუ სუნისადმი განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვს. მან შენიშნა, რომ თავის მეუღლეს მუშკის სუნი ასდიოდა — თანაც, ეს პარკინსონის გამოვლენამდე 13 წლით ადრე მოხდა.
ამ უნიკალური შესაძლებლობის გამოყენებითა და შთაგონებით კი, მანჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღნიშნული დაავადების ახალი სადიაგნოსტიკო ტესტი შექმნეს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ამ პრობლემის მქონე ადამიანებს ორგანიზმში დიდი მოლეკულური წონის ლიპიდები, ანუ ცხიმოვანი ნივთიერებები აქვთ.
კვლევაში მონაწილეობდნენ, როგორც პარკინსონის მქონე პაციენტები (79), ისე 71 ინდივიდისგან შემდგარი კონტროლ ჯგუფი. მათ კანის ცხიმის ნიმუშები კისრის მიდამოდან აუღეს და ისინი მას-სპექტრომეტრიის ორგვარი მეთოდით შეისწავლეს, რასაც სულ რაღაც 3 წუთი დასჭირდა.
საგულისხმოა, რომ პარკინსონის დაავადება ამ ეტაპზე არა მხოლოდ განუკურნებელია, არამედ მისი დიაგნოსტირებაც რთულია. მეცნიერები კი იმედოვნებენ, რომ ახალ მეთოდს ლაბორატორიის გარეთაც გამოცდიან და 2 წელში კვლევები მანჩესტერში მცხოვრებ ადამიანებს ჩაუტარონ.