თუ მანქანას მართავთ, ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ შემთხვევა, როდესაც თქვენს მგზავრს გადასვლა და პარკირებაში დახმარება სთხოვეთ. „მიმანიშნე, სად გავჩერდე”, „აქ ჩავეტევი?” – ეს ფრაზები ყველა მძღოლისთვის ნაცნობია.
როგორც ყველა დეტალმა ავტოინდუსტრიაში, პარკირების სისტემამაც თავისებური ევოლუცია განიცადა იმისათვის, რომ დღეს ის ფორმა მიეღო, რაც აქვს. თანამედროვე მანქანები სპეციალური კონტროლითაა აღჭურვილი, რომელიც მძღოლს პარკირებას უმარტივებს, თუმცა სანამ თანამედროვეობაზე ვისაუბრებთ, გადავხედოთ, როგორ განვითარდა ეს ტექნოლოგია ავტომობილებში და რა სახითაა ის წარმოდგენილი.
უკანა პარკირების სენსორები
უსადენო პარკირების სენსორები საუკეთესო ტექნოლოგიაა მანქანის პარკირების ტექნოლოგიის ისტორიაში. ამ სენსორების დაყენებას მრავალი უპირატესობა აქვს. ის ვიწრო ადგილებში მანქანის მოძრაობას აკონტროლებს და ამცირებს მანქანისა და მიმდებარე ობიექტების დაზიანების შემთხვევებს.
ერთ-ერთი პირველი მანქანა, რომელიც აღჭურვილი იყო ასეთი სენსორებით, იყო 2003 წელს გამოშვებული Toyota Prius და მას შემდეგ ის გახდა მანქანების ნაწილი.

თუმცა ამ სისტემის დამუშავების პირველი მცდელობა ბევრად უფრო ადრე, 1970-იანი წლებიდან ჩნდება. მისი გამომგონებელი იყო ბრიტანელი დოქტორი ჰეიზი. დოქტორის შთაგონების წყარო იყო ტექნოლოგია, რომელსაც ის უსინათლოებისთვის ქმნიდა. თუმცა ეს სისტემა მაშინ არ დამკვიდრდა და პირველი მასობრივი წარმოება 2003 წლის შემდეგ დაიწყო.
პარკირების მონიტორები, რომლებსაც გარემოს ხედვის ფუნქცია აქვს
დღევანდელ თანამედროვე ეპოქაში, მძღოლების უმეტესობა კარგად იცნობს უკანა ხედვის კამერებს, რომლებიც პარკირებისას უკანა ხილვადობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება. ეს კამერები დროთა განმავლობაში უფრო დაიხვეწა და მძღოლებს გარე ხედვის ფუნქციას 360-გრადუსიანი დაფარვით სთავაზობს. როგორც ავტომოყვარულები ამბობენ, ეს თითქმის პერსონალური დრონის გამოყენებას უტოლდება ავტომობილში.

Nissan იყო პირველი ბრენდი, რომელმაც გარე ხედვის კამერის ტექნოლოგია შეიმუშავა. რომელიც დაინერგა როგორც იაპონურ ბაზარზე, ისე აშშ-ში. ეს მოხდა 2007 წელს. ეს სენსორული ფუნქცია მძღოლს ეხმარება ფეხით მოსიარულეების დანახვას ვიწრო სივრცეში, უკუსვლასა და მანქანის გაკაწვრის თავიდან აცილებაში, რაც დიდ ფულს დაზოგავს გრძელვადიან პერსპექტივაში.
უკანა პარკირების დამხმარე ასისტენტი
დღესდღეობით ბევრი ახალი მანქანა ხელმისაწვდომია პარკინგის დამხმარე მექანიზმის სხვა ფორმებით, როგორიცაა ასისტენტი. ის სპეციალურ ღილაკზე ხელის დაჭერით აქტიურდება და ააქტიურებს მანქანის საბორტო სენსორებს. როდესაც მიხვალთ კონკრეტულ სადგომზე, სენსორები განსაზღვრავს, არის თუ არა სივრცე გონივრული ზომის, რაც ეხმარება მძღოლს იმის გაგებაში, არის თუ არა საკმარისი ადგილი მისი მანქანის გასაჩერებლად.
დამხმარე სისტემის პირველივე ვერსია დაინერგა 2003 წელს. ის ფართოდ არის ხელმისაწვდომი საოჯახო ტიპის მანქანებში. მათგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბრენდებია Ford და Kia.

ავტონომიური პარკინგი
ტექნოლოგია მუდმივად იხვეწება და მომხმარებელიც მუდამ ახლის ძიებაშია. ასეა პარკირების დამხმარე სისტემების სამყაროც. ერთ-ერთი ასეთი ახალი ტექნოლოგიაა ავტონომიური პარკირების სისტემა, რომელიც 2015 წლის BMW i3-ის მსგავს მანქანებში გამოჩნდა. ამ მანქანებს შეუძლიათ დამოუკიდებლად გაჩერება საჭიროების შემთხვევაში, ასევე ხელის მუხრუჭის გამოყენება, რაც მანქანას უეცარი დაზიანებებისგან იცავს. Mercedes-Benz, Tesla და Volvo ის ბრენდებია, რომლებიც აქტიურად ამკვიდრებენ ამ ტექნოლოგიას.

რამდენიმე ცნობილი მანქანა, რომლებიც ჭკვიანი პარკირების სისტემას იყენებენ
Skoda Octavia, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ საოჯახო მანქანად ითვლება, ასევე ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც პარკირების ჭკვიანი სისტემით სარგებლობს. ის ზემოთ ნახსენებ პარკირების დამხმარე ასისტენტს იყენებს, რომელიც საშუალებას აძლევს მძღოლს, შესაფერის პარკირების ადგილზე გაჩერდეს, მძღოლს ამ დროს მხოლოდ საჭისა და პედლების გაკონტროლება ევალება, მანქანა კი კარნახობს მას, თუ როგორ დაპარკინგდეს.
Mercedes C-კლასის მოდელებს აქვთ სისტემა , Parktronic, რომელიც ავტომატურად ასკანერებს შესაფერის სივრცეებს, ყოველგვარი მოთხოვნის გარეშე. მანქანა მთლიანად აკონტროლებს საჭეს.
Ford Fiesta ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სუპერმინი მანქანად ითვლება. ერთ-ერთი ფუნქცია, რაც მას ამ კატეგორიაში მოაქცევს, არის Advanced Auto Park Assistance Pack, სისტემა, რომელიც მძღოლს ხმოვან გაფრთხილებასა და მითითებებს აძლევს, თუ სად და როგორ დააპარკინგოს ავტომობილი.

ეს იმ მანქანების მცირე სიაა, რომლებიც პარკირების სისტემას აქტიურად იყენებენ. ტექნოლოგია 2000-იანი წლებიდან მკვიდრდება ავტოინდუსტრიაში და დღეს უკვე ცნობილი ბრენდების უმეტესობა იყენებს თავის მოდელებში. გამომდინარე იქიდან, რომ, ისე თუ ასე, სისტემა შედარებით ახალია, ის კიდევ განვითარების ეტაპზეა და ყოველმა მორიგმა ავტომობილმა შეიძლება აქამდე არსებული პარკირების კონტროლის უკეთესი ვარიანტი შემოგვთავაზოს, თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













