in

რა უნდა გაითვალისწინოთ პაროდიული რეკლამის შექმნისას?

მიმი ციფრული სამყაროს ტენდენციურ კონტენტად კი იქცა, მაგრამ ყოველთვის ერთნაირად არ ამართლებს. თუკი ის მიზანმიმართული, მახვილგონივრული და კრეატიულობით გაჯერებული არაა, უფრო მეტად აუფასურებს კონტექსტს. თავის მხრივ, აღნიშნული ასპექტის გათვალისწინება განსაკუთრებით საინტერესო იქნება ბრენდებისთვის, ვინაიდან ხშირად მიმართავენ სახალისო კამპანიებს — ძირითადად, „გამიმების“ ეფექტით.

ამის უახლოეს მაგალითად შეგვიძლია მივიჩნიოთ ლუდსახარშ Brlo-ს მიერ Calvin Klein-ის სარეკლამო რგოლის იუმორისტულ ჭრილში გარდაქმნა. ანალოგიურად, Uber Eats-მა დევიდ და ვიქტორია ბექჰემების ვირუსულად გავრცელებული ეპიზოდი აქცია რეკლამის მორგებულ სიუჟეტად. მართალია, ეს უკანასკნელი ყველას ეცნობოდა იდეურად, მაგრამ არაფრის მომცემი იყო ბრენდის მიზნის სადემონსტრაციოდ; არც იმას შთააგონებდა ხალხს, რატომ უნდა ისარგებლონ Uber Eats-ის სერვისით.

მარტივად რომ ავხსნათ, მიმად ქცეულ ამბავს აუცილებლად სჭირდება რაღაც რეალური ემოცია, რომელიც ორგანულად ჯდება ბრენდის ხასიათში. თუ მუდმივად აქტუალური მიმების განხილვას დაიწყებთ, მეტისმეტად „გაითქვიფებით“ იმ ბრენდებში, რომლებიც მხოლოდ ამით იკვებებიან. განმასხვავებელ ნიშნებსა და ინსაითებს დაკარგავთ.

ამიტომაც, ნაცვლად ტაქტიკური ფიქრისა, ისე გათვალეთ სტრატეგიული გეგმები, რომ კონტექსტურად ბრენდის გრძელვადიანი პერსპექტივის ნაწილად მოიაზრებოდეს. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ კონკრეტულ კონტენტთან საინტერესო, ორგანული ბმის დაჭერა.

მიზანმიმართული პაროდია — მიმები, ისევე, როგორც მარკეტინგის ნებისმიერი სხვა ფორმა, რაღაც გამორჩეულს უნდა ამბობდეს ბრენდის შესახებ. ზოგჯერ მცდელობა გაამართლებს, ზოგჯერ კი ნაკლები ჩართულობა იქნება სამიზნე აუდიტორიის მხრიდან. ეს ბუნებრივია, რადგან იუმორი ძალიან სუბიექტურია… შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ პაროდიული კონტენტი საყოველთაოდ მიმზიდველად აქციოთ, კონკრეტულ აუდიტორიასა და კონტექსტზე ფოკუსირდით.

აქვე გაითვალისწინეთ, რომ მიმი იდეალურად მუშაობს მეგობრულ ჩატებში… ბრენდს კი სულ უნდა ახსოვდეს საკუთარი იდენტობა — თითოეული კონტენტი ზუსტად უნდა ჯდებოდეს მის ხასიათში, სრულიად ამოვარდნილი არ უნდა იყოს. ხოლო „იაფფასიანი“ ჩართულობის არჩევა მყარი მარკეტინგული სტრატეგიის სათავე არ არის.

დღეს 3-ის ნახევარზე Odysseus მთვარეზე დაეშვება! — LIVE

Google-მა ორი ახალი LLM გამოუშვა!