სამწუხაროა, მაგრამ არა გასაკვირი, რომ სოციალურ ქსელებში ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლია “password”, რასაც მოჰყვება „123456“. ცხადია, ამას მხოლოდ ვარაუდის საფუძველზე არ ვამბობთ, არამედ NordPass-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით. ამ ტენდენციას კი ერთგვარი პარადოქსით ხსნიან: მარტივი პაროლების გამოცნობა ან გატეხვა უფრო ადვილია, ხოლო რთული კოდი ძნელად დასამახსოვრებელია.
ახლა კი ტექნიკური კომპანიები ახალ “PassKey” ტექნოლოგიას უჭერენ მხარს, რომელიც პაროლების ნაცვლად ბიომეტრიას იყენებს, როგორც კიბერუსაფრთხოების მომავალს. NordPass-ის პროდუქტის დირექტორის, იევა სობლისკაიტის, თქმით, ტრადიციული პაროლები ინახება მინიმუმ ორ ადგილას — ჩვენს გონებასა და პროვაიდერ სერვერებში. ამ უკანასკნელის გატეხვა კი იშვიათობას არ წარმოადგენს, რაც კიბერშეტევების მიმართ დაუცველს გვხდის.
რაც შეეხება PassKey ტექნოლოგიას, ახალი ანგარიშის შექმნა ორი „გასაღებით“ იწყება, რომლებიც ასოებისა და ციფრების გრძელი კომბინაციისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი „საჯარო გასაღებია“ და ის პროვაიდერის სერვერზე ინახება — ფაქტობრივად, „მომხმარებლების სახელის“ ფუნქციას ასრულებს, ანუ ჰაკერებისთვის მას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ხოლო მეორე გასაღები დაშიფრულია და პირად მოწყობილობაზე ინახება.
როდესაც PassKey ტექნოლოგიით დაცულ ვებსაიტზე ან აპლიკაციაში შესვლას ეცდებით, საჯარო გასაღები ე. წ. გამოწვევას გამოგიგზავნით — მათემატიკურ ამოცანას, რომლის ამოხსნაც მხოლოდ პირადი პაროლითაა შესაძლებელი. ბიომეტრიული მონაცემების სახის სკანირებით ან თითის ანაბეჭდის დადასტურების შემდეგ კი ანგარიშზე წვდომა განიბლოკება.
აღნიშნული მეთოდი არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ პრაქტიკულად გამორიცხავს ჰაკერებს მიერ ფიშინგ შეტევების განხორციელებას, რადგან ადამიანებმა რეალურად არც კი იციან საკუთარი პაროლები. თანაც, ტექნოლოგიას უკვე იყენებენ მსხვილი კომპანიები, მათ შორის Apple, Google, Microsoft და PayPal, რადგან მას უფრო უსაფრთხო ალტერნატივად მიიჩნევენ მომხმარებლების პერსონალური მონაცემებისა და საკრედიტო ბარათების ინფორმაციის შესანახად.
მიუხედავად ასეთი აქტუალურობისა, PassKey-ს გარკვეული დრო დასჭირდება პაროლების სრულად ჩასანაცვლებლად, რადგან პერსონალური მოწყობილობების 20%-ს არ აქვს წვდომა ბიომეტრიულ მონაცემებზე.