“ახალგაზრდული საზოგადოება პარსიფალი” — ასე ჰქვია ორგანიზაციას, რომელიც სოფელ მაწევანში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო სივრცეს ქმნის.
“პარსიფალი” ვ.ფ. ეშენბახის ეპოსის გმირია. ეს არის გმირი, რომელიც დაუღალავად, შეცდომების დაშვებით, თუმცა თამამად მიიწევს საკუთარი იდეალისკენ. მთელი ამ გზის განმავლობაში კი გამუდმებით სწავლობს. “ჩვენ ვართ თანამოაზრეთა სამეგობრო და ვცდილობთ, გვქონდეს მყარი ორგანიზაციული დისციპლინა. გუნდში ცხრა ადამიანი ვერთიანდებით. პროფესიულად ძირითადად, მოქმედი პედაგოგები, ფსიქოლოგები და სოციალური თერაპევტები გახლავართ”.
საგანმანათლებლო სივრცის იდეა იდეა ჯერ კიდევ პანდემიის საწყის ეტაპზე გაჩნდა, როდესაც მწვავე სიტუაციამ უფრო მეტად ამოატივტივა სოციალური პრობლემები, მათ შორის სრულფასოვანი განათლება… ამაზე უფრო ვრცლად “პარსიფალის” გუნდის წევრები გვიამბობენ.
M: გვიამბეთ, როგორ შეიკრიბეთ ეს 9 ადამიანი, რა გაერთიანებდათ გარდა ამ ერთი მიზნისა?
პათეტიკურად არ გაგვიგოთ და თავიდან უბრალოდ საერთო იდეალების გარშემო შევიკრიბეთ. ამ ინიციატივის გაჩენამდე ერთობლივად სხვადასხვა სახის ფილოსოფიურ, პედაგოგიურ და ანთროპოსოფიულ ლიტერატურაზე ვმუშაობდით, ხოლო ერთ დღესაც მივხვდით, რომ ათვისებული თეორიის პრაქტიკად ქცევის დრო იყო. უშუალოდ ამ ინიციატივისათვის კი შევქმენით სამუშაო ჯგუფი, სადაც ვმეცადინეობთ და ვამეცადინებთ ერთმანეთს. ვკითხულობთ ადამიანთმცოდნეობის გარშემო წიგნებს და ამავდროულად, ვეცნობით სხვადასხვა პედაგოგიურ დისციპლინებს.
M: როგორ დაიწყო ყველაფერი? როგორ მიხვედით იდეამდე, რომელსაც ახლა უკვე რეალობად აქცევთ?
ჩვენი აზრით, დისტანციურმა რეჟიმმა სწავლის პროცესი გახადა ერთფეროვანი და მოსწავლეებისთვის ნაკლები სიხარულის მომტანი. ამ პერიოდში სწავლებამ მიიღო მხოლოდ ინფორმაციის მიმოცვლის დანიშნულება და ჩამოშორდა მთავარს – ცოცხალ ურთიერთობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მეორე მხრივ, დავინახეთ, რომ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი დამატებით განათლებაზე, რომელთა საშუალებითაც მოსწავლეები კიდევ უფრო მეტად განამტკიცებენ სკოლაში მიღებულ განათლებას.
ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს “სადღეგრძელოსავით” თქმული ფრაზა “სანამ განათლება არ იქნება ნორმალური, არაფერი გვეშველება”, ისევ “სადღეგრძელოდ” არ დარჩეს და ვცდილობთ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ განათლების სფეროს განვითარებაში.
გარდა ამისა, იდეა დაიბადა ჩვენი აქტიური მსჯელობებიდან და იმის გააზრებიდან თუ რა ფორმები, პრინციპები არსებობს დღესდღეობით პედაგოგიკაში. დღევანდელი პედაგოგიკა უფრო მეტად ორიენტირებულია, მოსწავლეს დაამახსოვრებინოს წინასწარ ჩამოყალიბებული თეორიული ელემენტები. ამიტომ, ჩვენი აზრით, ხშირად მოსწავლე მხოლოდ საკუთარი მახსოვრობით არის ჩართული სასწავლო პროცესში. მას არ აქვს შანსი თავადვე გააცოცხლოს და აღმოაჩინოს სამყაროში არსებული ცოდნა. ამ ყველაფერზე ფიქრმა შთაგვაგონა, რომ დაგვეწყო პედაგოგიკის მიმართულებით მუშაობა და მოვედით ამ სოციალურ ინიციატივამდე.
M: იდეის ჩამოყალიბება და განსაზღვრა, თავისი მიზნით, ძალიან კარგია… თუმცა საინტერესოა, რა ნაბიჯების გადადგმა მოგიწიათ საწყის ეტაპზე?
თავდაპირველად, ჩვენი იდეა გავაცანით სოფელ მაწევნის ახალგაზრდებს. მნიშვნელოვანი იყო, მოგვესმინა, თავად რა სურდათ და საერთოდ, სურდათ თუ არა ასეთი სივრცის გაჩენა. ამ მოკვლევის პროცესში ბევრი საინტერესო ფაქტორი გამოიკვეთა და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, დავიწყეთ იდეის სტრუქტურირება, ფურცელზე გადმოტანა, პროექტად ჩამოყალიბება. პირველ ეტაპზე, ჩვენი ფინანსებით, შევიძინეთ მიწა, შევიმუშავეთ შენობის არქიტექტურული კონცეფცია და თანდათანობით დავიწყეთ პოტენციური დამფინანსებლების მოძიება. სკოლის მშენებლობა მცირე პირადი დანაზოგითა და ერთ-ერთი უცხოური ფონდის, ასევე მცირე ფინანსური მხარდაჭერით დავიწყეთ.
M: რა რესურსებს იყენებთ? მხოლოდ საკუთარს თუ გარკვეულ დახმარებასაც იღებთ რაიმე ორგანიზაციისგან?
დღეისათვის სკოლა ჯგუფის თითოეული წევრისა და ჩვენი მეგობრების ფიზიკური ჩართულობით შენდება. მშენებლობის პროცესში აქტიურად გვეხმარებიან სოფლის მაცხოვრებლები, მათ შორის ახალგაზრდები. რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, საკეთილდღეოდ, გამოჩნდა რამდენიმე უცხოური ფონდი, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენი პროექტის განხორციელებას და ფინანსურად დაგვეხმარა. გარდა ამისა, დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი სოციალური ქსელების მეგობრებმაც. ყველაზე დიდი მოტივაციაა, როდესაც ჩვენთვის უცნობი ადამიანები გვეკონტაქტებიან, თბილი სიტყვებით გვამხნევებენ და დახმარების სურვილს გამოთქვამენ.
M: თქვენი აზრით, რა შედეგი ექნება ამ ყველაფერს — საბოლოოდ რას მიიღებთ?
ვფიქრობთ, საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ზოგიერთი ბავშვისთვის სწავლა მხოლოდ კენწეროში არ გატკბილდება, არამედ თავად სწავლის პროცესი იქნება სიხარულის მომგვრელი და სასიამოვნო. ასევე, ვფიქრობთ, რომ არსებულ რეგიონში მოზარდებში განათლების მიმართ ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ხოლო, განათლების მიმართ ინტერესის გაზრდა მოზარდებს სამოქალაქო ცხოვრების სფეროში უფრო მეტი ჩართულობისკენაც უბიძგებს.
M: მოდით, სირთულეებზეც ვისაუბროთ, რადგან შეუძლებელია, ასეთ მასშტაბურ საქმეში რაიმე სახის დაბრკოლება არ არსებობდეს…
ხშირად მშენებლობის პროცესი გვიჩერდება, რადგან საკმარისი ფინანსები არ გვაქვს სამშენებლო მასალების შესაძენად. ეს ყველაფერი სკოლის მშენებლობის პროცესს უფრო მეტად ახანგრძლივებს.
არის მეორე სახის სირთულეც, რომელიც უფრო სასიამოვნო და საინტერესოა — ფიქრის და აზროვნების პროცესი ზოგადად მომავალი საშაბათ-კვირაო სკოლის კონცეფციის შესახებ… მიუხედავად იმისა, რომ უკვე განსაზღვრული გვაქვს პედაგოგიური მიმართულება, თუ როგორ და რა სახით ვაპირებთ ბავშვებთან მუშაობას, მაინც მუდმივად ისმის კითხვები: რას შევთავაზებთ ახალს და ღირებულს ჩვენს სკოლაში მოსულ ბავშვებს? როგორ ჩამოვაყალიბოთ სასწავლო გეგმა, რომ თითოეული საგანი ღირსეულად პასუხობდეს ბავშვის საჭიროებებს? როგორ მოვარგოთ ჩვენი სწავლების მეთოდი მოსწავლის განვითარების ბუნებრივ ხაზს? მიგვაჩნია, რომ ეს ჯანსაღი პროცესია. პედაგოგიკა არის სფერო, რომელშიც წინასწარ შეგიძლია ბევრი რამ დაგეგმო (მაგ. საგნის შინაარსი), თუმცა დიდი მნიშვნელობა აქვს ამ შინაარსის გაზიარების ფორმას. თუ გსურს, რომ სწავლების პროცესი იყოს ცოცხალი და მოსწავლისთვის საინტერესო, იმპროვიზაციისა და შემოქმედების უნარიც გმართებს, რადგან უნდა გაითვალისწინო იმ წამს, შენს წინაშე მდგომი ინდივიდები და მათი ინტერესები.
“ვაქციოთ სწავლა სიხარულის წყაროდ” — სწორედ ეს არის ჩვენი პედაგოგიური იდეალი და ამავდროულად, დიდი სირთულე, თუ როგორ მოვახერხებთ ამას.
M: დაბოლოს, როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
პირველ რიგში, სრულყოფილი და ჯანსაღი სკოლა უნდა შევქმნათ. მივიყვანოთ შენობა იმ ფაზამდე, რომ შემდგომ მასში სწავლება დაიწყოს. ასევე, სურვილი გვაქვს, სკოლის ეზოში ავაშენოთ ხის საწარმო-სახელოსნო. სოფელში არიან ახალგაზრდები, რომლებსაც დიდი სურვილი აქვთ პროფესიონალურად ისწავლონ ხეზე მუშაობა. ასევე, გარდა სასწავლო ფუნქციისა, ეს საწარმო-სახელოსნო დამატებითი ფინანსური შემოსავალი იქნება ჩვენთვის. უფრო შორეულ მომავალში, ჯგუფის წევრების დიდი ნაწილი, სოფელ მაწევანში ან მის მიმდებარედ ვგეგმავთ საცხოვრებლად გადასვლას. ასე უფრო ახლოს ვიქნებით ამ გარემოსთან და დროთა განმავლობაში შევძლებთ, ჩვენი სოციალური ინიციატივები ამ სივრცეში განვახორციელოთ და დავუკავშირდეთ ამ საქმიანობებს საკუთარი პროფესიული ცხოვრებით.