in ,

ფარული ბრძანება ანუ რეკლამა, რომელიც ყიდის!

tv-adროგორ შევადგინოთ რეკლამის ტექსტი ისე, რომ მოიზიდოს მყიდველი? ვისთვის მარტივი, ხოლო ვისთვის საკმაოდ რთული საკითხია. მარტივია მათთვის, ვის ცნობიერ და არაცნობიერ გონებაში მოიძებნება ნეიროლინგვისტური პროგრამირების (NLP) მიხედვით შედგენილი სასაუბრო სტრატეგიები და მანიპულაციები. დამეთანხმებით, რომ თუნდაც ერთ სიტყვას აქვს ძალა ჩვეულებრივი მსმენელი/მაყურებელი გადააქციოს ნამდვილ მყიდველად.  

არსებობს უამრავი სასაუბრო ტექნიკა, გნებავთ წინადადებების წყობის სტრატეგია, გნებავთ მანიპულაცია, გნებავთ ჯადოსნური მოდელირება ფრაზებისა, რომელიც შედგენილია ნეიროლინგვისტური პროგრამირების საფუძველზე და რომელიც უკვე დამკვიდრდა დასავლურ რეკლამასა თუ მარკეტინგში. თუმცა, დღეს ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ ერთ-ერთ ტექნიკაზე, რომელსაც შეგვძლია ვუწოდოთ ფარული ბრძანება ანუ ტექსტი, რომელიც ყიდის.

ფარული ბრძანების მაგალითები

კითხვაზე „იცი რა გადის დღეს კინოში“? უმეტეს შემთხვევაში მოპასუხე არ გეტყვით „ვიცი“, არამედ ჩამოგითვლით ყველა იმ ფილმს, რომელიც იცის, რომ გადის დღეს კინოთეატრში.

იცით,  რომ მხოლოდ ჩვენთან,  ერთი წყვილი ფეხსაცმლის შეძენისას თქვენ მიიღებთ 50%-იან ფასდაკლებას მეორე შენაძენზე? – ამ ერთი შეხედვით მარტივ კითხვაში საკვანძო სიტყვაა „იცით“.  NLP-ში ამას ეწოდება სიტყვა-ხაფანგი. ეს მართლა ხაფანგია მსმენელის გონებისთვის. მისი ცნობიერი გონება მაშინათვე იწყებს ფიქრს იცოდა ეს ფაქტი თუ არა. სხვა დანარჩენი ინფორმაცია კი, რომელსაც შეიცავს ეს ფრაზა, ყოველგვარი კრიტიკის გარეშე, სრული პოზიტივით ილექება არაცნობიერში. ასე ვთქვათ, იმაგრებს იქ ადგილს. როგორც კი მომხმარებელს დასჭირდება ფეხსაცმლის შეძენა, იქვე ამოტივტივდება ინფორმაცია მაღაზიის შესახებ, სადაც ეს კონკრეტული შეთავაზება გაჟღერდა.

ასეთი სიტყვა ხაფანგებია: იცით/იცოდით? გიფიქრიათ? გსმენიათ? გახსოვთ? აქცევთ ყურადღებას? გრძნობთ? ხედავთ? გესმით?

მაგალითად, თუ თქვენი იოგის ტრენერი ფლობს ამ ტექნიკას, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ის აუცილებლად გკითხავთ: ამჩნევთ, როგორ უმჯობესდება თქვენი მდგომარეობა და განწყობა ყოველი ვარჯიშის შემდეგ? თქვენი რეაქცია: აკვირდებით, ამჩნევთ თუ არა, ხოლო ის ფაქტი, რომ თქვენი მდგომარეობა უმჯობესდება ყოველი ვარჯიშის შემდეგ, უკვე მიიღეთ როგორც ჭეშმარიტება. და ნებისმიერ დროს, როცა კი მოგინდებათ მდგომარეობის ან განწყობის გაუმჯობესება, აუცილებლად მიაკითხავთ თქვენი იოგის კლასს და ტრენერს J

ამ ხრიკს საკმაოდ კარგად იყენებენ „ქოლგეითის“ რეკლამის შემქმნელები.

საკვანძო კითხვა რეკლამაში: „იცით თუ არა, რომ თქვენი ღრძილები და კბილები ახლა საფრთხეშია? … ბაქტერიების სიმრავლის გამო“, რასაც მოყვება ქოლგეითის თვისებების ქება.

შედეგი: ჩვენ ვფიქრობთ ვიცით თუ არა ეს ფაქტი, რომელიც ჩვენს არაცნობიერში განხილვის გარეშე დაილექა როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. გამოდის, რომ „ჩვენი კბილები მუდამ საფრთხეშია, ხოლო ქოლგეითი არის მხსნელი“ – უტყუარი ჭეშმარიტებაა.

 

ცნობილი ფაქტია, რომ სარეკლამო კამპანიებში NLP ტექნიკებს ხშირად იყენებს „მაკდონალდსი“. ეს რეკლამა, რომელსაც სულ მცირე 5 ჯილდო აქვს აღებული, გვახსენებს თუ როგორია ბავშვი ჩვენს შიგნით. და რამდენჯერაც ამის განცდა მოგვინდება, იმდენჯერ “მაკდონალდსი“ ამოტივტივდება ცნობიერში.

იგივე პრინციპით არის აგებული კოკა-კოლას ეს ცნობილი საახალწლო რეკლამის ტექსტი “Holidays are coming”

Something magic
In the night,
Can’t you see it
Shining bright?

 

თუმცა ამ რეკლამაში ტექსტთან ერთად იგივე წარმატებით არის გამოყენებული ვიზუალიზაცია, აუდიალური და კინესთეტიკური შეგრძნებების ნეირო-ტექნიკები, რაზეც სხვა დროს ვისაუბრებ.

სამწუხაროდ ქართულ რეკლამებში ამ ტენიკის გამოყენების მაგალითები ვერ აღმოვაჩინე. აქ უხვად არის პირდაპირი ბრძანების შემცველი ტექსტები: ჩაერთეთ, შეიძინეთ, ისარგებლეთ და ა.შ. თუ კი თქვენ მოგეპოვებათ ან გაიხსენებთ ქართულ მაგალითებს, სიმოვნებით მოვისმენთ.

ავტორი: ირინა ჭოჭუა



სპოტლაითი

თორნიკე გურული – საქართველოს ბანკი (Spotlight.ge)

ლიფი

მხოლოდ ნამდვილი სიყვარული შეხსნის ამ “ლიფს”