9
Feb
2018

როცა თქვენი ხელმძღვანელის ქცევა პასიურ-აგრესიულია!

9 Feb 2018

ხელმძღვანელის მანიპულატორული და გადაჭარბებულად კრიტიკული დამოკიდებულების გამო, არაერთი დასაქმებული განიცდის ფსიქოლოგიურ დისტრესსა თუ დეპრესიას. მენეჯერების მიერ, საკუთარი ცუდი ხელმძღვანელობის დადასტურება კი, ქცევაში გამოიხატება, როგორც პასიურ-აგრესიულობა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

პასიურ-აგრესიული ქცევა სხვადასხვა ფორმას იღებს, თუმცა როგორც წესი, მას აღწერენ, როგორც არავერბალურ აგრესიას, რომელიც ვლინდება ნეგატიურ ქცევაში. საკუთარი გრძნობების ღიად გამოხატვის ნაცვლად, ზოგიერთი ადამიანი ავლენს ძლივს შესამჩნევ, გამაღიზიანებელ ჟესტებს სხვა ადამიანის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარ ქცევას, ხშირად, წინასწარგანზრახულად ვერ შევაფასებთ და როგორც წესი, ეს არის ხოლმე  მარტოობისკენ მიდრეკილი, უიმედო ადამიანის გაუცნობიერებელი რეაქცია შფოთვაზე, მოცემულია სამი სტრატეგია, რომელიც ასეთ ხელმძღვანელთან კონსტრუქციული დიალოგისთვის გამოგადგებათ:

ჰკითხეთ მას: „მქონდა, თუ არა ყველანაირი საჭირო ინფორმაცია იმისთვის, რომ გადაწყვეტილება მე მიმეღო? ან „არსებობს ინფორმაცია, რომელიც თქვენ გქონდათ და მას შეეძლო ჩემი არჩევანის შეცვლა?“ – თქვენ მიმართ პასიურ-აგრესიული ქცევა უნდა აქციოთ გამოწვევად და ყველა გზა შეზღუდოთ იმისთვის, რომ ხელმძღვანელმა შეძლოს თქვენთან გაურკვეველი, მით უფრო, ნეგატიური კონტექსტის შემცველი ვერბალური თუ არავერბალური კომუნიკაცია. ეს არაფერში გჭირდებათ!
საინტერესოა, ალბათ, რა არის მიზეზი იმისა, რის გამოც, პასიურ-აგრესიული ქცევა დაიმსახურეთ. თუმცა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ როდესაც ამის გარკვევას დაიწყებთ, თქვენ საპასუხოდ იგნორს მიიღებთ ან ასეთ უკუკავშირს: „არ ვიცი, რას გულისხმობ!“. იმის ალბათობაც დიდია, რომ ეს გაგაღიზიანებთ, თუმცა ნუ წამოეგებით სატყუარას და თავადაც ქცევის ამ ფორმას ნუ მიმართავთ. გარდა იმისა, რომ ეს არ იმუშავებს, თქვენ მოგიწევთ საკუთარი ღირებულებების წინააღმდეგ წასვლა, თქვენ ხომ კომუნიკაციის სწორედ იმ გზას დაადგებით, რომელიც ასე გთრგუნავთ?!

შესაძლოა, ასეთმა ხელმძღვანელმა უპასუხოდ დატოვოს არა მარტო თქვენი შეკითხვები, არამედ თქვენ მიერ გაწეული სამსახურიც არაფრად ჩააგდოს. მიუხედავად ამისა, ნუ გააგებინებთ სხვებს, რომ თქვენ მეტს იმსახურებთ. ეს ისედაც იცის ყველამ და თქვენი თავშეკავებულობით, კიდევ უფრო დიდ აღიარებას მოიპოვებთ კოლეგებს შორის.

შეარჩიეთ ფორმა: პირდაპირ, კონფრონტაციაზე წასვლა პასიურ-აგრესიულ ბოსთან არის ძალიან დიდი რისკის შემცველი და დიდი შეცდომა. მაგალითად, როცა ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა საკუთარ ხელმძღვანელს: „ნუ იფიქრებთ, რომ მე ვერ ვხედავ, რას აკეთებთ. ვიცი ფაქტი, არ დაგვიწყებიათ შეხვედრა იმიტომ, რომ დავინახე, როგორ ჩაიწერეთ. თქვენი პასიურ-აგრესიული ქცევით ვერ გვატყუებთ“ – 1 კვირის შემდეგ ის დაითხოვეს. ამის საპირისპიროდ კი, საინტერესოა კიდევ ერთი თანამშრომლის ქცევა, რომელმაც აქცენტი გააკეთა არა პირად გრძნობებზე, არამედ პრობლემას ისეთი ფორმულირება მისცა, რომ ხელმძღვანელთან კონსტრუქციულ დიალოგს მიაღწია: „ჩვენს ბოლო რამდენიმე შეხვედრაზე შევნიშნე, რომ ჩემ მიერ შესრულებულმა სამუშაომ თქვენი სარკასტული კომენტარები დაიმსახურა, თუმცა ვერ მივხვდი, ამაზე იხუმრეთ, თუ რეალურად, მართლა ასე ფიქრობთ ჩემი მუშაობის ხარისხთან დაკავშირებით? თავიდან ვეცადე, არ მეფიქრა ამაზე, მაგრამ რადგან ეს უკვე რამდენჯერმე განმეორდა, უბრალოდ, მინდა, გადავამოწმო თქვენთან: იქნებ, გაქვთ იდეა, როგორ შემიძლია გავაუმჯობესო ჩემი მუშაობის სტილი? – დიდი სიამოვნებით მოგისმენთ“.

შესაძლოა, მიგაჩნდეთ, რომ სრულიად შეუსაბამო და ალოგიკურია იმ ადამიანის საკომუნიკაციო უნარების სწორად ფორმულირებაზე ფიქრი, რომელიც თქვენზე მეტ ფულს გამოიმუშავებს და გარდა ამისა, ძლიერი ზეგავლენა აქვს თქვენს კარიერულ მომავალზე. რაღაც დონეზე, ეს ასეც არის. თუმცა, ამ შემთხვევაში, თქვენ მოგიწევთ დაფიქრება: ახდენს, თუ არა კომპანიიდან მიღებული სარგებელი პასიურ-აგრესიულ ხელმძღვანელთან ურთიერთობაში დახარჯული დროისა და ენერგიის კომპენსაციას? – თუ პასუხი უარყოფითია, მაშინ ჯობს, ახალი ხელმძღვანელი ეძებოთ.



განხილვა