პასიურ-აგრესიული ქმედებები მეგობრობას მეტად დამაბნეველს ხდის. ცოტა რთულია იმგვარი უცენზურო კომენტარის გაშიფვრაც, რომელსაც ღიმილიანი სახით გეუბნებიან… თუმცა მსგავს საკითხთან გასამკლავებლად, ჯერ ამგვარი ქმედებების ამოცნობაა საჭირო, ამიტომ ახლა ყველაზე გავრცელებულ პასიურ-აგრესიულ ქმედებებზე გესაუბრებით:
არათანმიმდევრული კომუნიკაცია
როცა სიტყვები ქმედებებს არ ემთხვევა, დიდი შანსია, რომ პასიურ-აგრესიულები არიან. მაგალითისთვის, თუ ბოლო წამს დაგპატიჟებენ სადღაც და შემდეგ იქ გვიან მოვლენ ან უცბად დაავიწყდებათ თქვენთვის მისამართის მოწერა, ეს პასიური აგრესიაა.
რაღაცაზე დათანხმება კონფლიქტის არიდების მიზნით
შესაძლოა, გითხრათ, რომ თუ გარეთ გასვლას, სახლში ფილმის ყურებას ამჯობინებთ, არ ეწყინებათ, მაგრამ მათი ქმედებები საპირისპირო იყოს. გრძნობების გამოხატვის ნაცვლად, ისინი გაჩუმდებიან და ისეთი პასიურ-აგრესიული ქცევების გამოვლენას დაიწყებენ, როგორებიცაა დამცინავად საუბარი ან პროკრასტინაცია.
ბოროტი „ხუმრობების“ გამოყენება
განსაკუთრებით მიაქციეთ ყურადღება ღიმილით წარმოთქმული სიტყვების შინაარსს, ხშირად ასე ბრაზს გამოხატავენ და მას იუმორით ნიღბავენ.
არაკეთილგანწყობილი სახე
ქმედებების უეცარმა ცვლილებებმა, შესაძლოა, მეგობრის პასიურ-აგრესიულ განწყობებზე მიგითითოთ. ზოგჯერ ეს უხეშ და სარკაზმულ კომენტარებში ვლინდება, ზოგჯერ კი არავერბალურად, ყალბი ღიმილით.
გამოდის, ამგვარი ქმედებებით მეგობრები უარს ამბობენ იმის განხილვაზე, რაც რეალურად აწუხებთ და გრძნობებს სწორედ მსგავსი პასიურ-აგრესიული ქმედებებით გადმოსცემენ. მეორე მხარისთვის კი, უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ მტკივნეულია…
საიდან იღებს სათავეს პასიურ-აგრესიული ქმედებები?
კვლევები აჩვენებს, რომ პასიურ-აგრესიულობა პერსონალური თვისებაა და არა, ავტომატური რამ. ზოგიერთი ადამიანი კი ამას იმიტომ აკეთებს, რომ თავადაც ასე გაიზარდნენ. ზოგჯერ ეს გარემოებებზეცაა დამოკიდებული და კონტექტს დიდი მნიშვნელობა აქვს — შესაძლოა, თქვენს მეგობარს სტრესული სიტუაცია ჰქონდეს ცხოვრებაში და ასე სწორედ ამიტომ იქცეოდეს, იქნება ეს სამსახურის ცვლილება, განქორწინება, ქორწილის დაგეგმვა, ბავშვის ყოლა თუ საცხოვრებლის შეცვლა. ამიტომ ხან მათაც უნდა გაუგოთ…
ოღონდ ეს მისკომუნიკაციაში არ აგერიოთ — მისკომუნიკაცია შემთხვევითია და მაშინ ხდება, როცა ვიღაც ვერ გადმოსცემს იმას, რისი თქმაც რეალურად უნდა, ხოლო პასიურ-აგრესიული ქმედება გამიზნულია, სულ მცირე, მას პრობლემებზე საუბრის თავის არიდების მიზნით მიმართავენ. ხშირად ეს ოჯახიდან მოდის და ისე ხდება, რომ ვერც თავად აანალიზებენ. ამიტომ ამ ორის ერთმანეთისგან გასარჩევად, დაფიქრდით, რა განზრახვა შეიძლება, ჰქონდეს ნათქვამს, მხარდაჭერას ისახავს მიზნად თუ, პირიქით.
როგორ გავუმკლავდეთ პასიურ-აგრესიულ ქმედებებს?
ამგვარ ადამიანთან საუბარი დიდი თავის ტკივილია, თუმცა ამისთვის გარკვეული რჩევები გვაქვს:
ისაუბრეთ საკუთარი პოზიციიდან — გამოიყენეთ „მე“ განცხადებები. ისაუბრეთ საკუთარ გამოცდილებებზე. უმჯობესია, საკუთარ თავზე გაამახვილოთ ყურადღება და მეორე ადამიანს არ დააბრალოთ ყველაფერი.
ჩაუღრმავდით საკითხს — მტრული დამოკიდებულების საწყისების გამოვლენა არსებულ ვითარებას მეტად შეამსუბუქებს, ამიტომ, უთხარით მეგობარს, როგორ გაგრძნობინებთ თავს მათი ქმედებები, რომ მასთან ერთად გსურთ ამ პრობლემის მოგვარება.
თავი აარიდეთ მათი ენერგიის გაზიარებას — ადამიანური ბუნებაა, საპასუხო ქმედების დაბრუნება გსურდეს, მაგრამ შურისძიება კარგ სტრატეგიად არ გამოდგება. ნუ ესაუბრებით თქვენს საერთო მეგობრებს მათი ცვლილების შესახებ, უმჯობესია, პირადად დაელაპარაკოთ.
არ შეგეშინდეთ გაშვების — როცა ადამიანი პასიურ-აგრესიულია და არც ამის შეცვლას აპირებს, მტკივნეულია, თუმცა პროცესს ვერ გააკონტროლებთ. კონტროლი მხოლოდ მასთან ურთიერთობის წესებზე შეგიძლიათ, გქონდეთ, ამიტომ, თუ საჭირო გახდება, ნურც მისგან წასვლის და ნურც გაშვების შეგეშინდებათ.












