რამდენჯერ დაგვიწყებიათ პაროლი? თუ ყველგან ერთსა და იმავეს აყენებთ და ასე თავს „იზღვევთ“? თუ ისეთს აყენებთ, რომ არ დაგავიწყდეთ? მაგალითად, შვილის სახელს საყვარელ ციფრთან ერთად, მაგრამ ეს სხვებმაც შეიძლება გამოიცნონ და გარკვეულწილად გადარდებთ? ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, ტექნოლოგიურ გიგანტებსაც „მოჰბეზრდათ“ ეს და უკვე ალტერნატივაზე დაიწყეს მუშაობა. ალბათ, ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს უდავოდ კარგი ამბავია, რადგან მეხსიერების პრობლემები, განსაკუთრებით კოვიდის შემდეგ, ყველას გვაწუხებს…
გასულ წელს Google-მაც კი გამოაცხადა, რომ ისინი პაროლის მარტივ და მეტად უსაფრთხო ალტერნატივაზე Passkeys-ზე დაიწყებდნენ მუშაობას. და რახან 3 მაისი მსოფლიოში პაროლების დღეა, სწორედ ამ დროს გადაწყვიტეს Google Accounts-სა და სხვა მთავარ პლატფორმებზე პასკოდების დამატება. თუმცა მომხმარებლებს დამატებითი არჩევანიც ექნებათ — საუბარია, პაროლებზე, ორმაგ ვერიფიკაციაზე და ა. შ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ Passkeys დანერგვას ზუსტად ისე, როგორც ყველა სიახლეს, გარკვეული დრო დასჭირდება…
ასე მეტად სავარაუდო ხდება ის ფაქტი, რომ მომდევნო წლის 3 მაისს არც პაროლების გამოყენება და, მით უმეტეს, არც დამახსოვრება დაგვჭირდეს.
რა არის Passkey?
ეს ახალი გზაა აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე შესასვლელად. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლებს აღარ დასჭირდებათ ცხოველების სახელების, დაბადების დღის თარიღების ან სახელგანთქმული „პაროლი123“-ის დამახსოვრება. სანაცვლოდ, პასკოდები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მაგალითად აპლიკაციებში ზუსტად ისე შევიდნენ, როგორც თავიანთ მოწყობილობებში — თითის ანაბეჭდით, სახის სკანირებით ან ეკრანის დაბლოკვის პინით. პაროლებისგან განსხვავებით, პასკოდები მეტად გამძლეა ონლაინ შეტევების მიმართ, იქნება ეს ფიშინგი თუ სხვა რამ. იმაზე მეტად დაცულიც კია, ვიდრე შეტყობინების სახით მოსული ერთჯერადი კოდები…
მართალია, Google-მა პასკოდების გამოცდილება Chrome-სა და Android-ზე გასული წლიდანვე შემოგვთავაზა, მაგრამ უკვე იგი Google Account-ის მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ბუნებრივია, ვისაც სურს გამოცადოს, როგორია პაროლების გარეშე ცხოვრება. თუ თქვენც ამ პროცესში გინდათ ჩაერთოთ, მაშინ g.co/passkeys-ზე უნდა გადახვიდეთ. რაც შეეხება Google Workspace-ის ექაუნთებს, ამის საშუალება ადმინისტრატორებსაც მალე მიეცემათ…