ადრე რომ ყველაფერი უკეთესი ხარისხის იყო, ალბათ, ეს არაერთხელ გსმენიათ უფროსი თაობისგან, ახლა კი, როგორც ჩანს, ამ საკითხს Patagonia-ც ეხმიანება. გვეუბნებიან, რომ ბაზარზე არსებული პროდუქტების ხარისხი სულ უფრო უარესდება. ეს ყველაზე კარგად ტანსაცმელებში ჩანს, უმეტესობა პოლიესტერისგან მზადდება და მარტივადაც ფუჭდება. თუმცა არც ფეხსაცმელები მზადდება ტყავისგან, რის გამოც მისი შეკეთება რთულდება… მოკლედ რომ ვთქვათ, ბრენდები ისეთ ტანსაცმელებს გვთავაზობენ, რომლებიც რამდენიმე ჩაცმის შემდეგ, აღარ გადმოდგება. ამას კი Patagonia Shitthropocene-ის ეპოქას უწოდებს.
თუმცა მხოლოდ სახელი კი არ დაარქვა არამდგრად წარმოებას, არამედ 45-წუთიანი ფილმიც შემოგვთავაზა — გვიყვებიან გზაზე, რომელიც ტანსაცმელებმა გამძლე მასალებიდან გარემოსთვის საზიანო მასალების გამოყენებამდე გაიარა. მართალია, ასე მნიშვნელოვანი გზავნილი აქვთ მსოფლიოსთვის, რომ გარემო არ დააზიანონ და ჭარბ მოხმარებასაც არიდონ თავი, მაგრამ ამასთან, ხაზს უსვამენ Patagonia-ს ტანსაცმელების მაღალ ხარისხზე…
სწრაფი მოდის პიონერებად კი Zara და H&M ითვლება, მაგრამ მათ უამრავმა ბრენდმა მიბაძა, დაწყებული Target-იდან Gucci-მდე… ეს ტემპი სულ უფრო სწრაფი ხდება, რაც როგორც პატაგონიას ვიცე-პრეზიდენტი ალექს უელერი ამბობს, დაუყოვნებლივ ქმედებას მოითხოვდა — „სოციალურ მედიაში ჰიპერ მოხმარება ჩვეულებრივი ამბავი გახდა 2024 წელს, სწრაფი მოდა სულ უფრო იზრდება და ვიღაცამ ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“.
თუმცა ყველაფერს მთლად მოდის ინდუსტრიას ნუ დავაბრალებთ, ავეჯიც დიდ როლს ასრულებს, ტექნოლოგიური ბრენდებიც და მრავალი სხვა… რითაც სამყარო წარმოუდგენელი საფრთხის წინაშე დგება. ახლა კი Shitthropocene-ს დავუბრუნდეთ, ფილმი აღნიშნულ საკითხს მეტად გონივრულად, თუმცა ამასთან, იუმორით უდგება და ადამიანის ევოლუციის გზას გადის.
„საუბრები იმაზე, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს მოდას პლანეტაზე, უკვე გაცვეთილია. ჩვენ კი ისეთი რამ უნდა მოგვეფიქრებინა, რაც ადამიანებს უბიძგებდა, განსხვავებულად შეეხედათ ამ საკითხისთვის. ამიტომ, მას ადამიანების ბიოლოგიური განვითარების ლინზიდან შევხედეთ, დავაკვირდით, თუ როგორ იქცნენ ჰიპერ მომხმარებლებად, რაც ამ ამბავზე საუბრის წამოწყების საინტერესო გზა იყო“, — განმარტავს უელერი.
Patagonia ნამდვილად გამოირჩევა მდგრადი გადაწყვეტილებებით, მაღალი ხარისხის პროდუქტი აქვს, ისეთი დიზაინი, რომელიც კლასიკურია და მოდიდან არ გადადის, შეკეთების მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებლებს და გადამუშავების პროგრამებსაც, რითაც მრავალი ბრენდისთვის უნდა გახდეს მისაბაძი… თუმცა, სამწუხაროდ, აქაც გვაქვს ერთი მაგრამ — პატაგონიის მარკეტინგი კი საუკეთესოდ მუშაობს, მაგრამ თავისი წარმოებით უზარმაზარ ნახშირბადის კვალს ტოვებს!
მეორე მხრივ, ზედმეტ მოხმარებას თავი აარიდეთო კი გვეუბნება, მაგრამ მაგალითად 2011 წლის შავი პარასკევის კამპანია შეგვიძლია მოვიყვანოთ — Don’t Buy This Jacket-ის რეკლამით გაყიდვები 30%-ით გაზარდეს!
„ვიცით, რომ ანტისამომხმარებლო გზავნილების გავრცელებისას წინააღმდეგობაში მოვდივართ, მაგრამ ამასთან, გვწამს, რომ შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, სხვაგვარად დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებებზე და მოხმარების საკითხიც უფრო მკაცრად განიხილონ“, — აცხადებს ალექს ლოთერი, Patagonia-დან.