in

Patagonia – ბრენდი, რომელმაც ტრადიციული ბიზნესის წესები შეცვალა

მსოფლიოში ტანსაცმლის ათასობით ბრენდია, თუმცა მათგან მხოლოდ ნაწილი ახერხებს იმას, რომ უბრალოდ სამოსი კი არ გაყიდოს, არამედ გაატაროს თავისი ფილოსოფია, ცხოვრების წესი და ერთგვარი პროტესტი თანამედროვე მასობრივი წარმოების წინააღმდეგ. ერთ-ერთი ასეთია Patagonia, კომპანია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აერთიანებს ხარისხს, თავგადასავალს და გარემოზე ზრუნვას, რაც მას უნიკალურ ადგილს უნარჩუნებს გლობალურ ბიზნესსა და კულტურაში.

istoriebi
istoriebi

დამფუძნებელი: ივონ შუინარი

Patagonia-ს ისტორია იწყება ივონ შუინარის სახელით, ამერიკელი მთამსვლელის, მეწარმისა და გარემოსდამცველის. 1950-იან წლებში შუინარი თავად ამზადებდა მთამსვლელობის აღჭურვილობას, რადგან ბაზარზე არსებული პროდუქტები ან უხარისხო იყო, ან ბუნებას აზიანებდა. მისი მთავარი მიზანი არასდროს ყოფილა დიდი კომპანიის შექმნა, ის ცდილობდა, ეცხოვრა ისე, როგორც უყვარდა: კლდეებზე, ბუნებაში და მინიმალური ზიანი მიეყენებინა გარემოსთვის.

ეს მიდგომა გახდა Patagonia-ს საფუძველი: ბიზნესი, რომელიც ემსახურება არა მხოლოდ მოგებას, არამედ ღირებულებებს.

შოინარმა მშობლების ეზოში, ბურბენკში, პატარა სახელოსნო ააშენა და აქედან დაიწყო თავის ბიზნესზე მუშაობა. 1965 წელს, ტომ ფროსტთან პარტნიორობით, დააარსა კომპანია Chouinard Equipment. ერთად მათ კლდეზე ცოცვის თითქმის ყველა ინსტრუმენტი ხელახლა დააპროექტეს და გააუმჯობესეს, რათა ისინი უფრო ძლიერი, მსუბუქი, მარტივი და ფუნქციონალური გამხდარიყო. მათი დიზაინის მთავარი პრინციპი ფრანგი ავიატორის, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერისგან მომდინარეობდა: „ყველაფერში სრულყოფილება საბოლოოდ მიიღწევა არა მაშინ, როდესაც დასამატებელი აღარაფერია, არამედ მაშინ, როდესაც აღარაფერია მოსაცილებელი”.

ბრენდის დაბადება და განვითარების გზა

Patagonia ოფიციალურად 1973 წელს დაარსდა. მას წინ უძღვოდა საინტერესო ეპიზოდი – 1970 წელს შოტლანდიაში კლდეზე ასვლისთვის შოინარმა იყიდა რაგბის გუნდის სტანდარტული მაისური. მას ჰქონდა საყელო, რომელიც იცავდა კისერს აღჭურვილობის სამაგრებისგან დაზიანებისგან. როდესაც შტატებში დაბრუნდა, ამ მაისურს ხშირად ატარებდა და მეგობრები ეკითხებოდნენ, სად იყიდა. 

ეს გახდა ინსპირაცია შოინარისთვის, ჩამოეტანა ინგლისიდან რაგბის მაისურები და გაეყინა. მასთან ერთად ყიდდა შოტლანდიაში დამზადებულ საწვიმარ ქურთუკებსა და ავსტრიიდან ჩამოტანილ ხელთათმანებსა და ქუდებსაც. პარალელურად კი, თავისი წარმოებაც დაიწყო.

თავდაპირველად კომპანია აწარმოებდა ალპინისტურ აღჭურვილობას, თუმცა მალევე გადაერთო გარე აქტივობებისთვის განკუთვნილ ტანსაცმელზე. განსხვავებით სხვა ბრენდებისგან, Patagonia თავიდანვე აკეთებდა აქცენტს გამძლეობაზე, ფუნქციურობასა და ეთიკურ წარმოებაზე.

კომპანიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი იყო გადაწყვეტილება, უარი ეთქვა გარემოს დამაზიანებელ მასალებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფინანსურად ნაკლებად მომგებიანი ჩანდა. ამ ნაბიჯმა Patagonia აქცია ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მოთამაშედ.

გარემოზე პასუხისმგებლობა, როგორც ბიზნესმოდელი

Patagonia ცნობილია თავისი გარემოსდაცვითი ინიციატივებით. კომპანია წლების განმავლობაში არაერთ კამპანიას უძღვებოდა ბუნებრივი რესურსების დაცვის, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და პასუხისმგებლობიანი მოხმარების თვალსაზრისით. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ნაბიჯი იყო კამპანია „Don’t Buy This Jacket“, რომლითაც ბრენდმა მომხმარებლებს ზედმეტი მოხმარებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

მთავარი ისაა, რომ Patagonia-სთვის გარემოზე ზრუნვა არ არის მარკეტინგული ხრიკი, ეს მისი იდენტობის ნაწილია.

წარმატება ტრადიციული წესების გარეშე

და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ ის არ მისდევს ტრადიციულ წესებს, Patagonia-ს წარმატება იმითაც არის გამორჩეული, რომ ის არ ემორჩილება კლასიკურ კორპორაციულ მოდელებს. კომპანია ინარჩუნებს დამოუკიდებლობას, თანამშრომლებს სთავაზობს არასტანდარტულ სამუშაო კულტურას და მოგების მნიშვნელოვან ნაწილს გარემოსდაცვით პროექტებს ახმარს

2022 წელს ივონ შუინარმა კომპანიის საკუთრება სპეციალურ ფონდებს გადასცა, რათა Patagonia-ს მთელი მოგება მომავალშიც პლანეტის დაცვისთვის მოხმარდეს. ეს გადაწყვეტილება თანამედროვე ბიზნესის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თამამ და პრინციპულ ნაბიჯად ითვლება.

Patagonia დღეს

დღეს Patagonia გლობალური ბრენდია, თუმცა ის კვლავ არ შორდება საწყის ფესვებს. მისი ისტორია გვაჩვენებს, რომ როდესაც ბრენდი ღირებულებებზეა დაფუძნებული, ის მხოლოდ პროდუქტს კი არა, შთაგონებასაც ქმნის.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ სწავლობ ციფრულ მარკეტინგს GIPA-ში და როგორ იღებ შემოსავალს სტუდენტობისას?

რა სჭირდება ბიზნესს 2026 წელს AI-ტრანსფორმაციისთვის