in

„ის, ვინც კარგად კითხულობს, კარგად წერს, მეტყველებს, სწავლობს და აღიქვამს სამყაროს“ – პატარა მკითხველთა კლუბი

Startauperi
Startauperi
პატარა მკითხველთა კლუბი” თბილისში 2012 წლიდან არსებობს და მისი მიზანია ბავშვების გააზრებული სამკითხველო უნარების ჩამოყალიბება, წიგნისადმი სიყვარულის გაღვივება და გონებრივი განვითარება. წელს, კლუბმა ფუნქციონირება 7 ოქტომბრიდან დაიწყო და ამ დროისათვის, მასში 50 ბავშვია გაწევრიანებული. 4-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი პროგრამა რამდენიმე დონედ იყოფა, თითოეული დონე კი 8 თვიან სასწავლო პერიოდს მოიცავს. როგორია „პატარა მკითხველთა კლუბში” გაწევრიანების პირობები, როგორი პროგრამებითა თუ მეთოდებით ხდება სწავლება და რა სიახლეების შეთავაზება იგეგმება პატარებისთვის სამომავლოდ – ამ საკითხებზე მარკეტერს კლუბის შემქმნელი – თეა ქობალია ესაუბრა:
თეა ქობალია
M: როგორ შექმენით „პატარა მკითხველთა კლუბი”, როგორია მისი კონცეფცია და მიზანი?
ზღაპრების გმირების და პატარა სიუჟეტების მაკეტებს, მე და ჩემი შვილი, ხშირად ვაკეთებდით, რაც ყოველთვის დიდ სიხარულს ანიჭებდა მას. ხშირად მიფიქრია, სხვა ბავშვებისთვისაც გამეზიარებინა ეს გამოცდილება. ჩემი სურვილი, ნელ-ნელა, გარკვეულ სახეს იღებდა და 2012 წელს გამიჩნდა იდეა, შემექმნა პატარა მკითხველთა კლუბი. ადგილი, სადაც ბავშვები სიხარულით მოვიდოდნენ, შეიყვარებდნენ წიგნების კითხვას, გახდებოდნენ საიდუმლოებით მოცული ამბების მონაწილეები, თვითონ შეარჩევდნენ წიგნებს და გაუზიარებდნენ თანატოლებს საკუთარ მოსაზრებებს. სახლის სიმყუდროვე, სითბო და მეგობრული გარემო, საინტერესო ბიბლიოთეკა გამორჩეულად მიმზიდველს გახდიდა კლუბს. უნდა აღვნიშნო, რომ ის, ვინც კარგად კითხულობს, კარგად წერს, მეტყველებს, სწავლობს და აღიქვამს სამყაროს.
M: რა გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა კრიტერიუმების გათვალისწინებით შეიქმნა სამკითხველო პროგრამები და რა ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის ის განკუთვნილი? 
კონსულტანტების დახმარებით, შეიქმნა კითხვის პროგრამები 5-დან 12 წლის ბავშვებისათვის. თავდაპირველად, პროგრამები დაიწერა 3 ასაკობრივი ჯგუფისთვის. გამოცდილებამ აჩვენა, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად, მხოლოდ ერთი და იმავე ასაკის ბავშვების გაერთიანება იყო საჭირო. ამიტომ, შემუშავდა დამატებით კიდევ 2 პროგრამა სულ 5 დონე ( 5 , 6-7, 8, 9-10, 11-12 წელი). წელს, მომხმარებლების მოთხოვნის შესაბამისად, დავამატეთ მე-6 დონე, რომელიც განკუთვნილია 4 წლის ბავშვებისათვის. ამაჟამად, კლუბში გაწევრიანებული არიან 4- 12 წლის ბავშვები. 4 წლის ბავშვების პროგრამის შედგენის დროს, განსაკუთრებული ყურადრება გამახვილდა მათ ასაკობრივ თავისებურებებზე. პროგრამის სახელწოდებაა „გახსენი უჩვეულო ყუთი“. ყუთებში, რომლებიც ინდივიდვალურად ურიგდება ბავშვებს, მოთავსებულია სხვადასხვა საინტერესო ნივთი. თითეული ყუთის გახსნა დიდ ხალისს და გაოცებას იწვევს. ბავშვები თამაშ-თამაშით სწავლობენ ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროს, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს და ხდებიან კითხვის დროს აქტიური მსმენელები. 

M: როგორია კონკურენტული გარემო საქართველოში, სამკითხველო კლუბებთან დაკავშირებით და რა არის თქვენი უპირატესობა სხვა, მსგავს დაწესებულებებთან მიმართებაში?
თბილისში რამდენიმე ორგანიზაციას აქვს წიგნიერების წრეები. რეგიონებში, ასეთი პროგრამები თითქმის არ ფუნქციონირებს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს ჩვენი მომხმარებლების მიერ გამოხატული სურვილი, გავხსნათ პატარა მკითხველთა კლუბი რაიონებში. ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ სახეს ქმნის პოზიტიური გარემო, 6 დონიანი, დაწვრილებით გაწერილი ყოველკვირეული პროგრამები და რაც მთავარია, უნიკალური, შემოქმედებითი და პროფესიონალი პედაგოგები.
M: როგორია კლუბის სასწავლო პროგრამები და რა მახასიათებლები აქვს მას სწავლების ხანგრძლივობისა თუ ფასის მხრივ?
კლუბის სასწავლო პროგრამები შექმნილია სპეციფიკური სტრუქტურის მიხედვით. 2 საათიანი გაკვეთილები გაწერილია დროში და ისეთ აქტივობებს სთავაზობს ბავშვებს, რომლებიც აუმჯობესებს გააზრებული კითხვის უნარებს და მეტად სახალისო და საინტერესოა მათთვის. პროგრამები ბავშვზეა ორიენტირებული და მისი მსვლელობის დროს, პედაგოგები ითვალისწინებენ თითოეულის ინტერესსა და საჭიროებას. პროგრამის ნაწილს წარმოადგენს განსაკუთრებული სასწავლო გარემოს შექმნა, რაც საუკეთესო შედეგს იძლევა და ჩვენი კლუბის წევრებისთვის 2 საათიანი გაკვეთილები შეუმჩნევლად გადის. ამის დასტურს წარმოადგენს მათი სურვილი – უფრო დიდ ხანს დარჩნენ წიგნების გარემოცვაში. ფუნქციონირებს ასაკობრივი დონეების მიხედვით დაყოფილი ბიბლიოთეკა. ბავშვები  თავისი სურვილით ირჩევენ წიგნებს სახლში წასაკითხად. გაკვეთილი ტარდება შაბათს ან კვირას. ხანგრძლივობა – 2 საათი, ყოველთვიური გადასახადი კი 70 ლარია.
M: სად მდებარეობს „პატარა მკითხველთა კლუბი”, როგორ უნდა დარეგისტრირდნენ დაინტერესებული პირები და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
პატარა მკითხველთა კლუბის მისამართია: თბილისი, ზ. ფალიაშვილის 71 . გამომდინაე არსებული რეალობიდან, ჩვენ სამომავლო გეგმებში შედის დავაკმაყოფილოთ რეგიონების მოთხოვნები და გავხსნათ რამდენიმე დიდ ქალაქში „პატარა მკითხველთა კლუბის” ფილიალი. რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ ჩვენს facebook გვერდზე.

ვირტუალური კომფორტი თვითმფრინავში ეკონომ ბილეთების მქონე მგზავრებისთვის – KLM-ის უჩვეულო იდეა

მედეა ტაბატაძე – #პირველისამსახური