პარიზის ხელოვნების დეკორატიულმა მუზეუმმა რამდენიმე დღის წინ გამოფენა წარადგინა, რომელიც ყველა დროის ლიტერატურულ შედევს, ანტუან დე სენტ ეგზიუპერის “პატარა უფლისწულს” ეძღვნება.
გამოფენა სახელწოდებით à la rencontre du petit prince ექვსასზე მეტ ნამუშევარს აერთიანებს, რომლებიც ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის, როგორც მწერლის, პოეტის, ავიატორის, მკვლევრის არაჩვეულებრივი ცხოვრების მრავალ ასპექტს გამოხატავს. იმ ადამიანისადმი მიძღვნილი შოუგამოფენა, რომელსაც მთელი ცხოვრება ჰუმანური იდეალები ამოძრავებდა, 2022 წლის 17 თებერვალს გაიხსნა და 26 ივნისს დასრულდება.
გამოფენის კურატორი, ანნე მონიერი განმარტავს, რომ “პატარა უფლისწული” ყველასთვის კულტურული ღირებულებების მატარებელი წიგნია, თუმცა აღნიშნული გამოფენა მხოლოდ ნაწარმოებს კი არა, ზოგადად, ეგზიუპერის მრავლისმომცველი ბუნების გაცნობას ემსახურება, რომელიც, მისი აზრით, სწორედ ამ ნაწარმოებში საუკეთესოდ ვლინდება.
ამასთან, გამოფენის მიზანი ისიცაა, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ხალხს ავტორისა და წიგნის შესახებ. მაგალითად, ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ნაწარმოები, ფრანგული ლიტერატურის შედევრი, აშშ-ში დაიწერა და გაჟღენთილი იყო იდეებით, რომლებიც ეგზიუპერიმ სწორედ ამ ქვეყანაში მიიღო.
თავად მწერალს მხატვრობასთან ბავშვობიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. ნახატს ის როგორც ბავშვობასთან დაბრუნების, ისე არასწორი კომუნიკაციის თავიდან აცილების გზად მიიჩნევდა. მისთვის ენა არასოდეს იყო მხოლოდ სიტყვა, არამედ სიტყვა და ხატვა ერთად, რაც ბოლომდე გადმოცემული არის მიმდინარე გამოფენაზე.