in

„ანიმაციით შეგიძლია, შენი განუმეორებელი სამყარო შექმნა“ – „პატარა ხოჭოს“ ავტორი

„ანიმაცია ხელოვნების ის დარგია, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით, იძლევა საშუალებას, გააცოცხლო საკუთარი წარმოსახვა. შეგიძლია, შექმნა შენი განუმეორებელი სამყარო და რეალობა!“ელენე სებისკვერაძეს, რომელიც ერთწუთიანი ანიმაცია, „პატარა ხოჭოს“ ავტორია, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დამთავრებული აქვს არქიტექტურის ფაკულტეტი. მისმა ანიმაციამ ხორვატიაში, ერთწუთიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე, 49 ქვეყნიდან გაგზავნილ 450 ნამუშევარს შორის მთავარი პრიზი – ოქრო დაიმსახურა. 

„3 თვე ვმუშაობდი ერთწუთიან ფილმზე. ყველაფერი ჩემი გაკეთებულია, გარდა მუსიკისა, რომელზეც ჩემმა მეგობარმა, მუსიკოსმა სანდრო ჩინჩალაძემ (TeTe Noise) იმუშავა“. ამ ეტაპზე ანიმაციის გასაჯაროება შეუძლებელია, რადგან „პატარა ხოჭო“, ჯერჯერობით, საფესტივალო ცხოვრებას ეწევა. მარკეტერი ელენეს ესაუბრა ანიმაციის შექმნის მოტივაციაზე, ფილმის მთავარ პერსონაჟსა და მის შემდეგ გამოწვევებზე:

M:
 რა იყო „პატარა ხოჭოს“ შექმნის მოტივაცია?

ანიმაცია ხომ ხელოვნების თითქმის ყველა დარგს აერთიანებს და სწორედ ამან განაპირობა ჩემი ინტერესი სფეროს მიმართ. მინდოდა, შემექმნა ჩემი ფილმი, რომლის ავტორი, სცენარისტი, რეჟისორი, მხატვარ-ანიმატორი თავადვე ვიქნებოდი. მინდოდა, მომესინჯა საკუთარი ძალები და შესაძლებლობები. შექმნის პროცესი ძალიან შრომატევადი საქმეა, მოითხოვს ძალიან დიდ დროს, ნებისყოფასა და რაც მთავარია, დიდ სიყვარულს. „პატარა ხოჭო“ ჩემი პირველი ანიმაციური ნამუშევარია და შესაბამისად, ხორვატიის ფესტივალიც ჩემთვის პირველი საფესტივალო გამოცდილება და გამარჯვება იყო.

M:
 როგორ შეარჩიე ფილმის მთავარი პერსონაჟი?

რა თქმა უნდა, ფილმის მთავარი პერსონაჟი, არ არის შემთხვევითი გმირი. გარდა იმისა რომ ხოჭო ულამაზესი მწერია, მას ძალიან დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში. ჩემი პატარა ხოჭო ვიზუალურად არის ჭრელი და ფერადი. ყვავილებიანი მდელო არის მისი შეფერილობა, რომელიც ხოჭოს მოძრაობის დროს გამუდმებით იცვლება. ყვავილებიანი მდელო პატარა ხოჭოსთვის ყველაზე ორგანული და საოცნებო გარემოა. ჩემი პერსონაჟი, ყოველთვის, სადაც უნდა იყოს, სულ თან დაატარებს თავის სამყაროს.

M: რა არის ფილმის მთავარი გზავნილი?
ფილმი სიცოცხლისა და გადარჩენისთვის ბრძოლაზეა. პატარა ხოჭო ძალიან რთულ ცხოვრებისეულ გზას გადის. ვფიქრობ, ფილმის სიუჟეტი არის ძალიან მარტივი და ყველასათვის ნაცნობი, გასაგები, ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი. მგონია, რომ ძალიან ბევრი კუთხიდან შეიძლება ჩემი ფილმის დანახვა და გააზრება. ამაში კი სხვადასხვა კატეგორიისა და ტიპის მაყურებლის რეაქცია, ემოცია და შეფასებები კიდევ უფრო მარწმუნებს.

M: თუ ექნება „პატარა ხოჭოს“ გაგრძელება?
ჩემი ერთწუთიანი ფილმი თავის თავში მთლიანად დასრულებული ნამუშევარია. თუმცა, ამავდროულად, სიუჟეტი გაგრძელების საშუალებასაც იძლევა. დავწერე ფილმის მეორე ნაწილის განვითარების კონცეფცია და ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცხადებული ანიმაციური ფილმის პროექტის განვითარების კონკურსში, პროექტი „პატარა ხოჭო“ ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ამჟამად ვმუშაობ ფილმის სცენარის მეორე ნაწილზე.მეორე ნაწილით მინდა, ვთქვა, რომ ცხოვრების მიერ მოვლენილი ყველაზე რთული განსაცდელიც კი შეიძლება ჩვენი განვითარებისა და წინსვლის წინაპირობად იქცეს. განსაცდელმა შეიძლება დაგვასუსტოს ან პირიქით, იმდენად გაგვაძლიეროს, რომ ახალი უნარები და შესაძლებლობები აღმოგვაჩენინოს საკუთარ თავში. ფილმში ძალიან დიდ როლს თამაშობს გარემო ფაქტორები. გარემო, რომელიც პირველ შემთხვევაში დიდ განსაცდელში ჩააგდებს პატარა ხოჭოს, მეორე შემთხვევაში კი დაეხმარება გადარჩენაში.

M: როგორია „პატარა ხოჭოს“ საფესტივალო ცხოვრების შემდეგი ეტაპი?
„პატარა ხოჭო“ კანადის ანიმაციური ფილმების ფესტივალზეც მოხვდა. მაქვს მოწვევა და რა თქმა უნდა, ვაპირებ დასწრებას. კანადის ანიმაციური ფილმების ფესტივალი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ანიმაციურ სამყაროში. შესაბამისად, ჩემთვის უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ „პატარა ხოჭოს“ სწორედ ამ საკონკურსო პროგრამაში ვიხილავთ.

ჯიპიაი ჰოლდინგი ყველაზე სწრაფებს ეძებს!

ტყუპების მსგავსების წინაშე Face ID სრულიად უძლური აღმოჩნდა – ექსპერიმენტი iPhone X-ზე