in

პატარა ყავისფერი აბი, შესაძლოა Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმაროს

პრეპარატს გამუდმებით ადევნებენ თვალს, აკონტროლებენ მთელი რიგი დაავადებების პროგრესირებასა და გვერდით მოვლენებს

ამბავი იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გახდეს Covid-19-ის მკურნალობის შემდეგი მნიშვნელოვანი მიღწევა, 2020 წლის იანვარში, სასტუმროს დერეფნის იატაკზე დაიწყო. ამ დროს, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ არაფერი იცოდით ვირუსის არსებობის შესახებ.

M2
M2

ემორის წამლის განვითარების ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯორჯ ფეინთერი და Ridgeback Biotherapeutics-ის აღმასრულებელი დირექტორი, ვენდი ჰოლმენი სან-ფრანცისკოში გამართულ ღონისძიებაზე მოლნუპირავირის შესახებ საუბრობდნენ – ჯერ საკონფერენციო დარბაზში, შემდგომ კი დერეფნის იატაკზე. როგორც ჩანს, ბევრისათვის დამღლელი აღმოჩნდა მათი ენთუზიაზმით სავსე საუბარი…

დამაიმედებელი პრეპარატი, რომელიც ემორის უნივერსიტეტეში შეიქმნა, თავდაპირველად გრიპის წინააღმდეგ იყო განკუთვნილი. შემდეგ კი, მეცნიერებმა გადაწყვიტეს, მისთვის უფრო ფართომასშტაბიანი დატვირთვა მოეძებნათ და დაკვირვებოდნენ, რამდენად მოქმედებდა პრეპარატი ებოლას შემთხვევაშიც. ბევრი მეცნიერი მას აფასებს, როგორც ფართო სპექტრის ანტივირუსულ პრეპარატს, რომელიც მთელი რიგი საფრთხეების წინაშე საკმაოდ ეფექტურია.

სწორედ ამ ახალ ექსპერიმენტსა და მცდელობას დაემთხვა კორონავისურის პანდემიის სწრაფი პროგრესირება. 19 მარტს “სამყარო გაჩერდა” და აშკარა გახდა, რის წინააღმდეგ იყო ბრძოლა საჭირო… ამიტომაც, მოლნუპირავირს კიდევ ერთი პოტენციური შესაძლებლობა მოუძებნეს – Merck & Co.-მ, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის განვითარების მდიდარი წარსული აქვს, პრეპარატის ყიდვასა და მასშტაბური გამოკვლევების ტიპების დაწყებაზე დადო ხელშეკრულება.

ხშირია შემთხვევები, როდესაც რაიმე ძლიერი პრეპარატის მიღებას მრავალი უკუჩვენება ახლავს – “თუ გადახედავთ პრეპარატებს, რომლებსაც ვირუსების საწინააღმდეგოდ ქმნიან, ნახავთ, რომ სანაცვლოდ აივ ინფექცია, C ჰეპატიტსა და ჰერპესს იღებთ. ყოველი მათგანი ქრონიკული ინფექციაა. ეს კი გრძელვადიან თერაპიას ნიშნავს” – ამბობს ეშლი ბრაუნი, ფლორიდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის თერაპიული ინოვაციების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი.

თანაც, ნუ დავივიწყებთ, რომ ყოველი ჩვენი მცდელობა, წამლით დავამარცხოთ ვირუსი, სასიკეთო შედეგთან ერთად, საფრთხის შემცველიცაა. ამ დროს ვირუსი ააქტიურებს თავდაცვის მექანიზმს და გადასარჩენად მუტაციას განიცდის. ამიტომაც საჭიროებს პრეპარატი მრავალგვარ გამოკვლევასა და დაკვირვებას. ამ შემთხვევაში კი, მიუხედავად ზემოთხსენებული სავარაუდო საფრთხისა, მოლნუპირავირის შემქმნელები იმედოვნებენ, აბების მიღება რაიმე გვერდით მოვლენას არ გამოიწვევს.

ვიდრე მოლნუპირავირი დაფინანსებას მოიპოვებდა, საკმაოდ ხანგრძლივი გზა განვლო. ჩატარდა უამრავი კვლევა, რომლის ფარგლებშიც, ნეგატიური შედეგებიც კი იყო. მაგალითად, კომპანიამ – სახელწოდებით Pharmasset Inc. – მოლნუპირავირის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტის გამოკვლევა საუკუნის დასაწყისში დაიწყო, თუმცა ეს პროცესი მალევე შეწყვიტა, რადგან ის მუტაგენური აღმოჩნდა – მას გარკვეული დეფექტების გამოწვევა შეუძლია.

ამის შემდეგ, საჭირო იყო პრეპარატის კიდევ უფრო დახვეწა და განვითარება, რაც ემორის უნივერსისტეტის მკვლევართა თქმით, შესრულდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, მოლნუპირავირის ირგვლივ გამუდმებით სხვადასხვა მოსაზრებაა. მაგალითად, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მკვლევრებმა კვლავ წარმოადგინეს წამლის ძირითადი ინგრედიენტების კვლევა – მათი თქმით, პრეპარატის მოხმარებას გარკვეული შეზღუდვა სჭირდება. ის უნდა მოიხმაროს მხოლოდ მან, ვისთვისაც მეტად აუცილებელია და სასიცოცხლო სარგებლის მოტანა შეუძლია. ეს კი უცნობი, გრძელვადიანი რისკების გამო ხდება, რომლებიც დნმ-ის მუტაგენის სისტემურ ზემოქმედებასთანაა დაკავშირებული.

ამის პარალელურად კი, ნიკოლას კარსონი, Merck & Co.-ს უფროსი ვიცე-პრეზიდენტი კომპანიის ინფექციური დაავადებებისა და ვაქცინების კლინიკური კვლევების საკითხებში, ამტკიცებს, რომ პრეპარატი მუტაგენური არ არის. ეს ხანგრძლივი ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე დგინდება, როდესაც მღრღნელებს უფრო დიდი დოზები შეუყვანეს, ბევრად ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე ეს ადამიანისთვისაა საჭირო.

ქიმიური ნაერთი, რომელსაც მოლნუპირავირი ემყარება – C9H13N3O6, ან N4- ჰიდროქსიციტიდინი, უკვე ათწლეულებია რაც ცნობილია. პრეპარატი რეპლიკაციის, ასლის შექმნის პროცესში ერევა და მძიმე ინფექციის საშიშროებას ანეიტრალებს. მართალია, მოლნუპირავირი ვირუსს გამრავლებისგან არ ზღუდავს, თუმცა ის ვირუსის რიბონუკლეინის მჟავაში პრობლემებს აჩენს, რომელიც მას საბოლოოდ უფუნქციოს ხდის.

პრეპარატს გამუდმებით ადევნებენ თვალს, აკონტროლებენ მთელი რიგი დაავადებების პროგრესირებასა და გვერდით მოვლენებს. ასევე, იკვლევენ, მოლნუპირავირის მიღების მიუხედავად, რამდენად შეიძლება მოხვდეს კოვიდის სხვადასხვა სტადიაზე მყოფი პაციენტი საავადმყოფოში. დაკვირვების შედეგები საკმაოდ საიმედოა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ რაიმე დაზუსტებით ითქვას.

როდესაც მედიკამენტი საკმაოდ მოკლე დროში უნდა იქცეს სრულყოფილ ნიმუშად, შიში სრულიად ბუნებრივია. ასეთ დროს გვიწევს, ორიდან ერთი მხარე ავირჩიოთ და გადავწყვიტოთ, რომელს ვენდობით? – პრეპარატს თუ მის ირგვლივ გავრცელებულ პოტენციურ საფრთხეებს… თუ გადაწყვეტილების მიღებაში ისეთი დიდი პიროვნების აზრი, როგორიც ამერიკელი იმუნოლოგი რიკ ბრაითია, თქვენთვის მნიშვნელოვანია, გეტყვით, რომ ის ნდობას უცხადებს წამლის მწარმოებელს და შესაბამისად, თავად მოლნუპირავირს. თანაც, როგორც ცნობილია, Merck & Co. ყოველთვის წყვეტს ისეთ ექსპერიმენტებსა და პროექტებს, რომლებშიც მონაცემები ბუნდოვანია – კომპანია მეტისმეტად “კონსერვატორია” რისკების თვალსაზრისით… ადრეული მონაცემები კი პრეპარატის არამუტაგენურობას ამტკიცებს.

საბოლოოდ, თუკი მოლნუპირავირი გრძელვადიან პერსპექტივაში უსაფრთხო აღმოჩნდა, კომპანია ირწმუნება რომ წლის ბოლოსთვის 100 მილიონი აბის წარმოებას შეძლებს, რაც 10 მილიონი ადამიანი სამკურნალოდ საკმარისია.

წყარო: Bloomberg.Com

კვლევა – მენეჯერის პოზიციის დაკავება ყოველთვის წინსვლას არ გულისხმობს

ლიკა მერაბიშვილი – ინგლისური ენისა და ფსიქოლოგიის ლექტორი, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, აქტივისტი