in

როგორ იქცნენ ქართველი პატიმრები მცირე მეწარმეებად – ონლაინ მაღაზია, სადაც მსჯავრდებულთა მიერ შექმნილი ნივთების შეძენას შეძლებთ

ცნობილი ფაქტია, რომ პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას, განტვირთვისა თუ შემოქმედებითი მოთხოვნილებების შედეგად, ხშირად ეუფლებიან და მიმართავენ ხელსაქმეს. მათ მიერ დამზადებული ნივთების რეალიზების წესი საქართველოში, 2016 წლამდე არ იყო კანონით გათვალისწინებული. დღეს კი, უნდა მოგიყვეთ ამბავს იმის შესახებ, თუ როგორ იქცნენ ქართველი პატიმრები მცირე მეწარმეებად და როგორ იყენებენ ისინი საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციო არხად ონლაინ მაღაზიას.

 

2016 წლის ივნისი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივის შედეგად, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს, რომლებიც სასჯელაღსრულების ან პენიტენციურ დაწესებულებებში იმყოფებიან, საშუალება აქვთ გამოიყენონ ელ. კომერციის ხერხი, საკუთარი ნაწარმის რეალიზებისთვის. საიტი სამინისტრომ საკუთარი ხარჯებით დაამზადა და დღემდე უზრუნველყოფს პროდუქციის ტრანსპორტირებასა და ვებგვერდზე განთავსებას. პროდუქციის ფასებს პატიმრები საზღვრავენ, რაც შეეხება შემოსავალს, იგი დაბეგვრის გარეშე ირიცხება მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე, თანხის გამოყენება კი სასჯელაღსრულების დაწესებულებაშივეა შესაძლებელი. რა მნიშვნელობა აქვს ინიციატივას მსჯავრდებულთა დასაქმებისა თუ რესოციალიზაციის კუთხით და როგორია ონლაინ მაღაზიის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო თუ ყოფითი დეტალები – ამ საკითხებზე მარკეტერს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი – ალექსანდრე დარახველიძე ესაუბრა: 

M: როგორია პატიმრების მიერ დამზადებული ნივთების ელ. კომერციის გამოყენებით რეალიზების შესაძლებლობის მნიშვნელობა? რა როლს თამაშობს ეს ინიციატივა მსჯავრდებულების გათავისუფლების შემდეგ, რესოციალიზაციის კუთხით?
ყველასთვის ცნობილია, რომ დაწესებულებაში მუდმივად ხდებოდა სხვადასხვა ტიპის საინტერესო ნაკეთობების შექმნა. უამრავი ნივთი საკმაოდ კარგი ხარისხის იყო, თუმცა, მუდმივად არსებობდა ნივთების რეალიზების პრობლემა. ჩვენ სამინისტროში, ამ საკითხთან დაკავშირებით, მუდმივად მიდიოდა მუშაობა და გადავწყვიტეთ, რა თქმა უნდა, მინისტრის უშუალო ჩართულობით, რომ შემუშავებულიყო ონლაინ მაღაზიის კონცეფცია, რომელიც საშუალებას მიცემდა მსჯავრდებულებს, ბაზარზე გაეტანათ ნაწარმი. საქმიანობის შესაძლებლობა და ხარისხი, რა თქმა უნდა, ყველა ციხეში სხვადასხვაა, თუმცა, მათ აქვთ საშუალება გარკვეული სახის პროდუქცია შექმნან და გაყიდონ. ერთი მხრივ, ეს კარგია მოტივაციისთვის – მათ შეუძლიათ შემოსავალი მიიღონ, მეორე მხრივ კი, ეს მათ ეხმარება გარკვეული პროფესიის დაუფლებაში. ვინაიდან, ამგვარი მუშაობა ხელს უწყობს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მსჯავრდებულებს, გათავისუფლების შემდეგ, ხშირად ეხმარება შემოსავლის წყაროს მოძიებაში. ამიტომ, ეს ინიციატივა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.

M: რა პროცედურები გაიარა იდეამ საკანონმდებლო დონეზე?
რა თქმა უნდა, კანონის შეცვლის გარეშე ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელი იყო. საქართველოს პარლამენტმა დაუჭირა მხარი ცვლილებათა პაკეტს. 2016 წლის 27 აპრილს, შევიდა ცვლილებები კოდექსში, რომელმაც მისცა მსჯავრდებულებს, ერთი მხრივ, ინდივიდუალური საქმიანობის – დაწესებულების შესაბამის სივრცეებში ასეთი ტიპის ნივთების დამზადების საშუალება და მეორე მხრივ, სამინისტრომ აიღო ვალდებულება, რომ შეექმნა ონლაინ მაღაზია, საიტი სადაც მოხდებოდა ამ ნამუშევრების განთავსება და გასხვისება. 2016 წლის 1 ივლისიდან შევიდა ეს ნორმა ძალაში. ამ დროისათვის, უკვე დამტკიცებული იყო შესაბამისი მინისტრის ბრძანება, რომელმაც დეტალურად დაარეგულირა ონლაინ მაღაზიის მუშაობის წესი და პირობები.

M: თუკი მოქალაქე რაიმე ნივთის/ნაწარმის რეალიზებას ახდენს, მასზე მოქმედებს საგადასახადო კანონმდებლობა. რა ხდება პატიმრების შემთხვევაში?
მათ ვაძლევთ საშუალებას, რომ დარეგისტრირდნენ, როგორც მცირე მეწარმეები და პლუს ამას, ისინი ყოველგვარი გადასახადისაგან თავისუფლები არიან. 

M: როგორია პატიმრების მცირე მეწარმეებად რეგისტრირების, ან გაყიდული ნაწარმიდან შემოსავლის მიღების პროცესი?
ეს პროცესი დაწესებულებაში ყოფნისას ხდება. ჩვენ ვთხოვეთ ფინანსთა სამინისტროს, ისინი ძალიან აქტიურად გამოეხმაურნენ ჩვენს ინიციატივას და მოთხოვნის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანამშრომლები მიდიან დაწესებულებაში და ძალიან მარტივად, ახდენენ პირის მცირე მეწარმედ რეგისტრაციას. ამის შემდგომ, მას გამზადებული პროდუქცია შეუძლია მიაწოდოს ჩვენს სოციალურ სამსახურს, რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ნაწარმის ტრანსპორტირებასა და განთავსებას ონლაინ მაღაზიაში. გაყიდული პროდუქციიდან შემოსული თანხა პირდაპირ, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, ირიცხება მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე. ანუ მსჯავრდებული ყიდის ამ პროდუქტს და იღებს პირად ანგარიშზე თანხას.

M: ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულების და ნებისმიერი კატეგორიის პატიმარს შეუძლია ისარგებლოს ამ ონლაინ მაღაზიით, როგორც ნაწარმის სარეალიზაციო არხით, თუ არის გარკვეული შეზღუდვები?
საქართველოს კანონმდებლობა არ კრძალავს კონკრეტული მსჯავრდებულებისგან ამ სერვისში ჩართვას, თუმცა, ბუნებრივია მაღალი რისკის მჯავრდებულებს, რომლებიც დახურულ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს, ყველა ტიპის საქმიანობაზე ხელი არ მიუწვდებათ. მაგალითად, როდესაც გარკვეული ნივთების დამზადება დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის მჭრელ საგნებთან. ამ შემთხვევაში, კონტროლი მეტია, თუმცა ჩართვის საშუალება აქვს ყველა კატეგორიის პატიმარს, ყველა დაწესებულებაში. ჩვენი სოციალური სამსახური მათ დეტალურ ინფორმაციას აწვდის ამ სერვისის შესახებ.

M: თუ გაქვთ შემუშავებული გარკვეული სტრატეგია, ონლაინ მაღაზიასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით?
მოგეხსენებათ, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვის პრინციპები ასეთი ტიპის ღონისძიების ფართო მასშტაბით დაფინანსებას არ ითვალისწინებს, მაგრამ არსებული ურთიერთობის ფარგლებში, მუდმივად ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია. 

M: რა გამოწვევების წინაშე დგახართ ამჟამად? როგორია ონლაინ მაღაზიის განვითარებასთან დაკავშირებული ხედვა და გეგმები? 
ონლაინ მაღაზიის პრინციპი არის ის, რომ მაქსიმალურად მოქნილი და სწრაფად ხელმისაწვდომი იყოს მომხმარებლისთვის. დღეისათვის, გარკვეული შეფერხებები არსებობს ამ მიმართულებით, თუმცა, უკვე დასასრულს მიუახლოვდა მოლაპარაკებები ბანკთან, რომელიც გვპირდება, რომ სწრაფი ონლაინ გადარიცხვებით შესაძლებელი იქნება ამ პროდუქციის გასხვისება. გარდა ამისა, თუკი მომხმარებლის მხრიდან იქნება დაინტერესება, ვფიქრობთ, რომ საკურიერო მომსახურეობაც შევიტანოთ ამ სერვისში, რომ სახლიდან გაუსვლელად, ნებისმიერ ადამიანს შეეძლოს პროდუქციის მიღება. საკურიერო მომსახურეობა, ბუნებრივია, დამატებით თანხებთან არის დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ამას პატიმარი ვერ გაიღებს. გვაქვს მოლაპარაკებები შესაბამის საკურიერო ფირმებთან, რომლებიც ფიქრობენ, რომ დამატებით გარკვეული შეღავათები შესთავაზონ მომხმარებლებს, ამიტომ, ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. 

„ვარჯიში მარტო ოფლის ღვრა არაა!“ – სპორტ დარბაზი განსხვავებული კონცეფციით – MG Fitness რუსთავში

ვინ არის რაინდი, რომლის ფოტოებიც ქართულ ინტერნეტ სივრცეში ვირუსულად გავრცელდა?!