ბოლო დროს დაწყებულ სარეკლამო ”ორთაბრძოლას” არც სააგენტო ”პატიო-არტი” ჩამორჩა. ”თიზინგის” ბოლოს აღმოჩნდა, რომ ერთ რგოლში თავმოყრილი სამი მუშკეტერი, ლაბრადორი და მელოტი კაცი, ერთად ითხოვდა დახმარებას.
ამ ექსპერიმენტს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ძირითადად, კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია. კომპანიაში აქვთ ამბიცია მომხმარებლებს სრული სარეკლამო მომსახურება შესთავაზონ. ამბობენ, რომ არც კრიტიკა იყო მათთვის მოულოდნელი.
დავით კუპატაძე (”პატიო-არტის” კრეატივ დირექტორი): არაერთგვაროვან შეფასებებს არ გავუკვირვებივართ. მეტიც, ველოდით, რომ იქნებოდა კრიტიკა. თუმცა, ვიღებთ, მხოლოდ – ჯანსაღს.
ვიდეო რგოლები შედგებოდა 2 ნაწილისაგან: პირველი –”თიზერი”, რომელიც ბოლომდე სათქმელს არ ამბობდა. შინაარსი იყო ის, რომ სამი მუშკეტერი და მამაკაცი ძაღლით, მიდიოდნენ სადღაც…
ამ რგოლმა მოიპოვა ცნობადობა, ბევრი კითხვა და მითქმა–მოთქმა გაჩნდა. იყო აზრიც, რომ ეს რგოლი კონკურენტმა კომპანიებმა დაგვიკვეთეს. ვითომ, დაიწყო მარკეტინგული ომი და ა.შ.
მეორე ნაწილი კი იყო იუმორისტულად გადაწყვეტილი. ვითომ, შეწუხებული ადამიანები (კომპანიები) ითხოვდნენ ჩვენგან დახმარებას, იმისთვის, რომ მათი პროდუქტი დაზარალდა. ამ იუმორისტულ სკეჩს არ ჰქონია არავითარი მხატვრული ღირებულება.
კარგად ვიცოდით, რომ ამ მიმართულების ვიდეოებით აღიარებას ვერ მოვიპოვებდით. ეს სარეკლამო რგოლები, რომლებმაც ინტერნეტში აჟიოტაჟი გამოიწვია, გადავიღეთ ერთგვარად ხუმრობით. თავისუფალ დროს, იმ პროცესში, სანამ ჩვენი საიმიჯო რგოლის გადაღება მიმდინარეობდა, რომელიც ვებ-გვერდზეა განთავსებული.
თუ მიაღწიეთ სასურველ შედეგს და რატომ ფიქრობთ ასე?
შედეგს რაც შეეხება, მიღწეულია. ამ ვიდეობისა და ახალი ვებ-გვერდის გაშვების შემდეგ მოგვმართეს ახალმა ორგანიზაციებმა, რომლებთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებთ. იმ კომპანიებმა, კი რომლებიც ადრეც ჩვენი დამკვეთები იყვნენ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მიმართულებით გვაძლევდნენ შიდა ტენდერებში მონაწილეობის მიღების უფლებას, ჩვენთან თანამშრომლობა ახლა უკვე სხვა პროფილით გადაწყვიტეს.
ბოლო დროს თქვენი ”გაკეთებული” რამდენიმე სატელევიზიო რგოლით თუ ვიმსჯელებთ, ”პატიო-არტი” პროფილს იცვლის.
„პატიო-არტმა“ დაამატა სერვისები. აქამდე კონსტრუქციებისა და გარე რეკლამების შექმნის გარდა, ჩვენ დაკავებულები ვიყავით დიაზინით, არქიტექტურით, სატელევიზიო სტუდიების შექმნით და პოლიგრაფიით. დღეს უკვე გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია მომხმარებელს სრული სარეკლამო მომსახურება შევთავაზოთ. ჩვენთან მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სწორ და ყურადღებიან კომუნიკაციას, სარეკლამო სააგენტოსა და მარკეტინგისა და შესყიდვების მენეჯერს შორის.
რა მიმართულებით იმუშავებს პატიო-არტი მომავალში?
სრული სარეკლამო მომსახურებით. მსოფლიო პრაქტიკიდან გამომდინარე სარეკლამო კომპანიების მიმართულება იყოფა სამ ჯგუფად: შემოქმედებითი, შემსრულებელი და მედია სარეკლამო სააგენტოებად. ერთი იგონებს, მეორე ქმნის და მესამე ათავსებს. გვინდა ავითვისოთ სამივე მიმართულება. ამასთან ერთად ვამატებთ სერვისებში BTL აქციების დაგეგმარებას, ინტერაქტიულ მარკეტინგს, ”ივენთ” მარკეტინგს, ბრენდინგსა და არქიტექტურას. ეს უკვე სხვა პროფილია, რომელშიც საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს.
ხომ არ შეიცვლის სტუდია სახელს? ან სხვა ცვლილებები ხომ არ იქნება?
სახელს არ ვცვლით. დავასრულეთ რებრენდინგი. გვაქვს ახალი ლოგოტიპი, მომხმარებელთან კომუნიკაციის ახალი სტრატეგია, ახალი ვებ–საიტი და ახალი სერვისები.
თქვენი რესურსი (ადამიანური, ტექნიკური) რამდენად საკმარისია სარეკლამო ბაზარზე დამკვიდრებისთვის?
ადამიანური და ტექნიკური რესურსიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევასრულოთ ნებისმიერი შეკვეთა. ჩვენს შტატში სრულ განაკვეთზე ირიცხება 50–მდე ადამიანი. დიზაინერები, მედია დაგეგმარების სპეციალისტები, სტრატეგიული დაგეგმარების მენეჯერები და ა.შ. ასევე გვაქვს საკუთარი პროდუქციის საწარმო, ფოტო და ვიდეო სტუდია. 2000 კვ.მ-ზე განთავსებული სარეკლამო სააგენტო ქალაქის ცენტრში, სადაც ყველა ზემოთ აღნიშნული ერთადაა განლაგებული.
როგორი იქნება ფასები?
საფასო სტრატეგია იქნება კონკურენტუნარიანი ყველა იმ სარეკლამოსთან შედარებით, ვინც ქმნის ამინდს დღეს ამ ბაზარზე. ფასის ხელოვნურად დაცემას არ ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ამის საშუალება გვაქვს. ჩვენი მხრიდან შევეცდებით დავანგრიოთ ის სტერეოტიპები, რომლებიც ხელს უშლიან ამ სფეროს განვითარებას. იდეა ღირს ფული.
ხშირ შემთხვევაში განებივრებულმა მომხმარებელმა უნდა ისწავლოს, რომ სარეკლამო სააგენტოს შრომა არა მარტო შედეგით, არამედ, ფინანსურადაც ფასდება. შიდა ტენდერებში სარეკლამო კომპანიების უფასო ექსპლუატაცია უნდა დასრულდეს.
ამ ბაზარზე საკმაოდ ბევრი მოთამაშეა, რითი გაუწევთ მათ კონკურენციას?
მომსახურების ხარისხით, კვალიფიციური, ახალგაზრდა გუნდით, რომელშიც ჩავდეთ დიდი ინვესტიცია. კონკურენტუნარიანი ფასით, რაც განპირობებულია საკუთარი რესურსების რაციონალური გამოყენებით და რაც მთავარია, დიდი მონდომებით და შრომით.












