57 წლის მამაკაცმა, რომელიც სიცოცხლისათვის საშიში დაავადებით იტანჯებოდა, გენმოდიფიცირებული ღორის გული მიიღო. ეს ინოვაციური პროცედურაა, რომელიც ასიათასობით პაციენტს შეუმსუბუქებს მდგომარეობას.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი წარმატებული მცდელობაა, როდესაც ადამიანს ღორის გული გადაუნერგეს. მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქირურგების თქმით, 8-საათიანი ოპერაცია ბილტმორში გასული კვირის პარასკევს ჩატარდა. უკვე ორშაბათისთვის კი პაციენტი თავს კარგად გრძნობდა — კრიტიკულმა 48 საათმა ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩაიარა.
“ის წარმოქმნის პულსს, წნევას. ეს მისი გულია. ორგანო კარგად მუშაობს და კარგად გამოიყურება. ძალიან აღელვებულები ვართ, მაგრამ არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე”, — ამბობს ექიმი ბარტლი გრიფიტი.
ორგანოთა გაზიარების გაერთიანებული ქსელის თანახმად, გასულ წელს დაახლოებით 41 354 ამერიკელმა ჩაიტარა ორგანოების გადანერგვის პროცედურა. თუმცა ამის ფონზე ორგანოების მწვავე დეფიციტი არსებობს და ყოველდღიურად მომლოდინე ადამიანებიდან ათამდე მათგანი იღუპება. მართალია, გასულ წელს 3 817 ამერიკელმა მიიღო გულის დონაცია, მაგრამ პოტენციური მოთხოვნა გაცილებით მაღალია.
სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად იბრძვიან მეცნიერები. მათ გენმოდიფიცირებული ღორების შექმნა გადაწყვიტეს, რომელთა ორგანოებსაც ადამიანის ორგანიზმი უპრობლემოდ იღებს. ამასთან, ბოლო ათწლეულში კვლევა, გენის რედაქტირებისა და კლონირების ახალი ტექნოლოგიების წყალობით, დაჩქარდა.
მიუხედავად წარმატებული შედეგებისა, იქნება ეს გულის თუ თირკმლის გადანერგვა, არსებობს გარკვეული დაბრკოლებები. თუმცა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ორგანოს უარყოფა შესაბამისი დონორის პოვნის შემთხვევაშიც კი ხდება ხოლმე, რასაც მთელი რიგი ფაქტორები განსაზღვრავს. ღორის შემთხვევაში, ექიმები აკვირდებიან ინფექციებს, რომლებიც, შესაძლოა, ადამიანს გადაეცეს… მაგრამ რისკი დაბალია.
ამასთანავე, ღორს, სხვა ცხოველებთან შედარებით, ის უპირატესობა აქვს, რომ მისი გაზრდა უფრო ადვილია და ექვს თვეში უკვე ზრდასრულ ასაკს აღწევს. ამიტომაც, ღორის სარქვლებს ჩვეულებრივ უნერგავენ ადამიანს. ზოგიერთ დიაბეტიან პაციენტს კი ღორის პანკრეასის უჯრედებით ეხმარებიან. ასევე, ცხოველის ტყავი გამოიყენება დამწვრობის მქონე პაციენტებისთვის, როგორც დროებითი ტრანსპლანტატი.













