in

როცა კრეატიულობა სამსახურია – პავლე გაბრიჭიძე

კრეატიულობა ხშირად განიხილება, როგორც შთაგონების ნაპერწკალი, ის ბრწყინვალე მომენტი, როდესაც გენიალური იდეა მოგვდის თავში…და ეს ხშირად არ ხდება…

თუმცა მათთვის, ვისი კარიერაც კრეატიულობაზეა დამოკიდებული, ეს ერთჯერადი აქტი არ არის, არამედ ცხოვრების წესია. ამ კატეგორიას განეკუთვნებიან: დიზაინერები, მწერლები, მხატვრები, მარკეტინგის, რეკლამის მიმართულებით მომუშავე ადამიანები…ყველა მათგანისთვის კრეატივი არა იშვიათი, აღმატებული მომენტი, არამედ ყოველდღიური პასუხისმგებლობაა.

შთაგონების დაბალანსება ვადებთან, დამკვეთის მოლოდინებთან და კომერციულ სიცოცხლისუნარიანობასთან საკმაოდ რთული საქმეა. ამ სტატიისთვის მოვუხმეთ პავლე გაბრიჭიძეს, ადამიანს, რომელსაც კარგად ესმის ზემოაღნიშნული ტკივილები და შეუძლია, თავისი გამოცდილებაც გაგვიზიაროს.

M: პავლე, პირველ რიგში, გვითხარით, როგორ განისაზღვრება თქვენთვის ცნება „კრეატიული”?

„კრეატიული“ ჩემთვის არის უნარი, ჩვეულებრივი რამ დაინახო არაჩვეულებრივი კუთხით; იპოვო უნიკალური გზა პრობლემის მოსაგვარებლად თუ ამბის მოსათხრობად. ეს არის მუდმივი ძიების პროცესში ყოფნა, იფიქრო ჩარჩოებს მიღმა და სტანდარტული ყოველდღიურობიდან გამორჩეული რამ შექმნა.

M: თუ გახსოვთ და შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ მომენტი, როცა გააცნობიერეთ, რომ ხართ კრეატიული?

ჩემთვის კრეატიულობა ყოველთვის პროცესს უკავშირდება და არა ერთ კონკრეტულ „ჰოპ მომენტს“. ასეთი წამი არასდროს მქონია, როცა უცებ გავაცნობიერე, რომ კრეატიული ვარ. ეს იყო შრომისა და მუდმივი ვარჯიშის შედეგი.

კრეატიულობა ჩემთვის დასწავლადი უნარია, რომელიც დროთა განმავლობაში ვითარდება – დაკვირვებით, ექსპერიმენტებითა და პრაქტიკით. არ მჯერა იდეების „ჯადოსნურად გაჩენის“. იმისთვის, რომ კრეატიულ შედეგამდე მიაღწიო, საჭიროა მუშაობა, შეცდომებზე სწავლა და საკუთარ უნარებზე მუდმივი ზრუნვა. ეს არის გზა და უწყვეტი მუშაობის პროცესი.

M: რა გზას გადიხართ იდეიდან განხორციელებამდე?

იდეიდან განხორციელებამდე ჩემი გზა იწყება დაკვირვებით – ვცდილობ, გავიგო რა არის პრობლემა ან საჭიროება. შემდეგ ვაყალიბებ იდეის მონახაზებს. შეძლებისდაგვარად, ვცდილობ, იდეები იყოს მრავალფეროვანი, რის შემდეგაც გადავდივარ გაფილტვრის ეტაპზე, სადაც ვცდილობ, ამოვარჩიო შედარებით ძლიერი და უნიკალური მიმართულებები.

შემდეგ ეტაპზე იდეას/იდეებს გუნდთან ვაზიარებ და ვიღებ უკუკავშირს, რაც ხშირად ახალ პერსპექტივას მაძლევს. 

საბოლოოდ, საქმე გადადის დეტალებსა და შესრულებაზე. ამ პროცესში მოქნილობა და ადაპტირება მნიშვნელოვანია, რადგან იდეა გზადაგზა შეიძლება განვითარდეს, დაიხვეწოს ან სულაც, შეიცვალოს.

M: რამდენად რთულია/ადვილია ბალანსის დაცვა, როცა ვალდებული ხარ, იყო კრეატიული პროექტზე მუშაობისას?

ბალანსის დაცვა იმ დროს, როცა ვალდებული ხარ, იყო კრეატიული, მაგრამ შინაგანად მუხტი არ გაქვს, ნამდვილად გამოწვევაა. ასეთ დროს ვცდილობ, პროცესს ტექნიკურად მივუდგე. ვიწყებ მცირე ნაბიჯებით – შესაძლოა, დავუბრუნდე პროექტის მიზანს, მთავარ გზავნილს, ან უბრალოდ ჩავუღრმავდე დეტალებს. თუ შემოქმედებითი ფიქრი მაინც მიჭირს, ხშირად გარემოს შეცვლა ან მოკლე პაუზა მეხმარება ახალი ენერგიის მოპოვებაში.

კრეატიულობა ყოველთვის სპონტანური არ არის – უმეტესად ის დისციპლინა და პროცესია, რომელიც გაძლევს საშუალებას, იმუშაო მაშინაც კი, როცა შთაგონება არ მოდის. ასეთ დროს მთავარია, არ შეუშინდე გამოწვევას და მიენდო საკუთარ გონებასა და გამოცდილებას. 

M: როგორ რეაგირებთ კრიტიკაზე და შეუძლია თუ არა კრიტიკულ უკუკავშირს კრეატიულობის ჩახშობა?

კრიტიკაზე ჩემი რეაქცია დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის ის გადმოცემული და რამდენად კონსტრუქციულია. ყოველთვის ვცდილობ, კრიტიკა პერსონალურად არ მივიღო, რადგან ვხვდები, რომ ის პროცესის ნაწილია და ხშირად მიზნად იდეის გაუმჯობესებას ისახავს.

კონსტრუქციულ კრიტიკას ვაფასებ – მეხმარება, სხვადასხვა კუთხით შევხედო ჩემს ნამუშევარს და დავინახო ის, რაც შესაძლოა, გამომრჩა. თუმცა არაკონსტრუქციული, უბრალოდ ნეგატიური უკუკავშირი შეიძლება დემოტივაციის მიზეზი გახდეს და დროებით „ჩაახშოს“ კრეატიულობა. ასეთ დროს ვცდილობ, გავფილტრო კრიტიკა, მივიღო მხოლოდ ის, რაც ნამდვილად სასარგებლოა და არ დავკარგო საკუთარი ხედვის რწმენა.

კრეატიულობა მგრძნობიარე პროცესია, მაგრამ კრიტიკა, თუ სწორადაა გადმოცემული და რაიმეს გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, ამ პროცესს მხოლოდ აძლიერებს. ერთგვარი შესაძლებლობაა, უფრო გამართულად, მიზანმიმართულად იმუშაო, შემოქმედებით ქაოსში გამოპარული სიცარიელეები შეავსო და უკეთესი პროდუქტი შექმნა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ შევქმნათ ძლიერი პერსონალური ბრენდი? — 8 რჩევა

„მუსიკით გამოვხატავ იმას, ვინ ვარ და როგორ ვარ” – თორნიკე გაგოშვილი