პირველი სამსახური 20 წლის ასაკში დავიწყე “მობიპეიში”, კორპორატიული კლიენტების გაყიდვების წარმომადგენლად. ჩემს ფუნქციებში შედიოდა პოტენციური კლიენტების მოძიება, მოლაპარაკებების წარმოება, სისტემაში ჩართვა და შემდგომი ურთიერთობის მენეჯემენტი. ჩვეულებრივად გავაგზავნე CV ვაკანსიაზე და არც ისე ჩვეულებრივად გავიარე პირველი გასაუბრება სკაიპით ჭიათურის ინტერნეტ-კაფედან. ამ კომპანიაში 7 დატვირთული თვე გავატარე – პარალელურად მეორე კურსზე ვსწავლობდი თავისუფალ უნივერსიტეტში და მაინორად არაბული მქონდა აღებული. დღეში სამუშაოდ საშუალოდ 3 საათი მრჩებოდა, გეგმა კი სრული თვის მქონდა შესასრულებელი.
მთავარი სირთულე მაინც არა დროის ნაკლებობა, არამედ მუშაობის პროცესის დაწყება იყო – იმ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც ვხვდებოდი, ასაკით ჩემზე ორჯერ უფროსები იყვნენ და თავიდან მიჭირდა, გადამელახა ის სპეციფიკური დამოკიდებულება, რომელსაც ასაკობრივი სხვაობა აჩენდა. თუმცა, მალევე განვსაზღვრე ძირითადი ტიპაჟები და ყველას განსხვავებულად ვუდგებოდი. აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენო ჩემი პირველი უფროსი – თამუნა გაზაშვილი, მასთან მუშაობა იყო პირველი კარიერული გამართლება. თამუნა იყო პირველი დამსაქმებელი, რომელიც მენდო და მე აუცილებლად უნდა გამემართლებინა. მასთან მუშაობით ბევრი რამ ვისწავლე, პირველ რიგში – გამოწვევების მიღება და პასუხისმგებლობის გათავისება.
პავლე გაბრიჭიძე, ლივინგსტონის ციფრული რეკლამის განყოფილების უფროსი.













