2
Feb
2019

პავლე გაბრიჭიძე სარეკლამო ფესტივალ White Square-ის ჟიურის წევრად მიიწვიეს

2 Feb 2019

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალზე White Square ჟიურის წევრად, კრეატიული სააგენტო „ლივინგსტონის” ციფრული რეკლამირების მიმართულების ხელმძღვანელი, პავლე გაბრიჭიძე მოგვევლინება. პავლე 2018 წელს, საქართველოს კანის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია, ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში. სწორედ ამ კატეგორიაში წარმოადგენდა ის საქართველოს გასულ წელს, კანის კრეატიულ ფესტივალზე, მის მეწყვილესთან, ნათია სვანიძესთან ერთად. White Square უკვე მეთერთმეტედ ტარდება მინსკში. წელს, ფესტივალი 17-19 აპრილს გაიმართება. ნამუშევრები შვიდ კატეგორიაში შეფასდება:  Creativity, Branding, Marketing, Digital, Creative Effectiveness, Media, Social advertising. ფესტივალის ერთ-ერთი სპიკერი “ლივინგსტონის” თანადამფუძნებელი, ლევან ლეფსვერიძე, იქნება პავლე გაბრიჭიძე Digital კატეგორიის ჟიურის წევრად არის მიწვეული. მისი თქმით, მთავარი კრიტერიუმები შეფასებისას იქნება იდეის უნიკალურობა, ინოვაციურობა და შესრულების ხარისხი – რამდენად კარგად შეძლო სააგენტომ იდეის გადმოცემა და აღსრულება. დეტალებზე პავლე გაბრიჭიძეს ვესაუბრეთ.

პავლე გაბრიჭიძე: “ფესტივალის ორგანიზატორები დაუკავშირდნენ ლივინგსტონს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ბევრი ჯილდოს  მქონე სააგენტოს რეგიონში. გვითხრეს, რომ ეძებდნენ ჟიურის წევრს ციფრული კატეგორიისთვის და სპიკერს ლივინგსტონიდან. როგორც ლივინგსტონის ციფრული მიმართულების ხელმძღვანელი, მე აღმოვჩნდი ამ კატეგორიის ჟიურის წევრი. სპიკერი კი, ლივინგსტონის კრეატიული დირექტორი – ლევან ლეფსვერიძე იქნება. მგონია, რომ ყველა კატეგორია საინტერესოა, გააჩნია ვის რა უფრო მეტად იზიდავს. თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ ციფრული არხები და ტექნოლოგიები ყველაზე მზარდი და სწრაფად განვითარებადია, ვფიქრობ, თანამედროვე მარკეტერისთვის ყველაზე ყურადსაღები კატეგორიაა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ფესტივალის ჟიურის წევრი ვარ. ახალი და საინტერესო გამოცდილებაა, ჟიურის თვალით აფასებდე ნამუშევრებს მაშინ, როცა აქამდე თავად ელოდებოდი ჟიურის გადაწყვეტილებებს. მგონია, უნიკალურ გამოცდილებას მივიღებ და შევძლებ პრაქტიკულად გავიაზრო, რას ექცევა ფესტივალებზე ყურადღება… ეს გამოცდილება კი, იმედი მაქვს, დამეხმარება უკეთესი ნამუშევრების შექმნაში.”

 

განხილვა

1 Response

  1. 16/03/2019

    […] მიმართულების ხელმძღვანელი პავლე გაბრიჭიძე, რომელიც ნამუშევრებს ციფრულ […]