„ჩამირიცხე, რა“ – ალბათ, ეს ფრაზა გადახდის აპარატებთან ერთად გაჩნდა. საქართველოს ქუჩებში, „ფეიბოქსის“ საშუალებით, ანგარიშზე ჩარიცხვა და სხვადასხვა გადასახადის გადარიცხვა 15 წლის წინ გახდა შესაძლებელი. მას შემდეგ, ეს აპარატები საზოგადოების ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. 2007 წლიდან მოყოლებული, „ფეიბოქსი“ ყოველდღიურ ლექსიკაში ისე დამკვიდრდა, რომ მას ავტომატურად ვუკავშირებთ ხოლმე ნებისმიერი აპარატიდან თანხის ჩარიცხვას. ცოტა ხნის წინ, „ფეიბოქსის“ გუნდმა, დიზაინერ ერეკლე ინაშვილთან ერთად, ვიზუალური რებრენდინგი შეიმუშავა და ბრენდის მთავარი ფასეულობები, ხასიათი და ხედვა უფრო თანამედროვედ გამოსახა. რებრენდინგზე ჩვენს შეკითხვებს „ფეიბოქსის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა ლიკა სულავამ და ბრენდის და პროდუქტის დიზაინერმა ერეკლე ინაშვილმა უპასუხეს.
M: როგორ განვითარდა 15 წლის განმავლობაში PayBox, როგორც ბრენდი?
საქართველოში გადახდის აპარატების ისტორია 15 წლის წინ, კომპანია OPPA-ს ბრენდ PayBox-ით დაიწყო და წლების განმავლობაში, საზოგადოების ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. „ფეიბოქსის“ პირველი პროდუქტი მობილურის ბალანსის შევსება იყო, ხოლო დღეს 1,000-მდე სხვადასხვა სერვისს აერთიანებს – მათ შორის, კომუნალურ, სატრანსპორტო, სატელეკომუნიკაციო კატეგორიებს და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ „ფეიბოქსის“ საშუალებით, ნებისმიერი ბანკის ანგარიშზეა შესაძლებელი თანხის შეტანა.
„ფეიბოქსი“ წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად 10,000-მდე სწრაფი გადახდის ტერმინალით 350,000 მომხმარებელს ემსახურება.
15 წლის მანძილზე, ბრენდის ვიზუალური იდენტობა არ განახლებულა და ის მომხმარებლის ცნობიერებაში პირველადი სახით არის დამკვიდრებული.
M: როგორ მიხვედით რებრენდინგის გადაწყვეტილებამდე?
PayBox-ი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის და მომხმარებელს ბევრ ტექნოლოგიურ სიახლეს ჰპირდება. არსებული ლოგო და ვიზუალური სტილი, რომელიც 2007 წელს შიქმნა, ვეღარ პასუხობდა ბრენდის მთავარ ფასეულობებს – ტექნოლოგიურობასა და სიმარტივეს. შესაბამისად, საჭირო იყო ისეთი გარდაქმნა, რომელიც მკაფიოდ გამოხატავდა ბრენდის ახალ მისწრაფებებს და თანხვედრაში იქნებოდა დიზაინის თანამედროვე ტენდენციებთან.
M: რა იყო რებრენდინგის მთავარი ამოცანა?
ლიკა სულავა: რებრენდინგის პროცესში მთავარი ამოცანა იყო ბრენდის განახლება, მთავარი მახასიათებლების შენარჩუნებით და არა ძირეული გარდაქმნით. გვინდოდა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სიფერადე, თუმცა მოდიფიცირებული ფერები ყოფილიყო ბრენდის მთავარი ღირებულებების – სიმარტივის და გამჭვირვალობის გამომხატველი. ისევე როგორ „ფეიბოქსის“ ტერმინალები, თავისი დამახასიათებელი ფორმითა და ფერებით, მარტივად გარჩევადია შორ მანძილზე, ასევე მარტივად აღქმადი უნდა ყოფილიყო ბრენდის ტიპოგრაფია – რასაც ერეკლესთან მუშაობის შედეგად ადვილად მივაღწიეთ.
ერეკლე ინაშვილი: „ფეიბოქსი“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დამკვიდრებული სბრენდია. ამდენად, ჩვენი ამოცანა იყო არ მოგვეფიქრებინა რაიმე ახალი, რაც მომხმარებელს აგრძნობინებდა, რომ „ეს არ არის PayBox“. პირიქით, ჩვენ უნდა შეგვენარჩუნებინა მისი ცნობადობა, უბრალოდ, გაგვეთანამედროვებინა და ამ ეპოქის თანამედროვე ბრენდად გვექცია.
M: როგორ მიხვედით ახალ კონცეფციამდე?
ერეკლე ინაშვილი: ახალი კონცეპტის მიხედვით, ხაზი გავუსვით ბოქსის კონცეფციას, რომლის გარშემოც ხდება ყველაფერი. ის უნდა ყოფილიყო ბევრად მრავალფეროვანი, ბრტყელი და თანამედროვეობაზე გაესვა ხაზი. ეს DNA გვინდოდა ჩაგვედო ახალ კონცეფციაში. შედეგად, განახლებული ვიზუალური ბრენდინგი ხასიათით ჰგავს ცოტათი Google-ს ან PlayStation-ს.
M: როგორი იყო სამუშაო პროცესი?
ერეკლე ინაშვილი: „ფეიბოქსის“ გუნდთან მუშაობა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. სულ რამდენიმე შეხვედრა დაგვჭირდა კოორდინირებისთვის. გვქონდა ძალიან მკაფიოდ გაწერილი ბრიფი. გუნდმა ძალიან კარგად იცოდა, რა სურდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჩვენთვის, ბრენდის შემქმნელებისთვისაც აადვილებს ამოცანას და შედეგიც უკეთესი გამოდის ხოლმე.
M: რას გულისხმობს განახლებული ბრენდინგის იდეა?
ერეკლე ინაშვილი: როგორც წესი, ბრენდის შემქმნელები და დიზაინერები ვამბობთ, რომ ლოგო არ უნდა გიყვებოდეს რაიმე ისტორიას, არამედ გაძლევდეს მკაფიო მიმართულებას პროდუქტისკენ. ამ შემთხვევაშიც, ლოგო გვეუბნება, რომ ესაა მასობრივი პროდუქტი, ადვილი, ფერადი, ხელმისაწვდომი, მხიარული ბრენდი, რომელიც ყოველ ნაბიჯზე გხვდება. რაც მთავარია, რებრენდინგი მიგვანიშნებს, რომ ეს თანამედროვე ბრენდია.
M: რებრენდინგის შედეგად, როგორ შეიცვალა PayBox-ის პოზიციონირება?
ლიკა სულავა: რებრენდინგი, დღეს, უკვე მკაფიოდ ასახავს ბრენდის მისწრაფებებს – ტექნოლოგიურობას, სიმარტივეს, დაცულობას, მოქნილობასა და მუდმივ განვითარებას.
M: დღესდღეობით, რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?
ლიკა სულავა: ჩვენი უპირატესობა, პირველ რიგში, მაღალი ხელმისაწვდომობით გამოიხატება – რაც გულისხმობს ჩასარიცხი აპარატების ბრენდებს შორის, ტერმინალების ყველაზე დიდ რაოდენობას და ლოკაციების სიმრავლეს. „ფეიბოქსს“ შეხვდებით ყოველი ფეხის ნაბიჯზე, მთელი საქართველოს მასშტაბით. PayBox-ი არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს ყველაზე მრავალფეროვან და მრავალრიცხოვან სერვისს, ერთ სივრცეში სთავაზობს.
ჩვენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების პირველი ქართული ბრენდი ვართ, რომელიც თავად აწარმოებს ტერმინალებს და ადგილობრივ ბაზარს მოწინავე ტექნოლოგიური პროდუქციითა და სერვისით უზრუნველყოფს.
[R]