ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ოდესმე თეთრი ყურსასმენებით ამაყად ვივლიდით, ვერასდროს წარმოვიდგენთი თუ ჩვეულებრივი მოკვდავების “გადახდის “ ბარათი აქსესუარი გახდებოდა. სანამ მთავარზე გადავალ მინდა ჩემი ბავშვობის ისტორია გავიხსენო:
90-იანი წლების ბოლოს საქართველოში პორტატიული ფლეიერების ბუმი გაჩნდა. ყველა საკუთარი ფინანსური შესაძლებლობის მიხედვით ირჩევდა თანამგზავრს. ყველაზე იაფი პატარა რადიო იყო, შემდეგ კასეტა და ბოლოს სიდი ფლეიერები, ამ უკანასკნელს თუ “ანტიშოკი” ქონდა, მოძრაობის დროსაც შეუფერხებლად უსმენდი მუსიკას.

მახსოვს ვუსმენდით ყველა და ყველგან, მაშინაც კი როცა ვინმე გვესაუბრებოდა, მაშინაც როცა მასწავლებელი გაკვეთილს ხსნიდა, ჩვენ კი ჯემპრის ერთ “ტოტში” ყურსასმენი გვქონდა და თავზე მიდებული ხელით “ჩაფიქრებული” ადამიანის იმიტაციას ვქმინდით, პარალელურად კი კარგ მუსიკას ვუსმენდით.

მოდის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო ყურსასმენების კაბელის მაქსიმალური გადამალვა. ყველა ცდილობდა შავი კაბელი პერანგის ან მაისურის ქვეშ გაეტარებინა. 2001 წელს iPod-ის გამოჩენამ ჩვენი შეხედულებები თავდაყირა დააყენა, მან სრულიად თეთრი ყურსასმენები და ამით სიამაყის ახალიკულტურა შემოგვთავაზა. მთელი კომუნიკაცია ასე იყო მოწყობილი და ჩვენც მალე “გადავეჩვიეთ” კაბელების დამალვის მავნე ჩვევას.

სანამ მეორე მაგალითზე გადავალთ მნიშველოვანია შევთანხმდეთ, რომ iPod-ის მაგალითში Apple-ი კონკურენტების მიერ დატოვებულ და აუთვისებელ “შესაძლებლობას” დაეპატრონა. მან სრულიად ახალი გამოყენება მოუძებნა კონკურენტების მიერ “დამალულ” კაბელს.
2014 წელს თიბისი ბანკმა ქართულ ბაზარს ინოვაციური პროდუქტი Pay Sticker-ი შესთავაზა. ახალი პროდუქტი მომხმარებელს მხოლოდ გადახდასთან დაკავშირებულ “კომფორტს” და მეტს არაფერს პირდებოდა. მახსოვს როდესაც ბარათი ავიღე და მობილურზე დაკვრა განვიზრახე იქვე მდგომმა ოპერატორმა გამაფრთხილა “ქეისი შეიძლება აღარ დაეხუროსო”. ეს კომენტარი იმაზე მეტყველებს, რომ პროდუქტი შექმნის პროცესში ჩაფიქრებული იყო როგორც “კომფორტული” გადახდის საშუალება და მეტი არაფერი.

ჩემმა რამოდენიმე მეგობარმა სილიკონის ქეისი შეიძინა, რომელიც სტიკერის ერთდროულად გამოყენების და დამალვის შესაძლებლობას იძლეოდა, მართალია მათი 4-5 დღის განმავლობაში გულწრფელად მშურდა, მაგრამ 5 დღის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი სტიკერით მაღაზიებში ჩვეულებრივი მოქალაქეების ყურადღებას ვიქცევდი და არაფერი “დასამალი” არ იყო.
ბარათის “ცხოვრება” საინტერესოდ განვითარდა, Pay Sticker-ი მალე ცხოვრების სტილის ნაწილად და აქსესუარად იქცა, დღეს მის დამალვას ალბათ აღარავინ ცდილობს. პროდუქტის ამგვარ განვითარებას სავარაუდოდ TBC Bank-შიც არავინ მოელოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში პირველი ბარათი ასეთი გაუგებარი დიზაინის მატარებელი არ იქნებოდა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის სიახლე რაც დღეს შევიტყვე და რამაც ამხელა პოსტის დაწერის სურვილი გააჩინა. დღეიდან Pay Sticker-ს ოთხი ახალი დიზაინი დაემატა, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავებული ხელწერის მქონე ქართველის მხატვრების მიერაა შემუშავებული. ვფიქრობ ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ბარათის გაყიდვების ზრდას და მის გამოყენებას.

საქმე გვაქვს ძალიან საინტერესო პროცესთან, პროცესთან როდესაც ბანკი და მისი მარკეტინგი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა როგორ “განვითარდა” პროდუქტი. დღესდღეობით ფეი სტიკერი ახერხებს ერთდროულად იყოს კომფორტული გადახდის საშუალება და ამავდროულად მშვენიერი აქსესუარი ყოველდღიურ ცხოვრებაში. სწორედ ასეთ დროს შეიძლება ითქვას რომ “მარკეტინგი შესანიშნავია”.
ასევე მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ ეს “შესაძლებლობა” ვერცერთმა კონკურენტმა თავის სასარგებლოდ ვერ ან არ გამოიყენა, მათ ამისთვის 1 წელი ქონდათ.
ავტორი: აკო ახალაია











