in

Payze: „500Georgia-ში გამარჯვების შემდეგ, შეიძლება ითქვას, გავფრინდით…“

სულ რაღაც, ორიოდე წლის წინ, როდესაც საქართველო მსოფლიო სტარტაპ-რუკაზე ჯერ არ ჩანდა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიო დონის აქსელერატორი 500Georgia გამოჩნდა. საქართველოს ბანკისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით, ორი ნაკადი უკვე ჩატარდა და ხელშესახები მნიშვნელოვანი შედეგებიც მივიღეთ: 32 მლნ ლარზე მეტი მოზიდული ინვესტიცია, გამარჯვებული სტარტაპების 627 000-ზე მეტი რეგისტრირებული მომხმარებელი…საერთო ჯამში, 500Georgia-ს ფარგლებში, სტარტაპერებმა 10 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათი გამომწერების საერთო ჯამი 4400-ს აღემატება. მთლიანობაში, სტარტაპერებმა შეიძინეს 89 პარტნიორი და დაასაქმეს 354 ადამიანი. თითოეული ნაკადის 2 გამარჯვებულს წილად ხვდა კალიფორნიაში, სილიკონ ველიზე გამგზავრება და ინვესტორებთან აქტიური შეხვედრები.

სულ მალე, 500Georgia-ს მესამე ნაკადის სტარტაპერების შერჩევა დაიწყება. სწორედ ამიტომ, აქსელერატორის გამარჯვებულ სტარტაპერებს, რომლებმაც უკვე „სილიკონ ველიშიც“ იმოგზაურეს და ინვესტორებიც დააინტერესეს, ვთხოვეთ, შეეფასებინათ 500Georgia-ში მიღებული გამოცდილება და ზრდა, რომელსაც მისი საშუალებით მიაღწიეს.

„500Georgia-ში გამარჯვების შემდეგ, შეიძლება ითქვას, გავფრინდით… 2021 წლის 12 მარტის შემდეგ, უკან აღარც მოგვიხედავს. ეს ძალაინ დიდი ტრამპლინი იყო ჩვენთვის,“ – გვიამბობს Payze-ის თანადამფუძნებელი გეგა წურწუმია.

M: რა იქცა 500Georgia-ში თქვენი ჩართვის მთავარ მოტივაციად?

თავდაპირველად, ჩვენი მოტივაცია იყო ის, რომ ვმუშაობდით საინტერესო იდეაზე, გვქონდა კიდეც გამოცდილება და შესაძლებლობები, თუმცა ვხვდებოდით, ეს საკმარისი არ იყო. გვჭირდებოდა ისეთ რესურსზე წვდომა, რომელიც საქართველოში შეიძლება ითქვას, ხელმისაწვდომი არც იყო. 500 Global-ის ისტორია ვიცოდით და როდესაც პირველი ნაკადის განვითარების ტემპი ვნახეთ, განსაკუთრებით დემო დღე, ეს იყო ყველაზე მთავარი მოტივაცია. სწორედ ამ დღეს გადავწყვიტეთ მტკიცედ, რომ განაცხადი შეგვეტანა 500Georgia-ში.

M: როგორი იყო 500Georgia-ში Payze-ელების გამოცდილება?

ძალიან მნიშვნელოვანი იყო მენტორების ჩართულობა – ნოტე კრაუსი დიზაინში, დენ ვანგი – დიზაინში, ტიმ მური სხვადასხვა ტექნოლოგიური ხელსაწყოების დანერგვაში, ბრიანა სალინასი (500 Global- ის მენტორი) – ჩვენი მენტორი, რომელიც კონკრეტულ მიმართულებებს გვაძლევდა. მოგვიანებით, პედრო ვიეირა, EMEA-ს რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) 500 Global- ის Startup პროგრამის საოპერაციო დირექტორი, გვამზადებდა ფიჩინგისთვის, რაც განუმეორებელი გამოცდილება გახლდათ.

ხედვა იგივე დარჩა, თუმცა ბევრი გამოწვევის წინაშე დაგვაყენეს. უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეგვძინეს. მიზნების მიღწევა უფრო მოკლე დროში დაგვასახინეს – რასაც ადრე 1 წლის გეგმად მივიჩნევდით, ახლა 1-2 თვეში მიღწევად ამოცანად ვთვლით.

M: რას ურჩევდი იმ სტარტაპერებს, ვინც 500Georgia-ში მონაწილეობის მიღებაზე ფიქრობს?

სტარტაპერებს ვურჩევდი, აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა 500Georgia-ში, მაქსიმუმი წამოიღონ, ახსოვდეთ, რომ სტარტაპის ზრდაზეც მოუწევთ მუშაობა, არ იყვნენ იდეაზე მიჯაჭვულები, ჰქონდეთ ღიაობა ცვლილებების მიმართ და ყოველთვის იქონიონ ჩვენი, სხვა სტარტაპერების იმედი.


აქვე შეგახსენებთ, რომ პროგრამაში მონაწილეობა უკვე შეგიძლიათ. 500 Global საქართველოზე რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 5 სექტემბრამდე გაგრძელდება. ის არის შესაძლებლობა დამწყები ბიზნესისთვის, რომ მიიღოს შეუცვლელი გამოცდილება, ჩაერთოს სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამებში, იპოვოს ახალი კონტაქტები და პარტნიორები მთელი პლანეტის მასშტაბით.

Oreo უსახლკარო ცხოველებისთვის სახლების პოვნას ცდილობს

მეცნიერებმა ხე ცეცხლგამძლე მასალად გადააქციეს