მეშვიდე წელია, ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ცნობადობის გაზრდისთვის, თიბისი ბიზნეს დაჯილდოების ყოველწლიურ მასშტაბურ ღონისძიებას ატარებს. კონკურსში 7 წლის განმავლობაში 3000-მდე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, წელს პროექტში მონაწილეობის სურვილი რეკორდული რაოდენობის, 412-მა კომპანიამ გამოთქვა. სულ ცოტა ხნის წინ, ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის ფინალისტების ვინაობა გახდა ცნობილი. 5 ნომინაციაში სულ 15 ფინალისტი მოხვდა და სტატიების ამ სერიაში თითოეულ მათგანს უფრო ახლოს გაგაცნობთ.
შეგახსენებთ, რომ ფინალისტები შემდეგ ნომინაციებში ასპარეზობენ: საუკეთესო პროდუქტი, საუკეთესო ინოვაციური სტარტაპი, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა, გამორჩეული როლი რეგიონის განვითარებაში, გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილება.
დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველასთვის კარგად ნაცნობ პიცერიას – Pazza. ადგილი, რომელმაც თავის დროზე სახელი „დამწვარი პიცით” გაითქვა, ბევრისთვის საყვარელ ობიექტად მალევე იქცა და დღეს გუნდი ხალისით მუშაობს იმისთვის, რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შეუქმნას. სწორედ „გამორჩეული სამომხმარებლო გამოცდილების” ნომინაციაშია წარდგენილი თიბისის ბიზნეს დაჯილდოების კონკურსზეც.
Pazza-ს ისტორია ბევრად უფრო შორიდან და საინტერესოდ იწყება, ვიდრე უბრალოდ საკვები ობიექტის გახსნა, თუმცა ამ ისტორიას თავად მისი დამფუძნებელი ინტერვიუს ნაწილში მოგვიყვება. მანამდე კი გეტყვით, რომ კომპანია ოფიციალურად 2019 წელს დაარსდა და სახელი არა მხოლოდ გემრიელი პიცით, არამედ მომხმარებელთან მეგობრული, უშუალო დამოკიდებულებით გაითქვა. Pazza-ს პიცა არ ჰგავს სხვებს, ის ქვის ღუმელში, ნაპოლიტანური ტრადიციით ცხვება და მომხმარებელს მისი დაგემოვნება როგორც ადგილზე მისვლით, ისე გამოძახების სერვისითაც შეუძლია.
თუ როგორ იქცა იტალიური „პასტას” დამზადების იდეა პიცერიად და როგორ უზრუნველყოფს გამორჩეულ გამოცდილებას Pazza, მისი დამფუძნებელი, არჩილ ზამბახიძე გვეტყვის:
M: არჩილ, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა Pazza?
სანამ უშუალოდ Pazza-ზე ვილაპარაკებ, ცოტა შორიდან მომიწევს მოვლა. მე და ჩემი მეუღლე ჩავერთეთ ცნობილი შეფის, ჯეიმი ოლივერის წამოწყებაში, რომელსაც ჰქვია Food revolution community. ის ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეწეოდა და ჰყავდა წარმომადგენლები სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ არა საქართველოში. მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, დავკავშირებოდით ორგანიზაციას და გავწევრიანებულიყავით, როგორც საქართველოს წარმომადგენლები, რაზეც თანხმობა მოგვივიდა.
იმ პერიოდში ვიდეო ბლოგები ისეთი აქტუალური არ იყო, როგორც ახლა. ჩვენ დავიწყეთ ვიდეო რეცეპტების გამოქვეყნება და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ამ საქმეში აქტიურად ვიყავით ჩართულები, რამაც გარკვეული ცნობადობაც მოგვიტანა.
ცოტა ხნის შემდეგ დავიწყეთ წიგნების გამოცემა. ვიმოგზაურეთ რეგიონებში და შევკარით ქართული ტრადიციული კერძების კრებული, რომელსაც „ქართული გემოს მემკვიდრეობა” ჰქვია. ამ წიგნის გაყიდვებით, მახსოვს, შევაგროვეთ 6000 ლარი, რომლითაც დავიწყეთ ფართის ძიება, სადაც საკუთარ სივრცეს გავხსნიდით. ასე ვიპოვეთ ნახევარსარდაფი ვაკეში.
გვინდოდა, გაგვეკეთებინა ხელნაკეთი პასტების მაღაზია, ვიყიდეთ კიდეც პროდუქტები, რომლებიც იტალიურ პასტას სჭირდება, თუმცა როცა სივრცის კარგად შესწავლა დავიწყეთ, აღმოვაჩინეთ ქვის ღუმელი, რომელმაც მაშინვე გაგვიჩინა ახალი იდეა – გაგვეხსნა პიცერია. შედეგად, თაროზე შემოვდეთ პასტისთვის ნაყიდი პროდუქტები და დავიწყეთ ცომზე მუშაობა.
M: გქონდათ თუ არა გარკვეული სირთულეები, სანამ თავს დაიმკვიდრებდით?
პირველი 8 თვე ვმუშაობდით ცომზე. თავიდან პირველი ორი მცდელობა არ გამოგვივიდა კარგი, მესამეს უკვე შედარებით არა უშავდა. სანამ იდეალური ცომი არ მივიღეთ და ჩვენ თვითონ არ ვთქვით, რომ ძალიან გემრიელია, იქამდე ექსპერიმენტებს არ შევუშინდით.
Pazza იტალიურად გიჟს ნიშნავს და ჩვენი გადაწყვეტილებებიც ყოველთვის ასეთი გიჟური იყო. პიცერიაც ექსპრომტად გავუშვით და დავიწყეთ პიცების გაყიდვა, რომელსაც ჰქონდა დამწვარი გვერდები. ეს, ფაქტობრივად, აუთვისებელი ნიშის ათვისებას ნიშნავდა, რადგან თავიდან მომხმარებელს ეგონა, რომ უხარისხო პროდუქტს ვთავაზობდით, ამიტომ დაგვჭირდა სპეციალური კომუნიკაციის შექმნა, რომ ეს პიცები დამწვარი კი არ არის, უბრალოდ ასეთი უნდა იყოს. გუნდშიც მაშინ ცოტანი ვიყავით და მე და ჩემი მეუღლე აქტიურად ვეკონტაქტებოდით მომხმარებელს, რამაც ჩვენსა და მათ შორის ძალიან მეგობრული დამოკიდებულება გააჩინა. დღეს იქამდე მოვედით, რომ 25 თანამშრომელი ვართ Pazza-ში და ჩვენ ვართ არა უბრალოდ კომპანია, არამედ როგორც ბრენდი, რომელიც მომხმარებელთან პერსონალურ დამოკიდებულებაშია.
M: კვების ობიექტისთვის ზოგადად გამოწვევაა, რომ მუდმივად კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავდეს. თქვენ როგორ ახერხებთ ამას?
ჩვენი დამოკიდებულება Pazza-ში შემდეგია – ყველაფერს პირველ რიგში თავად ვუყურებთ და ვაფასებთ, როგორც მომხმარებლები. ჩვენს საქმესაც ისეთი გულით ვაკეთებთ, რომ ყოველი დადებითი შეფასება უზომოდ გვიხარია და უარყოფითი გვტკივა.
გავიხსენებ შემთხვევას, როცა ერთ ღამეს მომხმარებელმა მოგვწერა, რომ სალიამის პიცას უცნაური გემო ჰქონდა. ამაზე იმდენად შევწუხდით, რომ ღამის 12 საათზე ვთხოვეთ და მივაკითხეთ სახლში, რათა გაგვესინჯა ის პიცა, რომელიც მას მიუტანეს. მანამდე Pazza-ში მივედით, შევამოწმეთ ყველაფერი, რამე ხომ არ გაგვეპარა, რაიმე არასწორად ხომ არ იყო გაკეთებული. ამ ისტორიაში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ჩვენ ეს იმიტომ არ გაგვიკეთებია, რომ შემდეგ ეს მომხმარებელი წასულიყო და სახალხოდ მოეყოლა ეს ამბავი, უბრალოდ მართლა, გულწრფელად გვინდოდა, დავრწმუნებულიყავით, რომ ყველაფერი რიგზეა ან თუ რამე გვაქვს გამოსასწორებელი, რა არის ეს.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერს შენს ბიზნესში ფულზე არ თარგმნი და თავად გაქვს სენსიტიური დამოკიდებულება იმ პროდუქტთან, რომელსაც ქმნი, ამას მომხმარებელი ყოველთვის გრძნობს და შესაბამისად, არ გჭირდება ცალკე სტრატეგიის შემუშავება ამისთვის, ავტომატურად იწვევ კმაყოფილებას საზოგადოებაში.
M: ბოლოს რომ გვითხრათ, რატომ მონაწილეობთ ბიზნეს დაჯილდოებაში და რა მოლოდინები გაქვთ?
სიმართლე ვთქვა, ბიზნეს დაჯლდოების ამ ნომინაციის შესახებაც ჩვენივე მომხმარებლისგან გავიგეთ. რამდენიმე ადამიანმა მოგვწერა, რომ იყო ასეთი ნომინაცია და გვეცადა, მასში მონაწილეობის მიღება. ჩვენც ვიფიქრეთ – რატომაც არა?
ჩვენი მონაწილეობის მთავარი მოტივაციაა, რომ თუ ჩვენ ამ კონკურსზე რამე სტატუსს მივიღებთ, ეს ისევ ჩვენი მომხმარებლისთვის იქნება სასიხარულო. ჩვენი მიზანი არაა, ვილაპარაკოთ, რომ „მაგარი ტიპები” ვართ, რადგან აქ ვმონაწილეობთ, ამ კონკურსში გამარჯვება ჩვენთვის, ყველასთვის, იქნება კიდევ ერთხელ დარწმუნება იმაში, რომ რასაც ვაკეთებთ, იმას სწორად ვაკეთებთ და სწორი გზით მივდივართ.