როგორ უნდა ვაქციოთ პასპორტი, როგორც მოქალაქეობის განმსაზღვრელი დოკუმენტი, მნიშვნელოვანი გზავნილის გავრცელების საშუალებად? საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მსოფლიოსთვის ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი გვაქვს სათქმელი. ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართულ აქციას Peace > War (მშვიდობა ომზე მეტია) არაერთი კომპანია გამოეხმაურა, ქართულმა ბრენდმა Giovanni Morra-მ კი ახალი პროდუქტი შემოგვთავაზა – საპასპორტე წარწერით 20% of my country is occupied by Russia, რომლის მეშვეობითაც, საქართველოს მოქალაქეებს, მსოფლიოს მასშტაბით, ამ მნიშვნელოვანი მესიჯის გავრცელების საშუალება ექნებათ. როგორ უნდა მოვყვეთ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის ისტორიას?
„როდესაც შეეცდებიან წაგართვან მიწა, მავთულხლართებით შემოიჭრან ეზოებში და შენს დამოუკიდებლობას ჩუმად და ნელ-ნელა დაეპატრონონ, აუცილებლად უნდა იპოვო გზა, მოყვე ოკუპაციის ისტორია. მჯერა, რომ თქვენ ყველას, ჩვენ ყველას, გვსურს ვუთხრათ მთელს მსოფლიოს, რომ ოკუპაცია აქ და ახლა ხდება, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, – წერს ბრენდის პერსონაჟი.
ოკუპაციის თემაზე შექმნილი საპასპორტე უკვე ხელმისაწვდომია. იდეის შესრულებასთან დაკავშირებულ დეტალებზე ბრენდის თანადამფუძნებლ – ნათია სვანიძისა და საპასპორტეს ვიზუალის ავტორ – გიორგი პოპიაშვილის კომენტარებს გთავაზობთ:
„ბრენდ პერსონაჟ ჯოვანი მორას ძირითადი ღირებულება არის გამოხატვის თავისუფლება და ამიტომ, ჩვენს ვებგვერდზე გვაქვს ბლოგი, სადაც პერსონაჟი წერს სხვადასხვა თემაზე. ჯოვანიმ გადაწყვიტა, რომ ოკუპაციის თემისთვის მიეძღვნა ბლოგპოსტი და პროდუქტიც. იმისათვის, რომ ერთგვარი პლატფორმა შეექმნა ადამიანებისთვის, რომ მათი მთავარი სათქმელი და მესიჯი მსოფლიოში გაევრცელებინათ. მანამდეც გვქონდა საპასპორტეები და გადავწყვიტეთ დაგვეტანა მათზე ოკუპაციის თემატიკის ვიზუალი, ჩვენი იდეა კი გიორგი პოპიაშვილმა შეასრულა“, – ნათია სვანიძე, „ჯოვანი მორას“ თანადამფუძნებელი.
„ჯოვანი მორას ვგულშემატკივრობ, როგორც ბრენდს. მომწონს რასაც აკეთებენ. გამიხარდა, რომ ეს თანამშრომლობა შედგა. პასპორტის ჩასადების ამ მნიშვნელოვან გზავნილად გამოყენების იდეა ჯოვანი მორას ეკუთვნის და ვფიქრობ, ძალიან რელევანტურია ეს მესიჯი ამ მატარებელზე. ვეცადე, ვიზუალს მაქსიმალურად მარტივად და გასაგებად გადმოეცა ეს იდეა – პასპორტის ყდის 20% ვიზუალურად მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული“, – გიორგი პოპიაშვილი, დიზაინერი.
„მჯერა, რომ ხშირად მცირე დეტალები იმაზე მეტს და უფრო ხმამაღლა ამბობენ ვიდრე სიტყვებს შეუძლიათ. და როდესაც თავისუფლება ვერასდროს შეეგუება მავთულხლართებს, შენი მთავარი სათქმელი შეიძლება პასპორტზეც დაიტანო და შენთან ერთად ამოგზაურო მთელ მსოფლიოში“,- ჯოვანი მორა.