in

ფარშევანგის სინდრომი, ანუ რა შეიძლება ამ ფრინველისგან ვისწავლოთ

ბერტრანდ რასელი არის ავტორი წიგნისა: „ბედნიერების დაპყრობა“, რომლის ერთ-ერთ თავშიც ის ფარშევანგზე საუბრობს. რასელი ამბობს, რომ როცა მამალი ფარშევანგი საკუთარ ბუმბულს დედალ ფარშევანგს აჩვენებს, ის გრანდიოზულად, ქედმაღლურად, შეიძლება ითქვას, ამპარტავნულადაც კი იქცევა. ეს ჩიტი მომენტით ცხოვრობს და სიამაყით წარმოაჩენს იმას, რაც აქვს.

აქ ორი რამის აღნიშვნაა მნიშვნელოვანი:

უპირველეს ყოვლისა, ფარშევანგს არასდროს ეპარება ეჭვი, რომ მისი კუდი საკმარისად კარგია იმისთვის, რომ ამით თავის მოწონება შეძლოს და რადგან ამის სჯერა, არც მისი თამამად წარმოცენა აშინებს.

და რა ხდება ჩვენს, ადამიანების შემთხვევაში? – როდესაც ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ვინმეს წინაშე წარდგენა გვიწევს, ვამოწმებთ სხვების ნამუშევრებს, რაც ჩვენს თავში დაურწმუნებლობას უსვამს ხაზს. თუ არ მოგწონს საკუთარი ნამუშევარი, უნდა იფიქრო, როგორ გააუმჯობესებდი მას?! დააფასე საკუთარი შრომა, ის დროისა თუ ენერგიის რესურსი, რომელიც მასში ჩადე. გახდი საკუთარი თავის კონკურენტი და შეეჯიბრე მხოლოდ და მხოლოდ მას. რადგან როგორც კი საკუთარ თავს სხვების შესაძლებლობებს ადარებ, რთულია, იყო ობიექტური. გააჩნია, რა მდგომარეობაშია შენი ფსიქიკური ჯანმრთელობა და ამის მიხედვით, ან ზედმეტ შესაძლებლობებს მიაწერ საკუთარ თავს, ან არადა „თვითმარქვიის სინდრომი“ შეგიპყრობს და დაიწყებ საკუთარ თავში შიშით იმის აღმოჩენას, რომ სინამდვილეში შენ არ იმსახურებ იმ წარმატებას, რომელიც გაქვს და არ ფლობ ისეთივე საჭირო უნარებს, როგორსაც სხვები.

უკუკავშირისთვის ღია უნდა იყო ყოველთვის, მაგრამ მოსინჯე ის, რაც შენთვის იქნება სწორი. ყველაფერს ფილტრის გარეშე ნუ მიიღებ.

ფარშევანგის სტრატეგიის მეორე ნაწილი არის (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია), რომ ის არასდროს უყურებს სხვის კუდს. ანუ, ის არ ხდება კონტრასტის მსხვერპლი.

ყველა ფარშევანგი დარწმუნებულია, რომ მისი კუდი მსოფლიოში საუკეთესოა. და სწორედ ამიტომ, ფარშევანგები მშვიდობიანი ფრინველები არიან.

წარმოიდგინეთ, რა უბედური იქნებოდა ფარშევანგის ცხოვრება, მისთვის ვინმეს ესწავლებინა, რომ ცუდია, როცა საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენა გაქვს. საკუთარი შესაძლებლობების გჯერა. და როცა ის სხვა ფარშევანგს დაინახავდა, გაიფიქრებდა:  „არ მინდა, წარმოვიდგინო, რომ ჩემი კუდი სხვისაზე უკეთესია, ეს ხომ ნარცისულია. მაგრამ ეს საზიზღარი ჩიტი, ნახეთ, აღფრთოვანებულია თავისი კუდით…“ ეს ყველაფერი ადამიანურად შეგვიძლია, ვთარგმნოთ გაღიზიანებაში, საკუთარ თავში დაბადებულ ეჭვსა და შურში.

იყავი დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში. კი, შეიძლება ახლა იქ არ ხარ, სადაც უნდა იყო, მაგრამ გახსოვდეს, რომ შენი კეთილსინდისიერი შრომა ღირებულია და ნურავინ შეგაშინებს. სხვისი წარმატება შენს წარუმატებლობას არ ნიშნავს და პირიქით. ცნობისმოყვარეობით, შრომით, თავდადებით შეძლებ გამარჯვებას. ოღონდაც, მხოლოდ საკუთარ თავზე გამარჯვებას.

ნებისმიერ დროს, როცა ტვინში ეჭვები შემოგიფრინდება და ბოროტულ თამაშს დაგიწყებს, გაიხსენე, რომ ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი ულამაზესი კუდი, რომლითაც თავის მოწონება შეგვიძლია. ნუ შეგაშინებს სხვისი ბუმბულები. შენ შენი ბუმბულით დაფასდები.

წყარო: medium



მოემზადე მოგონებებთან შესახვედრად! – საქართველოს ბანკი

მარკეტინგის ევოლუცია – “პროდუქტიდან – მომხმარებლამდე, მომხმარებლიდან – ადამიანის გულამდე”