in

Pendant – სხვადასხვა სიმბოლიკის მქონე გულსაკიდების ქართული სტარტაპი

Startauperi
Startauperi

Pendant-პენდანტი გულსაკიდების ქართული სტარტაპია, რომელიც წელიწად-ნახევარია, არსებობს და მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა დატვირთვის მქონე ყელსაბამებს, მაგალითად, რომელიმე სერიალიდან ან ფილმიდან, სიმბოლიკებს, ვთქვათ, მედიცინის ან მუსიკის სფეროდან და ა.შ. დამფუძნებელი სოსო ნებიერიძეა, რომელიც საკუთარ ძმასთან ერთად უძღვება ბიზნესს. მარკეტერი ესაუბრა სოსო ნებიერიძეს სტარტაპის იდეაზე, პროდუქციის იმპორტსა და საფასო პოლიტიკაზე.

M: სოსო გაგვეცანით, პროფესიით ვინ ხართ და ბიზნესის კეთების რა გამოცდილება გქონდათ პენდანტის“ საქმიანობის დაწყებამდე?
პროფესიით ვარ ნეოგრეცისტი, ანუ ბერძნული ენის სპეციალისტი, დავამთავრე თსუ ამ განხრით, მაგრამ ყოველთვის ბიზნესსაქმიანობით ვიყავი დაინტერესებული და ჩემი პროფესიით მუშაობა იდეაშიც არასდროს მქონია. პენდანტის შექმნამდე, მქონდა ძაფებისა და წვრილმანების პატარა მაღაზია.

M: თავდაპირველად, რა სახის პროდუქცია შესთავაზეთ მომხმარებლებს?
თავდაპირველად, შევიძინე, ძირითადად, მუსიკალური ჯგუფების გულსაკიდები და რამდენიმე ძალიან ცნობილი ფილმიდან აქსესუარები, მაგრამ ეს იყო ძალიან მცირე ნაწილი იმისა, რისი გაყიდვაც მე მსურდა, უბრალოდ, ჯერ არ ვიცოდი, საიდან უნდა ჩამომეტანა, თურქეთში იყო ძალიან მწირი არჩევანი და ფასებიც არ იყო მაინცდამაინც მოსაწონი.

M: პირველი მაღაზია როდის გახსენით „გლდანი მოლში“ და შემდეგ რა ეტაპზე მიხვდით, რომ ფილიალების დამატებაც იყო საჭირო?
პირველი მაღაზია გავხსენით 2016 წლის თებერვალში, რამდენიმე თვეში, ჩვენს ფეისბუკგვერდზე უკვე მოგვდიოდა არაერთი წერილი, რომ გლდანი ბევრისთვის იყო ძალიან შორს და გვთხოვდნენ, რომ სხვა ლოკაციებზეც გაგვეხსნა მაღაზია. იანვარში, გავხსენით მეორე ფილიალი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“, ხოლო თებერვალში, უკვე საბურთალოს „სითი მოლში“, მესამე ფილიალით გავამდიდრეთ ჩვენი კომპანია. ახლა რეგიონებით ვართ დაინტერესებული და შევეცდებით, ქუთაისი და ბათუმიც ავითვისოთ.M: რა მასალისგან კეთდება აქსესუარები და ხელით იქმნება, თუ ქარხნულად მზადდება?
ძირითადად, ყველაფერი, რაც გვაქვს, არის ბიჟუტერია. გვაქვს, ასევე, ტიტანის აქსესუარებიც, რომელიც ფერს არ იცვლის. ყველაფერი მზადდება ჩინეთში, ქარხნულად და ხარისხიანად. სამომავლოდ, შეიძლება ვერცხლის შემოტანაზეც ვიფიქროთ.

M: ჩინეთიდან მუდმივად ახორციელებთ პროდუქციის იმპორტს?

 სექტემბრიდან დავიწყეთ ჩინეთიდან ჩამოტანა, დიდ-დიდი პარტიები ჩამოგვაქვს, წელიწადში, 2-3 ჯერ , შიგადაშიგ, ინტერნეტის საშუალებითაც ჩამოგვაქვს მცირე პარტიები.

M: როგორია თქვენი საფასო პოლიტიკა?
ვცდილობთ, ყველაფერი იყოს, მაქსიმალურად, ხელმისაწვდომი ნებისმიერი სეგმენტისთვის. მხოლოდ ჩვენთან შეუძლია მომხმარებელს, მაგალითად, სულ რაღაც 2 ლარად შეიძინოს ყელსაბამი. ასეთი გულსაკიდების ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს და ძირითადად, ეს გათვლილია სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, ასევე, ტურისტების მხრიდანაც დიდი დაინტერესება შეინიშნება.M: შეკვეთა თუა შესაძლებელი, მაგალითად, მომხმარებელს რაც სურს, ის  კონკრეტული სიმბოლიკა შეუკვეთოს და რა ფორმით ხდება კომუნიკაცია?
ასე პირდაპირ შეკვეთებს არ ვიღებთ, მაგრამ თუ რომელიმე კონკრეტულ აქსესუარს რამდენიმე ადამიანი გვთხოვს, ვითვალისწინებთ მათს სურვილებს და ვცდილობთ, ასეთი აქსესუარებიც იყოს წარმოდგენილი შემდგომ კოლექციებში.

M: რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში?
ჩვენს კომპანიაში, ამჟამად, 7 ადამიანია დასაქმებული.

 M: როგორია თქვენი წლიური ბრუნვა, გაამართლა, თუ არა იდეამ?
რიცხვების დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ პირველი წელი ძალიან კარგი იყო, ახალი წლის პერიოდმა, განსაკუთრებით, მოლოდინებს გადააჭარბა,  ხოლო მეორე წელი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, ბევრად უკეთესად გამოიყურება.

კრეატიული პოსტერები აქტუალურ სოციალურ თემატიკაზე

TALKS-ის სპიკერი როზა სინაისკი მარკეტინგის როლზე მოდის ინდუსტრიაში