პენტაგონი ცდილობს შექმნას ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც ჯარისკაცებს გონებით დრონის მართვა შეეძლებათ. ამისთვის, მათ უკვე დაიქირავეს მკვლევარების 6 გუნდი. ერთ-ერთი გუნდი, Carnegie Mellon-ის უნივერსიტეტიდან, ტესტავს ელექტრული და ულტრაბგრერითი სიგნალების აღქმას, არაინვაზიური მოწყობილობების მხრიდან. Johns Hopkins-ის უნივერსიტეტის მკვლევარები კი აპირებენ ინფრაწითელი სხივების გამოყენებას.
აღსანიშნავია, რომ პროექტი გულისხმობს არაინვაზიური ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისების (BCI) შექმნას. ანუ ისეთი მოწყობილობების, რომელთაც ტვინის იმპულსების წასაკითხად არ დასჭირდებათ ტვინის ზედაპირზე ინპლანტირება. ისინი ამას თავის ქალისა და კანის გარედან, ოპერაციული ჩარევის გვერდის ავლით შეძლებენ.
ისეთი მოწყობილობის შექმნა, რომელიც სამხედროებს დრონების ფიქრით მართვას შეაძლებინებს, კითხვებს ბადებს. მაგალითად, რა მოხდება, თუ სამხედრო, შემთხვევით, სხვა რამეზე დაიწყებს ფიქრს. ან თუ მტერი შეძლებს მოწყობილობის კონტროლს?
იმ კითხვების მიღმა, რომლებიც „რა მოხდება, თუ“-თი იწყება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი ტექნოლოგია, რომელიც დასაწყისისთვის, სამხედრო მიზნებისთვის შეიქმნა, საბოლოოდ, ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაში აღმოჩნდება ხოლმე. რა თქმა უნდა, პენტაგონი მუშაობს შესაძლო რისკების თავიდან ასარიდებლად, თუმცა, მათი ზუსტად წინასწარმეტყველება და მით უფრო, წინასწარ გადაჭრა, რთული ამოცანაა.
ისეთმა ტექნოლოგიამ, როგორზეც დღეს პენტაგონი საუბრობს, შეიძლება არამხოლოდ დრონის, არამედ სხვა ნებისმიერი მოწყობილობის გონებით მართვამდე მიგვიყვანოს. ყველაზე ამაღელვებელი კი მაინც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებში, მსგავსი მოწყობილობის გამოყენების წარმოდგენაა. პარალიზებული, ან ამპუტირებულ კიდურებიანი ადამიანებისთვის, მსგავსი ტექნოლოგიური სიახლეები ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. მაგალითად, ეს შესაძლებელს ხდის ერთგვარი ჯავშნის გონებით კონტროლს, რომელიც მათ სურვილისამებრ გადაადგილების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ აქამდე, მსგავსი მიზნისთვის გამოყენებული მოწყობილობის ასამუშავებლად მისი ტვინში იმპლანტირება იყო საჭირო.
ჯერჯერობით, სპეციალისტები ტექნოლოგიის შექმნის ეტაპზე არიან და ჯერ კიდევ დიდი გზაა იქამდე, სანამ მათ ხელთ ექნებათ არაინვაზიური მოწყობილობა. ანუ, მით უფრო შორია იქამდე, სანამ მსგავს მოწყობილობას სამხედროები, თუ მოქალაქეები გამოიყენებენ.