ნორვეგიის ნისლით დაფარულ სვალბარდის არქიპელაგში პოლარული დათვების სამდღიანი ძიების შემდგომ, საექსპედიციო გემმა Nima-მ გადაწყვიტა, კურსი შეეცვალა და იქითკენ წასულიყო, სადაც ჯერ კიდევ გვხვდება ყინული. ზუსტად აქ გადააწყდნენ ორ პოლარულ დათვს. შუაღამემდე კი ახალგაზრდა მამრი თავისი ძლიერი თათებით პატარა აისბერგზე აძვრა, საწოლი მოიწყო და დაიძინა… ნიმა სარიხანიმ სწორედ ამ საოცარი მომენტის აღბეჭდვა მოახერხა და Wildlife Photographer of the Year People’s Choice Award-ის გამარჯვებულიც გახდა.
„ჩემთვის დიდი პატივია People’s Choice-ის ჯილდოს მოპოვება ველური ბუნების ფოტოგრაფიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსში. ამ ფოტომ დამთვალიერებლებში ძლიერი ემოციები გამოიწვია. კლიმატის ცვლილება ჩვენ წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევაა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს ფოტო იმედს მოგვცემს, ჯერ კიდევ არის დრო, ის არეულობა გამოვასწოროთ, რომელიც თავადვე შევქმენით“, — განმარტავს ნიმა.
Wildlife Photographer of the Year People’s Choice Award-ისთვის წელს 25 ფოტო შეირჩა, 75 000-ზე მეტმა გულშემატკივარმა კი სწორედ ნიმას მისცა ხმა. Natural History Museum-ის ხელმძღვანელის დუგლას გურის თქმით, „ნიმას საოცარი სურათი საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ ჩვენი პლანეტის სილამაზე და მოწყვლადობა. დამაფიქრებელია, შეგვახსენებს ცხოველისა და მისი საცხოვრებლის კავშირზე, ვიზუალური პრეზენტაციაა გლობალური დათბობის დამანგრეველი გავლენისა…“.

ყურადღების გარეშე ვერც „ბედნიერ კუს“ დავტოვებთ, რომელიც ფინალისტებს შორის მოხვდა, ზაჰი ფინკელსტინმა ველური ბუნების მოყვარულების დაინტერესება მოახერხა კუსა და მწერის ურთიერთობის ასახვით. აქვე უნდა ვახსენოთ დანიელ დენჩესკუს Starling Murmuration, მარკ ბოიდის Shared Parenting, რომელზეც ლომების ოჯახია გამოსახული და აუდუნ რიკარსდენსის Aurora Jellies.

Natural History Museum-ის მიერ ნიმასა და 4 ფინალისტის Highly Commended სურათი, როგორც უკვე გითხარით, 25 ფოტოსგან შეირჩა. თუმცა მანამდე საერთაშორისო ჟიურის წინაშე Wildlife Photographer of the Year-ის 49-ე კონკურსისთვის 50 000 სურათი იყო წარდგენილი… მონაწილეობის მიღება კი როგორც მოყვარულ, ისე პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეეძლოთ.


