შეიძლება მსოფლიო დონის ბრენდი იყო, მაგრამ შეცდომები მაინც მოგივიდეს და ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე სწორედ ამას გვასწავლის. უცხოური გამოცემები წერენ, რომ Pepsi-მ წინა შეცდომებიდან ვერაფერი ისწავლა. მას შემდეგ, რაც წლების წინ ბრენდი ზედმეტად „პროგრესულად“ გამოჩენის მცდელობის გამო გააკრიტიკეს, ამჯერად მან საპირისპირო მიმართულებით გადაუხვია – და შედეგიც ისევ წარუმატებელი აღმოჩნდა.
კომპანიამ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი წაშალა და ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც მომხმარებელთა ნაწილმა ის თანხმობისა და სექსუალური ძალადობის თემის გაუფასურებად აღიქვა. ეს შემთხვევა იმდენად ჰგავს წარსულის ცნობილ PR-კრიზისებს, რომ მსგავსი შეცდომა, წესით, საერთოდ აღარ უნდა განმეორებულიყო.
მართალია, ზოგი მომხმარებელი ამტკიცებდა, რომ პოსტს სექსუალური კონტექსტი არ ჰქონია, მაგრამ ბრენდული კომუნიკაციის შემთხვევაში მთავარი მნიშვნელობა არა ავტორის განზრახვას, არამედ იმას აქვს, თუ როგორ აღიქვა გზავნილი აუდიტორიამ, და კი, ბევრისთვის ეს პოსტი გაუპატიურებაზე ხუმრობას ჰგავდა.
სწორედ ამიტომ, სოციალური მედიის გუნდის პასუხისმგებლობაა, წინასწარ შენიშნოს ისეთი ორმაგი მნიშვნელობები, რომლებმაც შესაძლოა ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელი ან მტკივნეული ასოციაციები გამოიწვიოს.
Pepsi-მ მალევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბოდიში მოიხადა და პოსტიც წაშალა.

თუმცა, როგორც ხშირად ხდება, ბოდიში უკვე დაგვიანებული იყო. პოსტი Threads-ზე გავრცელებულმა კრიტიკამ მალე სხვა პლატფორმებზეც გადაიტანა, სადაც სქრინშოტები სწრაფად გავრცელდა და ბრენდის რეპუტაციულ ზიანსაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის
მსგავსი მაგალითები ბრენდების ისტორიაში არაერთია.
თითქმის ათი წლის წინ Bud Light-მა გაყიდვიდან ამოიღო ლუდის ბოთლები წარწერით:
“The perfect beer for removing ‘no’ from your vocabulary for the night.”
კრიტიკოსების შეფასებით, ეს ფრაზა „არა ნიშნავს არას“ პრინციპს აკნინებდა და სექსუალური თანხმობის თემას არასერიოზულად წარმოაჩენდა.
2012 წელს Belvedere Vodka-საც მოუხდა ბოდიშის მოხდა პოსტის გამო, სადაც გამოსახული იყო მამაკაცი, რომელიც გაქცეულ ქალს იჭერდა, წარწერით:
“Unlike some people, Belvedere always goes down smoothly.”
ბოლო წლებში კი მსგავს კრიტიკაში Bumble-იც გაეხვა თავისი ანტიცელიბატის სარეკლამო კამპანიის გამო.
დღეს ბევრი ბრენდი სოციალურ ქსელებში უფრო არაფორმალურ და თავისუფალ ტონს ირჩევს. თუმცა სპონტანურობასა და დაუდევრობას შორის ზღვარი ძალიან მცირეა.
როდესაც ბრენდები ცდილობენ, ზედმეტად თამამნი გამოჩნდნენ ან პროვოკაციულ თემებს ეთამაშონ, ერთი არასწორი ფრაზაც კი საკმარისია იმისთვის, რომ კრიზისი წუთებში გავრცელდეს. სოციალური ქსელების ეპოქაში ასეთი შეცდომები ელვის სისწრაფით მრავლდება და რეპუტაციული ზიანიც ბევრად უფრო მასშტაბური ხდება.
Kendall Jenner-ის მონაწილეობით წარუმატებელი კამპანიის შემდეგ Pepsi კიდევ ერთხელ აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში. შესაძლოა, დრო მოვიდა, მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა სასმელების ბრენდმა „ზედმეტად თავისუფალ” იმიჯზე უარი თქვას და კომუნიკაციაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს.











