მსოფლიო მასშტაბით, ფეხბურთის გულშემატკივრები მიჩვეულნი არიან, რომ დიდი ტურნირების დროს საყვარელი მატჩების სანახავად ღამის გათენებაც უწევთ. ახლა კი Pepsi ცდილობს, ეს გამოცდილება მათთვის ცოტა უფრო მარტივი გახადოს.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში, ბრენდმა ახალი, შეზღუდული გამოშვების პროდუქტი Pepsi Night Edition წარადგინა, რომელიც სპეციალურად ღამის საათებში მატჩების მაყურებლებისთვის შეიქმნა.
ახალი სასმელი Pepsi-ს კლასიკური კოლის ვერსიას წარმოადგენს, თუმცა გაზრდილი აქვს კოფეინის შემცველობა. კამპანია ძირითადად ახლო აღმოსავლეთის ბაზარზეა გათვლილი, სადაც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის არაერთი მატჩი, ადგილობრივი დროით, გვიან ღამით ან გამთენიისას გადაიცემა.
Pepsi-ს ახალი პროდუქტი არ გვთავაზობს ახალ გემოს – მისი მთავარი უპირატესობა ენერგიის დამატებითი დოზაა. კომპანია იმ პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ფეხბურთის გულშემატკივრები თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონატის დროს აწყდებიან: როგორ დარჩნენ ფხიზლად მატჩის ბოლო სასტვენამდე.
Pepsi Night Edition-ში კოფეინის შემცველობა 13.9 მგ-ს შეადგენს 100 მლ-ზე, მაშინ როცა სტანდარტულ Pepsi-ში ეს მაჩვენებელი 10.7 მგ-ია. მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა შედარებით მცირეა, ბრენდის აზრით, ეს საკმარისია იმისთვის, რომ მისი სასმელი ღამის მატჩების უკეთეს თანამგზავრად იქცეს.
პროდუქტის გამოშვება Pepsi-ს სპორტული მარკეტინგის სტრატეგიის ნაწილიცაა. კომპანიამ ასევე წარადგინა ინიციატივა Pepsi Football Nation, რომელიც ფეხბურთის კულტურის იმ მხარეს ეძღვნება, რაც მხოლოდ თამაშის ყურებით არ შემოიფარგლება. პლატფორმა ყურადღებას ამახვილებს გულშემატკივრების ტრადიციებზე, მატჩების ყურების რიტუალებზე, მეგობრებთან ერთად გამართულ შეკრებებზე და იმ ემოციებზე, რომლებიც ფეხბურთს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სპორტად აქცევს.
Pepsi-სთვის ფეხბურთი მხოლოდ სპონსორობა და ლოგოს გამოჩენა აღარ არის – ბრენდი ცდილობს, თავად გახდეს იმ გამოცდილების ნაწილი, რომელსაც გულშემატკივრები მსოფლიო ჩემპიონატების დროს გაიზიარებენ.












