მას შემდეგ, რაც Coca-Cola-მ თავისი გლობალური ვიზუალური იდენტობა განაახლა, Pepsi კონკურენტს სოციალურ ქსელში ირონიული ვიდეოთი გამოეხმაურა.
Coca-Cola-ს რებრენდინგი კომპანიის შეფუთვის დიზაინის პირველი მნიშვნელოვანი განახლებაა ბოლო წლების განმავლობაში. ახალ დიზაინში ქილებზე ვერტიკალური ლოგო დაბრუნდა, აღდგა 1969 წელს შექმნილი Dynamic Ribbon, ხოლო წლების განმავლობაში გამოყენებული sans-serif შრიფტი სპეციალურად შექმნილმა serif ტიპოგრაფიამ ჩაანაცვლა. Coca-Cola Zero Sugar ვიზუალურად უფრო დაუახლოვდა კლასიკურ Coca-Cola-ს, შავი ელემენტები კი უფრო მინიმალისტური გახდა. არომატიზებულ ვერსიებში ლოგოებს ხილის ილუსტრაციებიც დაემატა. ახალი შეფუთვა ეტაპობრივად აზიაში, ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში ინერგება.
Pepsi-მ ამ ცვლილებებს კონკურენტის სახელის ხსენების გარეშე უპასუხა. ბრენდმა გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც კომპანიის ხელმძღვანელები თითქოს ახალი Pepsi-ს ლოგოს განიხილავენ. შეხვედრაზე ორი თითქმის იდენტური ვერსიაა წარმოდგენილი, დამსწრეები მათ ყურადღებით აკვირდებიან, შემდეგ კი ტაშს უკრავენ.
ვიდეოების ბოლოს „დოკუმენტური“ სტილის ინტერვიუში პერსონაჟები აღიარებენ, რომ ორივე ლოგო სინამდვილეში ერთი და იგივეა. ვიდეო მთავრდება ფრაზით: „თუ გაფუჭებული არ არის, ნუ შეაკეთებ”.
ეს კიდევ ერთი ეპიზოდია Coca-Cola-სა და Pepsi-ს მრავალწლიანი კონკურენციის ისტორიაში, რომელიც დიდი ხანია რეკლამებსა და სოციალურ ქსელებშიც გრძელდება. მაშინ, როცა Coca-Cola-მ საკუთარი ისტორიული ვიზუალური ელემენტები დააბრუნა, Pepsi ბოლო წლებში საკუთარ იდენტობას ეტაპობრივად ამყარებს – განაახლა ლოგო, გააძლიერა ვიზუალური სტილი და მეტი ყურადღება Pepsi Zero Sugar-ს დაუთმო.
შეიძლება აღნიშნული ვიდეორგოლები ჩვეულებრივი იუმორია, მაგრამ ერთი რამ აშკარაა – “Cola Wars” ჯერ დასრულებული არ არის.












