ადამიანის ტვინი საოცრად კარგად ადაპტირდება სინათლის სხვადასხვა პირობებთან. ამის მაგალითია შეფერილი სათვალის გაკეთება — თავიდან მკვეთრად ვატყობთ ცვლილებას, შემდეგ კი გარემოს ფერები კვლავ „ნორმალურ“ მოცემულობას უბრუნდება. მსგავსი რამ ბუნებრივადაც ხდება ასაკის მატაბასთან ერთად, რადგან ხანდაზმული ადამიანების თვალის ბროლი ყვითლდება. მიუხედავად ამისა, მათ მიერ აღქმულ ფერებს ყვითელი ტონი არ დაჰკრავს, ვინაიდან არსებულ სხვაობას ტვინი ავტომატურად ასწორებს.
თუმცა საინტერესოა, როგორ მოერგება ტვინი ფერებს სრულიად ახალ გარემოში — დედამიწის ფარგლებს გარეთ. „რომელი საშუალო ფერიც უნდა იყოს, საბოლოოდ ის ნაცრისფრად აღიქმება“, — ამბობს ნევადის უნივერსიტეტის პროფესორი, მაიკლ ვებსტერი.
ვებსტერის კვლევის მიხედვით, ანალოგიური მექანიზმი, რომელიც გაყვითლებულ თვალის ბროლს და შეფერილ სათვალეებს ასწორებს, სხვა პლანეტებზეც ამოქმედდება. იმისდა მიხედვით, თუ რა ფერები ჭარბობს ახალ გარემოში, ასტრონავტის ტვინი მათ უფრო ნეიტრალურ აღქმას მოერგება. მაგალითად, წითელ პლანეტად წოდებული მარსი სულაც არ აღიქმება მკვეთრ წითლად — სანაცვლოდ, უფრო მოყავისფრო ან მონაცრისფრო ელფერი იქნება. ხოლო ცა ნარინჯისფრის ნაცვლად, მოლურჯო იქნება.
ცხადია, მარსის მაგალითს ვერ განვაზოგადებთ — ყველა უცხო პლანეტაზე ცას ლურჯად ვერ დავინახავთ, რადგან ეს ატმოსფეროში შემომავალი სინათლის დომინანტურ ფერზეა დამოკიდებული. ამას ემატება „გონებრივი ფილტრიც“, რომელიც მხოლოდ შეფერილობით არ შემოიფარგლება და ინტენსივობასაც არეგულირებს. უფრო კონკრეტულად, შეზღუდული ფერთა გამის მქონე პლანეტაზე ადამიანის ტვინი მცირე ცვლილებების მიმართაც ძალიან მგრძნობიარე იქნება. ამიტომაცაა, რომ დროთა განმავლობაში მკრთალ ფერებსაც მკვეთრად დავინახავთ.
აქვე აღსანიშნავია, რომ მეცნიერები უკვე მუშაობენ ამგვარი პრინციპით მომუშავე ტექნოლოგიაზე, რათა დედამიწის პირობებშივე მოახერხონ ტესტირებების ჩატარება. ამის შედეგია კომპიუტერული ალგორითმი, სახელწოდებით Sea-thru — ეს უკანასკნელი წყალქვეშ გადაღებულ სურათებსა და ვიდეოებს არეგულირებს, რათა ხმელეთზე გადაღებულის ეფექტი მიეცეს. აქ მთავარი სილურჯის კორექტირებაა, რადგან ის ხილული სინათლის სხვა ფერებს ფარავს.