მარკეტერზე ძირითადად, მარკეტინგის სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებით შემოვიფარგლები ხოლმე, მაგრამ დღეს მინდა, რომ თემას გადავუხვიო და არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხი წამოვჭრა, რაც პირდაპირ ახდენს ჩვენი განვითარების დონეზე ზეგავლენას.
ამასწინათ, ჩემს ქვეყანას მონატრებული, ჩამოვედი და საკვები შევიძინე ერთ-ერთ მაღაზიათა ქსელში, მეთქი გემრიელად შევჭამ, ამდენი ევროპული გლუტეინ-ფრი, შუგარ-ფრი, ლაქტოზ-ფრი და ათას ქემიქალ-ფრი საკვებით შეღონებული, მამაპაპურად წავიხემსებთქო და ჰოი საოცრებავ, მთელი ოჯახი სალმონელოზით ჩავწექით ინფექციურში. აღმოჩნდა, რომ მწარმოებელს ვადიანობა ჰქონდა დარღვეული და სულ რაღაც 200 ლარით დააჯარიმეს ბიზნესი, ოჯახი კი, მძიმე ბაქტერიისგან თავის დასაღწევად გრძელვადიანი მკურნალობით დავზარალდით. მერე საქმე მქონდა ერთ-ერთ სამთავრობო უწყებასთან და ერთსა და იმავე კითხვაზე სამი სხვადასხვა პასუხი მივიღე. ეტყობა, ინტერაქციის ახალი ფორმაა – თავად ირჩევ რომელი პასუხი მოგწონს და განვითარებას ელოდები. მერე ბინაში ხელოსანი დამჭირდა და მეორე დღეს, როცა სამუშაო უნდა შეესრულებინა ბიცოლა გარდაეცვალა, იმის მერე გლოვობს და აღარ ჩანს… მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, არაფერი ახალი არ მომხდარა, საქართველოში მცხოვრებს რომ არ გადახდენია.
მაგრამ რა გვიშლის ხელს რომ ეს მოცემულობა შევცვალოთ? აბსოლუტურად ყველა სექტორი განიცდის კვალიფიციური კადრების ნაკლებობას და სამწუხაროდ ეს სენი კიდევ უფრო მასობრივ სახეს იღებს. არადა, თითქოს შრომით ბაზარზე უამრავი სამსახურის მაძიებელია. ამ კითხვაზე პასუხი პირად პასუხისმგებლობამდე დავიყვანე, რომ პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, თავი ვალდებულად ჩავთვალო, რომ ჩემ მიერ გაკეთებული საქმე პროფესიონალურად შესრულებული იყოს, რომ შესაბამისად, სხვას ანალოგიური მოვთხოვო. არ შეიძლება რომ პაციენტს არასწორი დიაგნოზი დაუსვა, იმიტომ რომ ოდესღაც საავადმყოფოში მოსაწყობად თანხა გადაიხადე და იმავე დღეს რესტორნის მენეჯერი გალანძღო არასათანადო მომსახურებისათვის. მოდით, ყველამ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ და ვნახოთ საითკენ წავა სახელმწიფოებრივი აზროვნება.
პირველი ბარიერი – საბაზისო განათლება და მიდგომებია, რომელიც უბადლოდ ასრულებს როლს თავისუფალი აზროვნების დამახინჯებაში. სამწუხაროდ, თითქმის ყველა სახელმწიფო სკოლაში ასწავლის ისევ ის თაობა, რომელმაც შევარდნაძის დროინდელი კორუმპირებული ჩინოვნიკები გამოზარდა, აი, მერე ტელევიზიის თანდასწრებით, ამ პედაგოგებს მიხაკებით დამშვენებული რომ დაადგებიან ხოლმე და წარმატებული მოსწავლის პროფილის შესაქმნელად გულში იხუტებენ…. რა ვქნათ, გადავამზადოთ ეს ხალხი? გავიღოთ გადასახადის გადამხდელებმა მეტი ხარჯი, რომ ხელფასები მოვუმატოთ, რათა მიდგომები შეცვალონ? ეშველება კი განათლების სისტემას ხელფასების მომატებით? ზრდის კი დღევანდელი პედაგოგი იმ თაობას, რომელსაც ანალიტიკური უნარები აქვს, ინოვაციისადმი ლტოლვა გააჩნია ან თავისუფალი აზროვნება?
მოდით, უმაღლეს სასწავლებლებშიც შევიხედოთ. ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს ასწავლიან არა ამ საქმის უშუალო შემსრულებლები, არამედ თეორეტიკოსები, რომლებმაც 2-3 წიგნი კარგად დაამუშავეს, მერე ფაუერფოინტში ლექცია ააგეს და გამოცდები შეუდგინეს სტუდენტებს, რომ წიგნში დაწერილი ცოდნა შეუმოწმონ. არადა, ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ამ პროფესიას პრაქტიკაში ფლობს, მიზერული ანაზღაურების გამო არ დახარჯავს დროსა და ენერგიას ეს ცოდნა სხვას გადასცეს. მხოლოდ ენთუზიაზმი თუ იქნება ცოდნის გადაცემის მოტივაცია, რომ სანაცვლოდ, ამ საგანზე შეყვარებული სტუდენტი გაუშვას. შესაბამისად, უმრავლესობა უმაღლესი სასწავლებლებისა (გამონაკლისების გარდა) ისევ დიპლომის საბეჭდ ქარხანად გვევლინება, რომელიც ბაზარზე უშვებს არაკონკურენტუნარიან კადრს. ეს კადრი კი არათუ მზადაა 4 წლის განმავლობაში ათვისებული „ცოდნა“ ინდუსტრიას მოახმაროს, არამედ ხელახლა უწევს მას საბაზისო უნარების სწავლა, რომელიც სამუშაო ბაზრისთვის მისაღებია.
კიდევ ერთი პრობლემა: ამ მიჯღაბნილი პროექტებით გადაგორებული და ძლივს აღებული უმაღლესი დიპლომის პირობებში, სამსახურის მაძიებელი ხვდება, რომ მისი უნარები შრომითი ბაზრისათვის შეუსაბამოა და მოკლე გზის ძიებისას, იმის მაგივრად, ცოდნა გაიღრმავოს, იწყებს ყველა პროფესიის 2 თვეში ათვისებას. შედეგად ვიღებთ კიდევ უფრო დამახინჯებულ „პროფესიონალებს“, რომლებიც „ყველაფერჩიკები“ არიან, არადა რეალობაში „არაფერჩიკები“. იწყება ყველა პროფესიის 2 კვირიანი ტრენინგებით გადამზადება, თითქოს ის, რაც 4 წლის განმავლობაში სასწავლებელმა ვერ მისცა, ფრანგი ტრენერი ჟაკლინ ლებოში 2 კვირაში „დააწევს“ და პროფესიონალად გახდის.
ხშირად მსმენია სამსახურის მაძიებლებისგან, რომ იურისტის დიპლომი აქვს, თავისუფალ დროს კულინარიითაა დაკავებული, მარკეტინგის მოკლევადიან კურსს გადის და თუკი ვაკანსია გექნება ფინანსურ მენეჯერზე, თამამად გარისკავს მიმართოს კიდეც. რატომ? იმიტომ რომ სადღაც ხომ გაუმართლებს და მეორე მხარეს დახვდება ისეთივე ყველაფერჩიკი კომპანია, თავისივე გუშინ გამოჩეკილი ეიჩარით, რომელმაც პატრიკეთის სასულიერო ანსამბლთან არსებული ადამიანური რესურსების მართვის სერტიფიკატი აიღო…
შევიხედოთ შრომით ბაზარზე, რას ვხედავთ? გამომდინარე იქიდან, რომ არც სკოლაში, არც უმაღლეს სასწავლებელში ზრდასრული ადამიანი ვერ ითვისებს დღევანდელი სამუშაო ბაზრისათვის შესაფერის ცოდნასა და უნარებს, აღარც საქმის შემფასებელი გვხვდება და აღარც დამფასებელი.
ამ გამოუვალი სიტუაციის პირობებში კი ველით მესიას, რომელიც მხსნელად მოგვევლინება, დაგვილაგებს ცხოვრებას, ჩამოგვირიგებს ჩვენ წილ ფინანსურ დახმარებას და ყველა პრობლემას მოგვიგვარებს. ამისათვის, ხელგაშლილი ბრძოლას ვაჩაღებთ იმისტებთან, მერე ამისტებთან, რომ გადამრჩენელი ავირჩიოთ, არადა ეგენიც ერთი ჩვეულებრივი გაუმართავი სისტემის მსხვერპლნი არიან, რომელიც ათეული წლების წინ დამახინჯდა და მეოთხე თაობაც კი იმკის ამ მანკიერ ჩანასახს. სახელმწიფო არის მე, შენ და ჩვენ!
და ბოლოს, სანამ „ჯოს ჯოს“ სადღეგრძელოს შევსვამთ და გაბრწყინებული იბერიის მოლოდინში ჩავცლით ოციანს, გასაანალიზებლად დაგიტოვებთ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის 2019 წლის შედეგს, სადაც სამუშაო ძალის კვალიფიკაციის მიხედვით საქართველომ 141 ქვეყნიდან 125-ე ადგილი დაიკავა. ამ მაჩვენებელში გაერთიანებულია კურსდამთავრებულთა სამუშაო უნარები, კვალიფიციური ძალის მოძიების სირთულე, ციფრული უნარების შესაძლებლობები, გადამზადების სიმარტივე და ა.შ. წინ გვისწრებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა: ზამბია, ნეპალი, ბურუნდი და ეთიოპია და სხვა ჩვენთვის „ღარიბი“ ქვეყანა. აბა, მეგობრებო, საქართველოს გაუმარ…….!
ქეთი მეფარიშვილი – Marketer.ge – ის კონტრიბუტორი