in

როგორ უნდა მართონ თავი პერფექციონისტებმა?

როგორც აღმოჩნდა, ჩვენს მიდრეკილებას სრულყოფილებისკენ მზარდი ხასიათი აქვს — კონკრეტული მაჩვენებელი ბოლო 3 ათწლეულის მანძილზე 32%-ით გაიზარდა. სრულყოფილად ყოფნის სტრესზე ჩოგბურთის ვარსკვლავი სერენა უილიამსიც კი საუბრობდა, მისი თქმით, წარმატებას უკმაყოფილების დიდი ციკლი ახლდა თან…

pasha-statiebi
pasha-statiebi

პერფექციონიზმის დამახასიათებელი ნიშანიც მხოლოდ უნაკლობის ირაციონალურ საჭიროებას არ ეხება, არამედ უკმაყოფილების მუდმივ განცდას, მაშინაც კი, როცა წარმატებას აღწევთ. ხოლო უარესი ის არის, რომ მას შეუძლია ხელი შეგიშალოთ წარმატების მიღწევაში. 

ამასთან, მრავალი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ პერფექციონიზმი სამსახურში ადამიანებს მნიშვნელობის პოვნაში, კმაყოფილების განცდასა და სამუშაოსა და ცხოვრების ბალანსში უშლის ხელს. ამიტომ, დღევანდელ კონკურენტულ და რთულ ორგანიზაციულ რეალობაში წარმატების მისაღწევად მენეჯერებმა უნდა გაიაზრონ, რომ შესანიშნავი სამსახური სრულყოფილს ან უნაკლოს არ ნიშნავს. ამის ნაცვლად, ეს განვითარებადი პროცესია, სადაც თანამშრომლებს თავიანთი შედეგების გასაუმჯობესებლად ეძლევათ სივრცე, დრო და მოთმინება.

რა ტიპის პერფექციონისტი მენეჯერი ხართ?

პერფექციონიზმი სხვადასხვა გზით წარმოჩინდება და ადამიანებზეც განსხვავებულად ზემოქმედებს. უპირველესად კი, მენეჯერებმა უნდა დაადგინონ თავიანთი სრულყოფილების სტანდარტები. ამიტომ, ახლა პერფექციონისტების 3 გავრცელებულ ტიპს განვიხილავთ:

საკუთარ თავზე ორიენტირებული პერფექციონისტი: მას სწამს, რომ სრულყოფილება და მისკენ სწრაფვა მნიშვნელოვანი შედეგია. დამატებითი დამსჯელი აზრები და ნეგატიური თვითშეფასებებიც აქვს, როცა მისი შესრულება იდეალურ სტანდარტებს არ შეესაბამება. შესრულების მაღალ დონესაც აჩვენებს, მაგრამ შფოთვისა და გამოფიტულობის მიმართ მაინც დაუცველია.

სოციალურად მიჩნეული პერფექციონისტი: ზოგიერთ თანამშრომელს სწამს, რომ სხვები მათგან სრულყოფილებას მოითხოვენ. სჯერათ, რომ პატივისცემა და მიმღებლობა არის სრულყოფილების სტანდარტების შემავსებელი მდგომარეობა, ის, რასაც მათ ხელმძღვანელები აკისრებენ. სხვების მოლოდინების ეს არასწორი ინტერპრეტაცია კი არასაჭირო ზეწოლას ქმნის, რაც მათ დეპრესიისა და ფიზიკური დაავადებისკენ უბიძგებთ, იქნება ეს თავის ტკივილი, კვებისა თუ ძილის დარღვევა.

სხვაზე ორიენტირებული პერფექციონისტი: ეს კი ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც მენეჯერებს დღეს აწუხებთ — ტენდენცია, რომლითაც ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სხვების შესაძლებლობებსა და სრულყოფილებისკენ სწრაფვის სურვილს. ასეთი მენეჯერები სხვებისგან მუშაობის უმაღლეს ხარისხს ითხოვენ და მკაცრად აფასებენ მათ. ამის გამო კი, მენეჯერების ურთიერთობები და რეპუტაცია სამუშაო სივრცეში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვები მათ მოლოდინებს ვერ ამართლებენ. 

პერფექციონიზმის რისკების თავიდან აცილება

საბედნიეროდ, პერფექციონისტები მიზანსა და ქმედებებზე ორიენტირებულნიც არიან. ხოლო თუ თქვენც მათ რიგებში ხართ. ქვემოთ მოცემული სტრატეგიები მოლოდინების ხელახლა განსაზღვრასა და პერფექციონიზმის მართვაში დაგეხმარებათ.

შეიმუშავეთ სწორი მიზნები

ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო რამ, რისი გაკეთებაც პერფექციონისტებსა და მათთან მომუშავე ადამიანებს შეუძლიათ არის ისეთი მიზნების ჩამოყალიბება, რომლებიც მიღწევადია, მაგრამ გამოწვევებით სავსე. ამან თანამშრომლების ეფექტურობასა და მოტივაციას შეიძლება შეუწყოს ხელი. პერფექციონისტი მენეჯერებისთვის მაღალი შესრულების მოლოდინები მოკლე ხანგრძლივობის პროექტებზე ვრცელდება, რაც მაქსიმალურ ძალისხმევას მოითხოვს. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ პროგრესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სრულყოფილება. შესაძლოა, ამ მიზნების მისაღწევად თავდაპირველი წარმატებები თანამშრომლების წახალისებისა და მათი ენთუზიაზმის შენარჩუნებისთვის გამოიყენოთ. დიახ, მცირე მოგების აღიარება პროგრესს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. 

მიიღეთ მარცხი პროცესის ნაწილად

მენეჯერებმა უნდა გაიაზრონ, რომ მარცხი და შეცდომები სამუშაო პროცესის განუყოფელი ნაწილია. ამის გაკეთება მათ თანამშრომლებს საშუალებას მისცემს, შეცდომები სწავლის შესაძლებლობად მიიჩნიონ, გააფართოონ თავიანთი პერსპექტივები, იპოვონ პრობლემების გადაჭრისა და საქმის შესრულების ახალი გზები. არატოლერანტული მიდგომა კი, როცა თანამშრომლებს რისკებზე წასვლისა და შეცდომების დაშვების გამო საყვედურობენ, შემოქმედებით პროცესს უთხრის ძირს. 

განავითარეთ გონებამახვილობა

ეს ხელს უწყობს თვითთანაგრძნობას, თვითკრიტიკული და კატასტროფული აზროვნების თავიდან აცილებით, როცა სრულყოფილების სტანდარტებს საფრთხე ემუქრება. შესაძლოა, გონებამახვილობა მენეჯერებს ემოციების შენელებასა და დარეგულირებაში დაეხმაროს. მაგალითად, მუსიკოსებს, რომლებიც კვირაში ერთხელ მედიტაციას აკეთებდნენ, ბრაზის მართვაც უკეთ შეეძლოთ.

გამოიყენეთ გამამხნევებელი საუბრები

ფსიქოლოგები საკუთარ თავთან პოზიტიურ საუბრებს განიხილავენ, რათა დაძლიოთ კრიტიკული აზრები და განავითაროთ მანტრა, რომელიც, როგორც თქვენ, ისე თქვენს თანამშრომლებს პერფექციონიზმის დაძლევაში დაგეხმარებათ. მაგალითად, საკუთარ თავზე ორიენტირებულმა პერფექციონისტმა უნდა უთხრას საკუთარ თავს: სრულყოფილად ყოფნის სურვილი ჩემთვის შეუძლებელი და დამღლელია. არ არსებობს მიზეზი ჩემთვის, რის გამოც ყველაფერზე ბევრ დროს დახარჯავს. თუ მსურს გრძელვადიან პერსპექტივაში გავაგრძელო, თავს აუცილებლად უნდა მივცე დასვენების უფლება. ხოლო მენეჯერებმა, რომლებსაც საკუთარ თავზე ორიენტირებული პერფექციონისტი თანამშრომლები ჰყავთ, უნდა თქვან: ყოველთვის არ არის საჭირო მარტო იმუშაოთ. შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, როცა რაიმეზე შეფერხდებით. დიდ საქმეს ერთი ადამიანი ერთ ღამეში ვერ ასრულებს

მსგავსი საუბრები აძლიერებს საკუთარი თავისა და სხვების პოზიტიურ შეფასებებს, ეხება პერფექციონისტების ირაციონალურ და მტკივნეულ რწმენას, რომ ადამიანის ღირებულება მათ მიღწევებთანაა დაკავშირებული.

გააძლიერეთ პოზიტიური ინტერპერსონალური ურთიერთობები

კვლევის თანახმად, პერფექციონისტი მენეჯერები, რომელთაც მეგობრებისა და ოჯახისგან სოციალური მხარდაჭერა ჰქონდათ, უკეთ უმკლავდებოდნენ სტრესულ სიტუაციებს რჩევების, დაფასებისა და იმ გამხნევების გამო, რომელსაც მათგან იღებდნენ. 

მეტი პოზიტიური სოციალური გამოცდილების გასავითარებლად, პერფექციონისტებს უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა სოციალური ინტერაქცია არ ეხება პრობლემის გადაჭრასა და გამარჯვებას, პირიქით, სხვებთან კონკურენციისა და არასასურველი რჩევების მიცემის ნაცვლად, თანაგრძნობაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, პერფექციონისტები, რომლებიც თავიანთ კონკურენტულ სულისკვეთებას სხვების დასახმარებლად იყენებენ, სხვებთან პოზიტიურ ინტერაქციებსაც აძლიერებენ. ეს სიბრაზეს, დეპრესიასა და სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს, სოციალურ უნარებსაც აუმჯობესებს და ეხმარება მათ, დაინახონ თანამშრომლები და არა, მეტოქეები. 

მართეთ ემოციები

მენეჯერები, რომლებიც თანამშრომლებისგან სრულყოფილებას ითხოვენ, შესაძლოა, გაუცნობიერებლად გამოხატავდნენ სიბრაზეს, გაღიზიანებასა და იმედგაცრუებას. ამგვარად, მათ ემოციებზე დაფუძნებული სტრატეგიების განვითარებისგან უნდა მიიღონ სარგებელი, რათა აცნობონ თავიანთი მაღალი შესრულების სტანდარტები უფრო ემპათიური გზით. 

ემოციურად დატვირთულ სიტუაციებში მენეჯერებს შეუძლიათ თავიდან აიცილონ გადაჭარბებული რეაქცია. ამას უკან დახევით და სიტუაციის უფრო პოზიტიური გზის დანახვით მოახერხებენ. მაგალითად, როცა დასაქმებული ვერ ახერხებს მიზნის მიღწევას, პერფექციონისტ მენეჯერებს შეუძლიათ ხაზი გაუსვან იმ ახალ ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას, რომელიც მან მიიღო. აბსოლუტური წარუმატებლობის ნაცვლად, შესრულების ამ გზით გადახედვას შეუძლია თანამშრომლებს დაეხმაროს, გახდნენ მეტად პროდუქტიულები მომავალში. 

დაბოლოს, მათ შეუძლიათ უარყოფითი ემოციები იუმორის გამოყენებით შეასუსტონ, როცა პერფექციონისტულ სტანდარტებს საფრთხე ემუქრება.

საკვანძო საკითხი: გადახედეთ სამუშაოს, რომელიც საკმარისად კარგია

ინტენსიურმა კონკურენციამ და შეცდომებისადმი დაბალმა ტოლერანტობამ მენეჯერები აიძულა მუშაობის მომთხოვნი სტანდარტები დაეწესებინათ. ზოგი იმასაც კი ამტკიცებს, რომ საქმის მაღალი სტანდარტების გაერთიანება მკაცრ შეფასებასთან პროდუქტიულობას გაზრდის. თუმცა სრულყოფილებით გატაცებას, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა ჰქონდეს ჩართულობაზე, ურთიერთობებსა თუ ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსზე. დაბოლოს, ჩვენ უკეთ ვმუშაობთ და უფრო ბედნიერებიც ვართ, როცა საკმარისად კარგები ვართ და არა, სრულყოფილები. 

წყარო: HBR



Gucci-ს კამპანიაში სტენლი კუბრიკის სცენები გაცოცხლდა

ირაკლი დოლიძის ნამუშევრები LogoLounge Book 13-ში მოხვდა