მაღალი სტანდარტების ქონა ძალიან კარგია, მაგრამ ზოგჯერ მეტისმეტი მოგვდის — სარგებლის ნაცვლად დაბრკოლებებს ვაწყდებით. ეს ის მომენტია, როცა პერფექციონიზმის „ყულფში“ ვყოფთ თავს. უბრალოდ, ზოგჯერ ზედაპირულად მივიწებებთ ამ იარლიყს, რეალურად კი, პერფექციონიზმს კონკრეტული მახასიათებლები აქვს. სტატიაში სწორედ მასთან დაკავშირებულ 3 ნიშანს გაგიზიარებთ.
1. თქვენი სამუშაოების სია ძალიან გრძელია
მთავარი მიზეზი იმისა, რომ პერფექციონიზმი პრობლემაა, შესაძლებლობის ღირებულების კონცეფციაში მდგომარეობს. ეს უკანასკნელი ასე განიმარტება: ის, რისი გაკეთებაც იმ რესურსებით შეგეძლოთ, რომლებიც სხვა რამეზე დახარჯეთ. მაგალითად, მუსიკალური აღჭურვილობის ყიდვით, სხვა ნივთები მიუწვდომელი გახდება.
ანალოგიურად, დრო, რომელსაც უთმობთ კონკრეტულ პროექტს, არ შეიძლება სხვა რაღაცაზე გაფლანგოთ. პარალელურად, შესასრულებელი საქმეების სიაც გაიზრდება, რადგან თქვენ კი არ გცალიათ, მაგრამ სამყარო წინ მიდის… უბრალოდ, თუ აღმოაჩენთ, რომ თქვენი სამუშაოების სია ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე მათი შესრულება შეგიძლიათ, ამის პოტენციური მიზეზი არსებობს: ზედმეტად გადატვირთული ხართ დავალებებით. თქვენ კი ცდილობთ, ყველაფერს იდეალურად დაუთმოთ ყურადღება — არ შეგიძლიათ, საშუალოთი დაკმაყოფილდეთ, როცა აუცილებელი არაა, თითოეული საქმისთვის 100%-ით დაიხარჯოთ.
2. გაწუხებთ ის, რისი პროგნოზირებაც არ შეგიძლიათ
პერფექციონიზმით გამოწვეული მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ თქვენ ვერ განჭვრეტთ ყველა საკითხს, რომელიც შეიძლება წამოიჭრას პროექტში. რეალურად, თითოეული დეტალის წინასწარ განსაზღვრა ძალიან რთულია — რაღაცები მხოლოდ სხვადასხვა ეტაპზე იჩენს თავს.
მაგალითად, როდესაც პერფექციონისტები რაიმეს პირველად მონახაზს აკეთებენ, მაშინაც ცდილობენ, იდეალურად შეასრულონ. ვერ უძლებენ ცდუნებას, ნაკლები რესურსი ჩადონ იმაში, რასაც სამომავლოდ აუცილებლად დასჭირდება ცვლილება.
3. მეტისმეტად ღელავთ, რომ ვინმე შეცდომას იპოვის
პერფექციონისტების მთავარი შფოთვა იმას უკავშირდება, რომ ვიღაც რაიმე შეცდომას აღმოაჩენს მათ ნამუშევრებში. რა თქმა უნდა, რეპუტაციის გაფუჭება არავის უნდა, მაგრამ შეცდომის დაშვება სამყაროს დასასრულს არ უნდა ნიშნავდეს. სამწუხაროდ, ბევრ ჩვენგანს გონებაში აქვს ჩაბეჭდილი, რომ წარმატება შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის შედეგია — ალბათ, ეს სკოლაში მიღებულ ნიშნებთან მიმართებით ამართლებს… ცხოვრებაში კი ბევრი რამ სხვანაირადაა — ყოველთვის შეგვიძლია რაღაცების გამოსწორება. ამიტომაც, ნუ შეუშინდებით პრობლემების აღმოჩენას, უბრალოდ მშვიდად იზრუნეთ მათ გამოსწორებაზე.