in

პერფექციონიზმის 5 ტიპი — რომელი ხართ თქვენ?

M2
M2

ერთი პერფექციონისტი გვერდით ყველას გვყავს ან იქნებ თავადაც ვართ… პირდაპირ რაღაცებს ნუ გამორიცხავთ, რადგან პერფექციონიზმი საკმაოდ ფართო ცნებაა… თანაც ფსიქოთერაპევრი კათერინ მორგან შაფლერი საკმაოდ საინტერესო მოსაზრებას გვაცნობს: მცდარი წარმოდგენა გვაქვს, რომ პერფექციონისტები ის ადამიანები არიან, რომელთაც ყოველთვის ყველაფერი სრულყოფილად უნდათ, ჰქონდეთ. პერფექციონისტებს სულაც არ ადარდებთ საშუალო დონეზე ყოფნა იმ სფეროებში, რომლებსაც არ აფასებენ, თუმცა საპირისპირო შემთხვევაში, მათ იდეალურობა სურთ.

ამბობენ, რომ რაღაც დონეზე ყველანი პერფექციონისტები ვართ, ამის გარკვევაში კი შემდგომი კლასიფიკაცია დაგეხმარებათ. ქვემოთ ჩვენ პერფექციონისტთა 5 ტიპს გაგაცნობთ, თქვენ კი კარგად დაფიქრდით, რომელი ხართ…

კლასიკური პერფექციონისტი

ეს ის ტიპია, რომელსაც ყველაზე ხშირად მოვიაზრებთ, როცა პერფექციონისტის არქეტიპზე ვფიქრობთ. ძალიან ორგანიზებული ადამიანია, იმას აკეთებს, რასაც ამბობს. თუმცა მრავალ კარგ თვისებასთან ერთად, ბევრი ნაკლიც აქვს. მაგალითისთვის, კლასიკური პერფექციონისტი ყოველთვის არ არის თანამშრომლობის ხასიათზე, იქნება ეს პროფესიული თუ პირადი კონტექსტი. ხშირად იმედგაცრუებულადაც გრძნობენ თავს, მართალია, გეგმავენ და ასრულებენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი მიდგომა მუშაობს… ხშირად ფიქრობენ, რომ რაღაცებში უმართლებთ, არადა, კარგი იქნებოდა იმის გაცნობიერება, თუ რამხელა შრომას დებენ ამ ყველაფერში. 

პროკრასტინატორი პერფექციონისტი

ამ ტიპის პერფექციონისტს კი სურს, გარემოებები იდეალური იყოს იქამდე, სანამ რაღაცას წამოიწყებს. შედეგად, ხშირად აყოვნებენ პროექტის დაწყებას. ამაში კარგი ის არის, რომ ისინი ჯერ ფიქრობენ და ნაბიჯებს შემდგომში დგამენ, სიტუაციას 360 გრადუსით აფასებენ, კარგად მომზადებულები არიან და არა, იმპულსურები.

აი, რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, დაყოვნება საქმეს აფუჭებს ხოლმე და მცდარ ნარატივებამდე დადის. შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ რაღაცას კარგად არ აკეთებენ ან ვერასდროს შეძლებენ კონკრეტული საქმის გაკეთებას. სხვებს კი აფიქრებინებთ, რომ მათ რაღაცის კეთება სურთ, მაგრამ რეალურად, რომ არ აკეთებენ მათი სიზარმაცის ან ნაკლები დისციპლინის ბრალია… არადა, სინამდვილეში არცერთია მართალი, მათ უბრალოდ რაღაცის დაწყებაში დახმარება სჭირდებათ. 

ქაოტური პერფექციონისტი

აი, ამას კი სულაც არ უჭირს რაღაცების დაწყება, ყველაფერზე კი-ს ამბობენ. კარგი ის არის, რომ იდეების გენერატორებად გვევლინებიან, ხოლო ცუდი ის, რომ პროცესის შუაშიც სურთ, თავი ისე სრულყოფილად იგრძნონ, როგორც დასაწყისში და ეს ასე სულაც არ მუშაობს. ყველაფერზე დათანხმებით შუა პროცესში იღლებიან და ჰგონიათ, რომ ეს აღარ არის სახალისო მათთვის. ასე კი, პროკრასტინატორი პერფექციონისტების მსგავსად, მცდარ ნარატივს აყალიბებენ, რომ არ არიან საკმარისად ჭკვიანები, დისციპლინირებულები და ა. შ. ამიტომ, მათ დახმარება სწორედ პროცესის შუაში სჭირდებათ. 

ინტენსიური პერფექციონისტი

მკვეთრი ფოკუსი აქვთ და საქმესაც ასრულებენ, სურთ, საბოლოო პროცესმა იდეალურ შედეგამდე მიიყვანონ. მართალია, შესანიშნავ რაღაცებს აღწევენ, მაგრამ ამისთვის ბევრი ხარჯის გაწევაც უწევთ, იქნება ეს საკუთარი კეთილდღეობა თუ სხვების, რისი ხედვაც ხშირად ეკარგება ხოლმე. საქმეს კი გააკეთებენ, მაგრამ გუნდის სხვა წევრებს იმდენად ცუდი გამოცდილება შეიძლება შეუქმნან, რომ სამსახურის დატოვებისკენ უბიძგონ… 

პარიზელი პერფექციონისტი

ეს კი უკვე ინტერპერსონალურად თამაშობს. სურს, სხვებს უყვარდეთ, მოსწონდეთ და უგებდნენ მას. იმაზე ზრუნავენ, თუ რას იფიქრებენ სხვები მათზე და იდეალური კავშირების დამყარებისკენ ისწრაფვიან. ამგვარად, კარგად იციან ურთიერთობების მნიშვნელობაც. თუმცა აქ უარყოფითი ის არის, რომ სხვების სიამოვნებასა და კომფორტს, საკუთარს ამჯობინებენ. სურთ, სხვები ასიამოვნონ და არა, საკუთარი თავი. შეუძლიათ, საკუთარი თავის განსხვავებული ვერსიაც შემოგვთავაზონ, რათა სხვებს უკეთ დაუკავშირდნენ, ეს კი ავთენტურობას ეჭვ ქვეშ აქცევს. 

გამომდინარე იქიდან, რომ პერფექციონიზმის ხუთივე ტიპს აქვს დადებითი მხარეები, ეს თქვენ სასიკეთოდაც შეგიძლიათ, გამოიყენოთ. ოღონდ ეცადეთ, უარყოფითმა მხარეებმა თქვენი მცდელობები არ გადაწონოს…

 

5 ნაკლებად ცნობილი გზა ვებსაიტის აუდიტორიის გასაზრდელად

Starbucks აპირებს, სრულად გადავიდეს მრავალჯერადი გამოყენების ჭურჭელზე