Perplexity AI საკმაოდ ამბიციურ ნაბიჯს დგამს და Chrome-ის კონკურენტი AI ბრაუზერი Comet-ის დებიუტს გვთავაზობს. თუმცა ასე მხოლოდ ძიების პროცესის აჩქარებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ იმ გზების გარდაქმნას, რომლითაც ადამიანები ინტერნეტთან ინტერაქციებს ამყარებენ. უბრალოდ ინფორმაციის მიწოდების გარდა, ბრაუზერი იმისთვისაა შექმნილი, რომ ასისტენტობა შეითავსოს, ავტომატიზაცია შემოგვთავაზოს და ადაპტირდეს. მოკლედ, ჩვეულებრივ პრაქტიკულ ხელსაწყოზე მეტად, ციფრული თანაპილოტის როლს ირგებს.
ხოლო, თუ CEO არავინდ სრინივასის დავეყრდნობით, Comet შექმნილია როგორც „აზროვნების პარტნიორი“, რომელიც აგენტური AI-ის კონცეფციას იღებს, სადაც სისტემები მხოლოდ ასისტენტობას კი არ გვიწევს, არამედ, მომხმარებელთა სახელით, დამოუკიდებლად ასრულებს დავალებებს. ეს ხედვა კი რამდენიმე ძირითადი ფუნქციით ცოცხლდება.
აღნიშნული მოიცავს Comet Assistant-ს, რომელიც ყოველთვის აქტიურია გვერდითა ჩანართში, ელ.წერილების შეჯამება, გვერდების მართვა, ვებგვერდებთან ინტერაქცია, იქნება ეს YouTube თუ Google Docs და ისეთი ქმედებების განხორციელება შეუძლია, როგორებიცაა შეხვედრის დაჯავშნა ან შესყიდვები. მომხმარებლები ბრაუზერთან ურთიერთქმედებას მათთვის ჩვეული ბუნებრივი ენითაც შეძლებენ, ფორმატი კი უფრო ჩატის მსგავსი იქნება.
მართალია, Perplexity-მ Comet პროდუქტიულობის ცენტრად წარმოადგინა, მაგრამ იგი სტრატეგიულად უპირისპირდება ძიების სტატუს-კვოსაც. Comet Perplexity-ის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე საძიებო სისტემას იყენებს, რომელიც ტრადიციული ბმულების სიების ნაცვლად, ციტატებს გვთავაზობს. აღნიშნული კი დიდი გამოწვევა უნდა იყოს გუგლისთვის, რომელმაც ცოტა არ იყოს, მომხმარებლები დაღალა დასპონსორებული და SEO-თი განპირობებული შედეგებით…
აღსანიშნავია, რომ Comet-ის ამბიციების გამო, კომპრომისებზე წასვლაც მოუწიათ. სრული ფუნქციონირებისთვის ასისტენტი პერსონალურ მონაცემებზე სრულ წვდომას მოითხოვს, მათ შორის ელ.ფოსტაზე, კალენდარზე და თქვენი ძიების ისტორიაზე. საკმაოდ პრაქტიკულად კი გვეჩვენება ყველაფერი, რასაც კომპანია გთავაზობს, მაგრამ, უდავოდ, კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული პრობლემებიც ახლავს თან…
ასეა თუ ისე, Comet ტექნოლოგიებში დიდ ცვლილებებს გვთავაზობს და მეტად ჭკვიანი, ავტონომიური ვებგამოცდილებისკენ მიიწევს. ხოლო ისეთი კომპანიები, როგორებიცაა OpenAI და The Browser Company, მართალია, მსგავს გზას ადგას, მაგრამ Perplexity-ის ყოვლისმომცველი მიდგომა, რაც საკუთარი საიებო სისტემიდან ჩაშენებულ ასისტენტამდე გადასვლას მოიაზრებს, Comet-ს დიფერენცირებაში ეხმარება.
ყველაფერს მაინც დრო გვაჩვენებს, ახალი AI ბრაუზერი ან სასარგებლო ციფრული თანამგზავრი იქნება, ან წარუმატებელი ექსპერიმენტი გამოდგება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს მიგვანიშნებს, რომ ბრაუზერების კონკურენცია სულ უფრო მწვავე ხდება, AI-მ კი, შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დააყენოს.
ამ მომენტისთვის წვდომა შეზღუდულია Perplexity-ის Max Plan-ის გამომწერებისთვის, რომლებიც ყოველთვიურად 200 დოლარს იხდიან. თუმცა მომლოდინეთა რიგებში უკვე 450 000 ადამიანია. სავარაუდოდ, Max Plan-ის შემდეგ, წვდომას Pro-ს გამომწერები მიიღებენ, რასაც გლობალურად ჩაშვებაც მალევე უნდა მოჰყვეს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ Comet ამჯერად Windows-სა და macOS-ზე მუშაობს, მობილურ ვერსიას კი წესით მალე ვიხილავთ.












