ბოლო წლებში მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ ტრანსფორმაციას განიცდის ტექნოლოგიური სამყარო. OpenAI-ს ღია-წყაროს მიდგომიდან „მძიმე ტექნოლოგიების“ ერამდე, ხელოვნური ინტელექტით მართული განათლებიდან ახალი ტექნო-რელიგიური მიმდინარეობების ჩამოყალიბებამდე – ყველაფერი იცვლება. სან-ფრანცისკო კი ამ პროცესების ეპიცენტრში იმყოფება, სადაც ხელოვნური ინტელექტის პოზიციები დღითიდღე ძლიერდება.
ამ ცვლილებების ფონზე, სტარტაპმა Perplexity-მ Google-ის Chrome ბრაუზერის შესყიდვაზე 34.5 მილიარდი დოლარის განაცხადი გააკეთა. ეს გაბედული ნაბიჯი ნათლად აჩვენებს, თუ როგორ იზრდება ახალგაზრდა ხელოვნური ინტელექტის კომპანიების თავდაჯერებულობა და ამბიციები.
ამ შეთავაზების უკან დგას არავინდ სრინივასი, Perplexity-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც ტრადიციულ საძიებო სისტემებს უკვე აშკარად ომს უცხადებს. სრინივასმა Alphabet-ის აღმასრულებელ დირექტორს, სუნდარ პიჩაის დაუდასტურა, რომ მათი შეთავაზება ემსახურება საჯარო ინტერესებს და Chrome-ს კომპეტენტურ, დამოუკიდებელ ხელებში მოაქცევს.
ეს ყველაფერი ხდება იმ მომენტში, როდესაც Google-ს სერიოზული სამართლებრივი პრობლემები აქვს. შესაძლოა ტექნოლოგიური გიგანტი იძულებული გახდეს გაყიდოს თავისი პოპულარული ბრაუზერი, რათა შემცირდეს მისი დომინირება ინტერნეტ-საძიებო ბაზარზე, რომლის 90%-საც აკონტროლებს.
Perplexity სულაც არ არის ერთადერთი, ვისაც Google-ის ძალაუფლების შერყევა სურს. კომპანიები, როგორიცაა Microsoft, OpenAI და You.com, ასევე ცდილობენ ჩეთბოტების და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით რევოლუცია მოახდინონ ინფორმაციის ძიების სფეროში. ისინი გვთავაზობენ არა მხოლოდ ბმულების სიას, არამედ კონკრეტულ პასუხებს მოკლე წინადადებებით.
თუმცა, რეალისტურად რომ შევხედოთ, ეს შეთავაზება საკმაოდ თამამია – Perplexity-ის საბაზრო ღირებულება მხოლოდ 18 მილიარდი დოლარია. კომპანიის წარმომადგენელი ჯესი დუაიერი აცხადებს, რომ გარე ინვესტორები უკვე დათანხმდნენ ამ გარიგების მხარდაჭერას, მაგრამ სკეპტიკოსები ეჭვობენ. ამასთანავე, Google იმავე სტრატეგიას იყენებს ხელოვნური ინტელექტის სფეროში, რასაც საძიებო სისტემაში იყენებდა, და მალე შეიძლება Gemini-ს ტექნოლოგიით ბაზარზე სრული დომინირება მოახდინოს.
Perplexity 2022 წელს დააარსეს OpenAI-ს ყოფილმა თანამშრომლებმა. პლატფორმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები საკუთარი ვებბრაუზერის – Comet-ის განვითარების გზაზე. ახლა კი გუნდი Chrome-ს უმიზნებს და ვინ იცის, იქნებ, ტექნოლოგიურ სამყაროში ახალი ერის დასაწყისს ვადევნებთ თვალს.
წყარო: The New York Times












