in

Perrier-ის საიუბილეო ბოთლები ფილიპ სტარკმა შექმნა

Perrier-ზე საუბარი 1906 წლიდან უნდა დავიწყოთ, როცა საკულტო მწვანე ბოთლი ჯონ ჰარმსვორთმა შემოგვთავაზა, რომელმაც ინსპირაცია ინდოეთის ჟონგლიორთა კლუბებიდან მიიღო… დროთა განმავლობაში ბოთლის ელეგანტურმა მოყვანილობებმა ბუკინგემის სასახლეში სამეფო მაგიდაზეც კი იჩინა თავი და დღეს უკვე ბრენდი 160 წლის იუბილეს აღნიშნავს. აი, ამ საკულტო მწვანე ბოთლს კი ახლა ახალ ელფერს სძენენ —  შეზღუდული გამოცემის ბოთლებს Perrier+Starck-ის სახელით გვაცნობენ, რომლის დებიუტიც ამ თვეში შედგება. და ვინ იმალება ამ სიახლის მიღმა? არავინ, ფრანგი ინდუსტრიული არქიტექტორისა და დიზაინერის ფილიპ სტარკის გარდა…

საკულტო ქმნილების არსის შენარჩუნებით შესაძლებელია ფორმებით თამაში ისე, რომ ამჟამინდელ პარამეტრებს უსასრულო ფორმა მიეცეს. ეს ზუსტად ის არის, რაც მე გავაკეთე ამ ძალიან ტექნიკური ჰორიზონტალური ჭრილების დამატებით, რაც ბუნებრივ მდგრადობასაც ქმნის, — განმარტავს სტარკი.

სტარკის ვერსია უბრალოდ რაღაცების ცვლილებას არ გულისხმობს და იგი ბოთლის ისტორიაზეც ამახვილებს ყურადღებას. თანაც, როგორც გვეუბნებიან, პირველი კრეატორია, რომელსაც ბრენდმა ბოთლის სილუეტის შესაცვლელად მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ სრული თავისუფლება ჰქონდა, მაინც არსებული ფორმის პატივისცემა გადაწყვიტა. იგი კონტურებს ჰორიზონტალური ხაზებით წარმოგვიდგენს. მოკლედ რომ გითხრათ, სტარკის ხელში Perrier-ის ბოთლი ხელოვნების ნიმუშად გარდაიქმნა, რომელიც ტრადიციულ ესთეტიკას ინოვაციებთან აერთიანებს.

ბავშვობაში ყოველთვის მეშინოდა, რომ ბოთლი ხელიდან გამიცურდებოდა, მას მჭიდროდ ვკიდებდი ხელს იქამდე, სანამ არ მეტკინებოდა. სწორედ ამიტომ ავირჩიე ეს ზოლიანი ნიმუში, ბოთლი უკვე მყარად მაქვს ხელში და ეს თამაშის სულ სხვა ფორმაა. თქვენ დაინახავთ კიდეც, რომ ამ ახალ ბოთლში არსებული ბუშტები აბსოლუტურად არაამქვეყნიურია, — აცხადებს სტარკი.

ინსპირაცია კი Fresnel-ის ოპტიკური ლინზები იყო: 1823 წელს ფრანგმა ინჟინერმა აგუსტინ ფრესნელმა შეიმუშავა და ეს ლინზა ოპტიკურ თამაშს გვაჩვენებს. თანაც წელს ფრესნელი 200 წლის იუბილეს აღნიშნავს და კვლავაც აგრძელებს დღევანდელ ტექნოლოგიებზე ზეგავლენას… ამ ოპტიკური სიურპრიზის შექმნასაც თავისი მიზეზი ჰქონდა — როცა ბუშტებს ზოლების მეშვეობით უყურებთ, ბოთლი ქმნის ფრენსელის ლინზით შთაგონებულ ოპტიკურ თამაშს და სინათლის დიფრაქციას გთავაზობთ.

კონკრეტული დიზაინით სტარკი ემოციური კავშირის დამყარებასაც ისახავდა მიზნად. როგორც გვეუბნება, ქვიშისა და ცეცხლის მაგიური ნაზავით რაღაც იბადება ადამიანის ხელებში და ეს შოკი კი არა, ემოციაა — სილამაზე, რომელიც ესაზღვრება პოეზიას, რაღაც მდგრადი და ჰარმონიული, სუფთა, როგორც წყალი.

#სადანროგორ გავერთოთ 20-22 ოქტომბერს — ღონისძიებების კალენდარი

„გადაწვის“ მთავარი მიზეზი ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ