14
Dec
2018

სამკაულებად ქცეული ქართული ჩუქურთმები – გზა ინტერიერის დიზაინიდან იუველირულ საქმიანობამდე

14 Dec 2018

Startauperi
Startauperi


ხშირად, ჩვენს აღფრთოვანებას იწვევს ძველი სახლების ჩუქურთმები, თუმცა, თუ გიფიქრიათ ამ გამოსახულებების გრაფიკულად დამუშავებასა და მათგან სამკაულის დამზადებაზე? თიკო კობახიძე 31 წლის ინტერიერის დიზაინერია, რომელიც ამ საკითხზე სოლოლაკში, ერთ-ერთი სახლის რეაბილიტაციისას დაფიქრდა. ასე შეიქმნა ბრენდი „პერსეპოლისი“, რომელიც დღეისათვის მხოლოდ ონლაინ მაღაზია MORE IS LOVE-ზეა წარმოდგენილი, იმეორებს ქართულ შენობებზე აღმოჩენილი ჩუქურთმების ფორმას და აქცევს სამკაულებად. 

სოლოლაკში, რამდენიმე სახლის რეაბილიტაციის პროექტისას, აღმოვაჩინე ულამაზესი ორნამენტებით მორთული სახლები. გადავწყვიტე, ეს ორნამენტები გამეცოცხლებინა სამკაულის სახით, რომელსაც სუვენირის დატვირთვაც ექნება. ყველა ნივთს მოჰყვება ანოტაცია, ანუ ხელოვნებათმცოდნის მიერ აღწერილი ჩუქურთმის ისტორია, რომელსაც თან ერთვის ნივთის ვექტორული ნახატი. ყველა სამკაულს თავისი სახელი აქვს, მაგალითად პერსეპოლისს, რომელიც ჩემი ბრენდის სახელად ვაქციე“, – გვიყვება თიკო კობახიძე.

M: უფრო კონკრეტულად, როგორ იქცა ინტერიერის დიზაინი სამკაულების დიზაინად?
5 თვის განმავლობაში, მინდოდა გამეკეთებინა მსგავსი სამკაულები და მხოლოდ ახლა შევძელი განხორციელება. დავდივარ, ფოტოკამერით ვიღებ შენობების ჩუქურთმებს, ვამუშავებ და ვუკვეთავ იუველირს. მინდა, რომ ამ ყველაფერს ჰქონდეს სუვენირული დატვირთვა, რადგან, მგონია, რომ საქართველოში ამ მხრივ არც ისე მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. მინდა, რომ გავაკეთო სუვენირი, რომელიც მოჰყვება საქართველოს ხელოვნების ისტორიას.

M: რა მასალისგან მზადდება „პერსეპოლისის“ პროდუქცია და ძირითადად, რა ტიპის ჩუქურთმებს არჩევთ სამკაულისთვის?
სამკაულებს ვამზადებთ ვერცხლისგან და ვავლებთ ოქროში. პროდუქცია მთლიანად ხელით მზადდება, ამიტომ, საკმაოდ ძვირი ჯდება. აქ არის დადიანების სასახლის ჩუქურთმებიც, რიგითი ჩვეულებრივი სახლების რიკულები.

M: გეგმავთ, თუ არა „პერსეპოლისისთვის“ სხვა სარეალიზაციო არხების მოსინჯვას? რას უნდა ელოდოს მომხმარებელი თქვენგან?
ვფიქრობ, ჩვენი პროდუქცია ძალიან კარგად აღწერს ქართული ხელოვნების ისტორიას, ეს არის სუვენირი, რომელიც შეგიძლიათ უცხოელ მეგობარს აჩუქოთ, ან თვითონაც ატაროთ. ვაპირებ, რომ საელჩოებთან ვითანამშრომლო და მათთვის დავამზადო შემდეგი კოლექცია. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ იმაზე, რომ „პერსეპოლისი“ უფრო მასშტაბურ და ხელმისაწვდომ ბრენდად ვაქციო.

განხილვა