NASA-ს როვერი Perseverance წითელ პლანეტაზე თებერვალში დაეშვა და უკვე საკმაოდ წარმატებით ასრულებს თავის მისიას. მის უკანასკნელ ისტორიულ მიღწევას კი მარსის თხელ ატმოსფეროში ნახშირორჟანგიდან ჟანგბადის პირველი წარმოება წარმოადგენს. როვერმა 20 აპრილის საღამოს შეძლო, ანუ, მე-60 მარსულ დღეს.
MOXIE (Mars Oxygen In-situ Resource Utilization Experiment) პატარა ოქროს, ყუთის ფორმის ინსტრუმენტია, რომელიც როვერზეა მოთავსებული. სწორედ ის უზრუნველყოფს ნახშირორჟანგის ჟანგბადად გადაქცევას. როგორც ცნობილია, მარსზე დაახლოებით 95% ნახშირორჟანგია.
MOXIE-მ პირველი წარმატებული მცდელობისას საათში 5.4 გრამი ჟანგბადი წარმოქმნა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ცხადია, ეს დიდი მიღწევაა მეცნიერებისთვის, რადგან ჟანგბად ასტრონავტებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. “საწვავის დასაწვავად რაკეტას დიდი ოდენობით ჟანგბადი სჭირდება. იმისათვის, რომ მარსის ზედაპირზე ოთხი ასტრონავტის წასაყვანად 7 000 ტონა სარაკეტო საწვავია საჭირო, ჟანგბადი კი – 25 000 ტონა” – აღნიშნავს მაიკლ ჰეხტი, აღნიშნული მოწყობილების ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი.
ამასთან ერთად, ჰეხტი დასძენს, რომ ასტრონავტებმა, რომლებიც მარსის ზედაპირზე მთელი წლის განმავლობაში იმყოფებიან, შესაძლოა, წარმოებული ჟანგბადი სუნთქვისთვისაც კი გამოიყენონ.
უშუალოდ პროცესის სპეციფიკაზეც რომ ვისაუბროთ, ჟანგბადის წარმოების პირველ ეტაპს ნახშირორჟანგის მიღება წარმოადგენს. შემდეგ, MOXIE-ის შიგნით, მარსიანული CO2 იკუმშება და იფილტრება. ამას მოსდევს მისი ტემპერატურის ზრდა და ჟანგბადისა და ნახშირბადის ერთმანეთისგან განცალკევება. საბოლოო შედეგის მისაღებად კი, MOXIE-ის გუნდი აანალიზებს, რამდენად “გასუფთავებულია” ჟანგბადი – ამ პირველი წარმატებული მცდელობის შემთხვევაში ჟანგბადი 100%-ით სუფთა იყო.
როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია. მარსზე უფრო მეტ ისეთი მისიის განხორციელებასთან მიახლოებას გულისხმობს, რომელშიც ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. “ტექნოლოგიები, რომლებიც სამომავლოდ იქიდან განვითარდება, რაც ჩვენ შევძელით, ჩვენი MOXIE ინსტრუმენტის წარმატების შთამომავლები იქნება” – აცხადებს ჯეფრი ჰოფმანი, MIT- ის Aeronautics and Astronautics-ის დეპარტამენტის სპეციალისტი.
ეს მართლაც ასეა, აღნიშნულმა ინსტრუმენტმა მომავალი მარსის მისიებს გაუხსნა გზა. MOXIE NASA-სა და MIT-ის ერთობლივ პროდუქტს წარმოადგენს. ის “ნასას” კოსმოსური ტექნოლოგიის და ადამიანის გამოკვლევებისა და ოპერაციების მისიების დირექტორატის მიერ არის დაფინანსებული.