in

28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა — ამ თარიღს საქართველო მასშტაბური ღონისძიებებით შეუერთდა

ციფრული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, ხშირად გვიწევს ჩვენი პირადი ინფორმაციის გაზიარება და მათზე წვდომა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ იზრდება. ეს პროცესი იმდენად ბუნებრივად იქცა, რომ ზოგჯერ ვერც ვაცნობიერებთ რა მომენტში და ვისზე გავცემთ ამ მონაცემებს.

აღნიშნული საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, 28 იანვარს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეც კი დააწესეს და მისი ტრადიცია მსოფლიოში  ჯერ კიდევ 2006 წლიდან იღებს სათავეს

ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება გამართა. აქტივობები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე იყო მორგებული.

ჩვევად ქცევის ფსიქოლოგია

იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის მნიშვნელოვანი ქცევები  დროთა განმავლობაში ჩვევად გადაიქცევა, ღონისძიების პირველ აქტივობად  ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის საჯარო ლექცია გაიამართა. მან ძირითადი აქცენტი პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე გააკეთა: წარმოიდგინეთ, დილას გაიღვიძეთ, გახვედით სახლიდან და ვიღაც გითვალთვალებთ. ჩაიწერა, რომელ საათზე მიხვედით სამსახურში, შემდეგ შეხვედით კაფეში და ესეც მოინიშნა. აბა, დაფიქრდით, ასეთ თვალთვალს რამდენ ხანს გაუძლებდით? თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებამ კი ის გამოიწვია, რომ ფაქტობრივად, ყველანი ტოტალური კონტროლის ქვეშ ვიმყოფებით იმის შესაბამისად, რამდენ პირად მონაცემსაც ვაზიარებთ თავად“.

ჩვენი მონაცემების მსგავსი მასშტაბით მოპოვების კონტროლი ჩვენ თავად შეგვიძლია, მაგალითად, თუ ჩვენ სმარტფონებს გარკვეულ შეზღუდვებს დავუწესებთ, თუ ვიკითხავთ რატომ გვთხოვენ ტელეფონის ნომერს ნივთის შეძენისას, თუ დოკუმენტებს თანხმობის გაცემამდე წავიკითხავთ და ა.შ

ცხადია, მარტივი არ არის  მსგავსი  ჩვევების რუტინად ჩამოყალიბება, სწორედ ამიტომ ზურა მხეიძე გვირჩევს- რაღაცის ჩვევად ჩამოყალიბებას 21 დღე სჭირდება: უფრო ზუსტად, 21 დღის განმავლობაში ამ კონკრეტულ რაღაცას უწყვეტად უნდა ვაკეთებდეთ,  მაგალითად, მინდორში ერთსა და იმავე ადგილას ყოველდღე ვიღაც რომ გაივლის, იქ ხომ ბილიკი ჩნდება? ანუ გზა გაკეთდება. ეს გზა უკვე გაკვალულია და ანალოგიურად, როცა მსგავსი სიტუაცია ხდება, ადამიანი ირჩევს გაკვალულ გზას.

გამოდის, მიუღწეველი არაფერია, უბრალოდ, საკმარისი მონდომება და მოტივაციაა საჭირო.

სამსახურის აღნიშნული კამპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღებას მოცემულ ბმულზე შეძლებთ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამეცნიერო ჟურნალის პირველი ნომრის წარდგენა

საჯარო ლექციის შემდეგ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა, დამსწრე აუდიტორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის სამეცნიერო ჟურნალის პირველი ნომერი წარუდგინა. ჟურნალი  ორენოვანი, საერთაშორისო რეფერირებისა და რეცენზიების სამეცნიერო პირველი პერიოდული გამოცემაა, რაც დიდ მიღწევას წარმოადგენს აღნიშნულ საკითხთან ცნობიერების ამაღლების კუთხით. ამასთან, რედკოლეგია საქართველოს, გერმანიის, ესპანეთის, ბელგიის, უნგრეთისა და ხორვატიის აღნიშნული დარგის ექსპერტებითა და მეცნიერებით არის დაკომპლექტებული.

პერსონალურ მონაცემთა დაცვა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა და მას 21-საუკუნის უფლებასაც კი უწოდებენ. ქართული სამართლებრივი სივრცე ახლა იმ ამოცანის წინაშე დგას, რომ საზოგადოებაში პირადი მონაცემების დაცვის შესახებ ცნობიერება აამაღლოს. 28 იანვარიც ამ კულტურის ჩამოყალიბებაზეა ფოკუსირებული“, — აღნიშნავს ლელა ჯანაშვილი.

აღნიშნულ ღონისძიებას 50-მდე სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის პარლამენტის წევრები, მოსამართლეები, საჯარო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

ამავე ღონისძიებაზე სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა აუდიტორიას კიდევ ერთი სიახლე გააცნო. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში იურიდიული კლინიკა დაფუძნდა,  რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს 2023 წლის გაზაფხულის სემესტრიდან საშუალებას მისცემს, გაიარონ სასწავლო პრაქტიკული კომპონენტი  აღნიშნულ უწყებაში.

„კონფიდენციალურობა შენი უფლებაა“ — 5 ვიდეორგოლის პრეზენტაცია

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 5 ვიდეორგოლის პრეზენტაციაც გაიმართა. ვიდეოებში, რომლის მთავარი მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა, მასწავლებელი — გია მურღულია, ექიმი — ქეთევან ასათიანი, ფოტოგრაფი — გოგა ჩანადირი, ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე — ნინო ზამბახიძე და კიბერ-უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი — გიორგი გურგენიძე მონაწილეობენ. დარგის გამორჩეული სპეციალისტები ინდივიდუალურად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, კონკრეტული მაგალითებითა და რჩევებით,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ და აქცენტს კონფიდენციალურობის დაცვის აუცილებლობაზე აკეთებენ.

როდესაც ფოტოებს ვიღებ ხოლმე, ყურადღებას ვაქცევ გარემოს, რამე ისეთი არ იყოს, რომელმაც შეიძლება პერსონალური ინფორმაციის ეთიკას ხელი შეუშალოს, დაარღვიოს ვინმეს პირადი უფლება“, ამბობს გოგა ჩანადირი

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სასკოლო ასაკში ბავშვთა ფსიქიკა ძალიან მგრძნობიარეა, ძალიან ფაქიზია, ნებისმიერი რამ, რაც ჩვენ ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ შეიძლება გვეჩვენებოდეს, მისი ფსიქიკისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს“, — აღნიშნავს გია მურღულია.

ბავშვებისთვის ჩატარებული მასტერკლასი

რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სხვა ღონისძიებებს, აქტივობები სასტუმრო „ფაბრიკაში“ თითქმის მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

სპეციალური აქტივობები ჩატარდა სკოლის მოსწავლეებისთვის — მათ „ღია გაკვეთილი“ სამსახურის წარმომადგენლებმა გვანცა გაბაიძემ და ნინო ცაგარეიშვილმა ჩაუტარეს. ინტერაქციული და სახალისო გაკვეთილის ფარგლებში, რომელიც პერსონალურ მონაცემთა ანბანის სტენდთან მიმდინარეობდა, მოსწავლეებმა მნიშვნელოვანი და ღირებული ინფორმაცია მიიღეს.

დაბალკლასელებს კი პერსონალური მონაცემების შესახებ სპეციალურად მათთვის შერჩეული ფორმით მიეწოდათ ინფორმაცია. „თამაშობანამ“ ღონისძიებაზე სტუმრად მისულ ბავშვებს შემეცნებითი მასტერკლასი შესთავაზა. „ყველა ადამიანი ერთნაირი იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პერსონალური მონაცემები“ — ამის საილუსტრაციოდ ბავშვებმა პატარა ჯინჯერის კაცუნები საკუთარი გემოვნებით მოხატეს.

ამავდროულად, მთელი დღის განმავლობაში ღონისძიებაზე მისული სტუმრებისთვის ფუნქციონირებდა საკონსულტაციო სივრცე.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით უწყების ლოგოს ფერებში განათდა თბილისის ანძა და გიგანტური ბორბალი.

ცხადია, პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიებები მხოლოდ საერთაშორისო დღის აღნიშვნით არ შემოიფარგლება… წლის განმავლობაში არაერთი აქტივობა იგეგმება, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს,   რომ პირადი ინფორმაციის დაცვა მნიშვნელოვანია და ეს ჩვევად უნდა ვაქციოთ, რადგან გაკვალულ ბილიკზე სიარული გაცილებით მარტივია.

[R]

„AVON საქართველო“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

რამდენ ხანში ექნება შედეგი თქვენს კონტენტ მარკეტინგს?