ბიზნესში არსებობს ასეთი ტერმინი – „პერსონალური ბრენდინგი”. ის უბრალოდ ტერმინად კი არ რჩება, არამედ სტრატეგიული მართვის ნაწილია. კომპანიები ხშირად იწვევენ ქოუჩებს, კონსულტანტებს, რომლებიც უნიკალურ ღირებულებებს განსაზღვრავენ და მისი უპირატესობების წარმოჩენას ცდილობენ, ეხმარებიან ამ კომპანიას, თავი დაიმკვიდროს, როგორც სხვებისგან განსხვავებულმა ბრენდმა. იმასაც გეტყვით, რომ არ არის აუცილებელი, პერსონალურ ბრენდინგზე მაინცდამაინც ბიზნესმა იმუშაოს, საკუთარი ბრენდის ჩამოყალიბება ინდივიდუალურ პერსონასაც შეუძლია.
ნინო წითლანაძეს პიარისა და ბრენდინგის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ამ მიმართულებით აქტიურობამ მას საკუთარი სერვისის ჩამოყალიბებისკენ უბიძგა, სადაც იგი კომპანიებსა და ინდივიდებს პერსონალური ბრენდინგისა და ფულის ფსიქოლოგიის ტრენინგებს უტარებს. შესაბამისად, როდესაც ამ თემაზე სტატიის მომზადება გადავწყვიტეთ, რესპონდენტად პირველი სწორედ ნინო გაგვახსენდა.
M: რას გულისხმობს ცნება „პერსონალური ბრენდინგი”, რას მოიცავს ის?
პერსონალური ბრენდინგი არის კარიერის დაგეგმვისა და მართვის გაწერილი სისტემა, რომელიც მოიცავს თქვენი, როგორც პროფესიონალის ძლიერ მხარეებს, ფასეულობებს, გაზომვად სარგებელს, უნიკალურობასა და შემოსავლის ზრდას. ნებისმიერ ადამიანს პოტენციურად აქვს პერსონალური ბრენდი, რადგან მაგალითად, გაცნობისას, სხვა ადამიანს ჩვენზე ძალაუნებურად რაღაც შთაბეჭდილება ექმნება. კარგი ამბავია, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ შთაბეჭდილებისა და რეპუტაციის ისე მართვა, რომ ჩვენს სუპერძალად ვაქციოთ. პერსონალური ბრენდის სულ ხუთი ტიპი არსებობს – მეწარმე, ფრილანსერი, ექსპერტი, სტარტაპერი და რბილი ნიშის სპეციალისტი. ბრენდის გააქტიურებაზე მუშაობის დაწყება შეიძლება ნებისმიერ ეტაპზე – როდესაც დამწყები ხართ, შემდგარი პროფესიონალი ანდა პროფესიაში მრავალი წელია წარმატებით მოღვაწეობთ.
M: როგორ ხდება პერსონალურ ბრენდინგზე მუშაობა კომპანიის და კონკრეტული ადამიანის შემთხვევაში?
ამ შემთხვევაში უნდა განვასხვაოთ კორპორაციული და ინდივიდუალური ბრენდის ცნება. როგორც ვიცით, ბრენდი არის ჩვენი მომხმარებლის ან აუდიტორიის გონებაში აღბეჭდილი აღქმა კომპანიის, პროდუქტისა და ადამიანის მიმართ. ამ თვალსაზრისით, ორივეს – კორპორაციულ და პერსონალურ ბრენდებს აერთიანებთ განვითარების გაზომვადი სტრატეგიის არსებობა, თუმცა მიდგომა ძალიან განსხვავდება. პერსონალური ბრენდის აქტივიზაცია ყოველთვის გულისხმობს ინდივიდუალურ მუშაობას კონკრეტულ პროფესიონალთან. კორპორაციულ ჭრილში ეს ადამიანი, უმეტეს შემთხვევაში, კომპანიის ხელმძღვანელი, დამფუძნებელი ან მისი სახეა ხოლმე. უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც კომპანიის წარმომადგენლისადმი ნდობამ პროდუქტისადმი ნდობა გაზარდა. ცხადია, კომპანიის ყველა თანამშრომელს შეუძლია საკუთარ პერსონალურ ბრენდზე ზრუნვა. სპეციფიკა აქ იმაში მდგომარეობას, რომ ადამიანი თავის კომპანიასთან ასოცირდება და ამდენად, რაღაცაში შეზღუდულია. მაგალითად, თანამშრომელს შეიძლება კონტრაქტით ეკრძალებოდეს საჯაროდ გამოსვლა ან მედიასთან ურთიერთობა თავისი სახელით, ან იგი ვალდებულია მხოლოდ კომპანიის სახელით ისაუბროს. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, როდესაც კორპორაციაში საკუთარ პერსონალურ ბრენდს ვაშენებთ.
M: ვინ მუშაობს გუნდში ამ მიმართულებით, ვის ეკისრება ვალდებულება, რომ პერსონალურ ბრენდინგზე იზრუნოს კომპანიაში?
მეთოდოლოგია, რომელშიც მე ვმუშაობ, საავტოროა და პერსონალურ ბრენდს განიხილავს, როგორც ხუთი მთავარი ელემენტის ერთობლიობას. ეს არის ოსტატობა, ფასეულობები, გაზომვადი სარგებელი, უნიკალურობა და მონეტიზაცია. ვფიქრობ, ასეთი მოდგომა უნივერსალურია და ნებისმიერ პროფესიონალს შეუძლია მის საფუძველზე საკუთარი პერსონალური ბრენდის ფუნდამენტის შექმნა. კომპანიასთან მუშაობის შემთხვევაში, ეს ძირითადად გუნდური ტრენინგი ან მენტორინგია, სადაც ორგანიზაციის დიდ იდეაზე ვმუშაობთ, თითოეული გუნდის წევრის პოტენციალი და ძლიერი მხარეები ჯამში სინერგიულ პროცესს ქმნის მეტი წარმატებისა და სარგებლის მოტანისთვის.
M: რამდენი ხანი სჭირდება პერსონალური ბრენდინგის შემუშავებას?
პერსონალურ ბრენდზე მუშაობა იწყება აუდიტით. ძირითადი „სიმპტომები“, როდესაც ეს გვჭირდება, არის მოტივაციის ნაკლებობა, სამოქმედო გეგმის არარსებობა, არასაკმარისი ან დაბალი შემოსავალი, ახალ დონეზე ან ახალ პროფესიაში გადასვლის სურვილი და ა.შ. ყველაზე მთავარი, რაც ბრენდის აუდიტს მოაქვს, არის სიცხადე. ანუ ძალიან მკაფიოდ იმის დანახვა, თუ რა ეტაპზეა კარიერა ახლა და როგორ შეიძლება რესურსების გამოყენება საუკეთესო შედეგების მისაღებად. აუდიტის შემდეგ გადავდივართ პერსონალური ბრენდის სტრატეგიისა და პროფესიული ბრენდბუქის შექმნაზე, რომელსაც საშუალოდ ექვსიდან ათ კვირამდე სჭირდება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ სტრატეგიის შექმნა მხოლოდ დიდი გზის დასაწყისია და პერსონალურ ბრენდზე ზრუნვა ყოველდღიური და მუდმივი პროცესია.
M: რა ტიპის სამუშაოები უნდა ჩატარდეს უკვე დიდი ხნის არსებულ კომპანიებში, რომ პერსონალური ბრენდინგი შეიქმნას?
კომპანიას, რა ხნისაც არ უნდა იყოს, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ კორპორაციული ბრენდი. პერსონალური ბრენდი არის კონკრეტული ადამიანის მიერ შექმნილი იმიჯი და რეპუტაცია, ამ შემთხვევაში, ამ კომპანიაში მომუშავე თანამშრომლების. სინამდვილეში, ამ ორის შერწყმა ძალიან კარგ შედეგებს გვაძლევს იმ შემთხვევაში, თუ ერთნაირ ფასეულობებზე დგას. ამიტომ, აუცილებელია იმაზე შეთანხმება, რომ კომპანიასაც და მასში მომუშავე ადამიანებსაც აქვთ ერთნაირი პასუხი უმნიშვნელოვანეს კითხვაზე – „რატომ ვაკეთებთ, რასაც ვაკეთებთ“. თუ ეს პასუხი შეთანხმებული და გულწრფელია, შემდეგ უკვე შესაძლებელია სტრატეგიაზე, ტაქტიკასა და კომუნიკაციის სტილზე მუშაობის გაგრძელება.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი