ზაფხულის სიცხის შემდეგ შემოდგომა, როგორც იქნა, დადგა – და ეს ბევრისთვის განახლების სურვილსაც ნიშნავს. თუმცა ამ სურვილს ზოგჯერ მხოლოდ სეზონის ცვლილება არ იწვევს. შემოქმედებით სფეროში მომუშავე ადამიანებს შემოდგომაზე ხშირად უჩნდებათ სურვილი, საკუთარი პროფესიული იდენტობა თავიდან შექმნან.
კრეატიული სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ყოველ სექტემბერს, გამონაკლისის გარეშე, საკუთარი თავის თავიდან გამოგონების სურვილი უჩნდებათ. მათი აზრით, ეს სკოლაში დაბრუნების განცდას ჰგავს – ახალი საკანცელარიო ნივთების, ახალი დასაწყისისა და ახალი ენერგიის მოლოდინს.
აგვისტოს ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბევრი იწყებს ახალი პორტფოლიოს შექმნას, ბიოგრაფიის თავიდან დაწერას და საკუთარი საქმიანობისთვის ახალი სახელის მოფიქრებასაც კი.
ერთი მხრივ, ეს პროცესი ნამდვილად საინტერესოა. თუმცა არსებობს მეორე მხარეც – თუ ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც გვინდოდა, მხოლოდ საკუთარი თავის რებრენდინგი არ იქნება საკმარისი, ამიტომ რამდენიმე ფუნდამენტურ რჩევა-რეკომენდაციას გაგიზიარებთ:
ჯერ საკუთარ მოტივებს გადახედეთ
პირადი ბრენდის შეცვლის სურვილი შემოდგომაზე განსაკუთრებით აქტუალური ხდება, მაგრამ რა არის ამის მთავარი მიზეზი: ახალი მიმართულებისკენ სწრაფვა თუ უბრალოდ, მოწყენილობისგან, შფოთვისგან ან სხვა რაღაცებისგან თავის დაღწევა?
მნიშვნელოვანია იმის გააზრებაც, რეალურად გადაჭრის თუ არა რებრენდინგი იმ პრობლემებს, რომელთა მოგვარებაც გვინდა. ზოგჯერ დიდი ცვლილება ნამდვილად გვეხმარება, თუმცა ხშირად ახალი და საინტერესო იდეა უბრალოდ ყურადღების გადატანის საშუალებაა.
ამიტომ მთავარი კითხვაა: ახალი მიმართულება იმიტომ გიზიდავთ, რომ პროფესიულად განვითარდით და ძველი პოზიციონირება აღარ შეესაბამება იმას, რასაც დღეს აკეთებთ? თუ უბრალოდ გაურბიხართ რაღაცას, რაც გაშინებთ?
სპეციალისტები სხვადასხვა სააგენტოდან ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, თავად უკვე მოგბეზრდათ თქვენი საჯარო იდენტობა, მაშინ როცა აუდიტორიის ნაწილმა ის სულ ახლახან აღმოაჩინა. მეტიც, შესაძლოა, მათ ის ძალიანაც მოსწონთ. ასეთ შემთხვევაში, პირადი ბრენდის ერთბაშად შეცვლამ შეიძლება იმ ადამიანთან დაგაკარგვინოთ კავშირი, რომელიც სულ მალე თქვენი ნამუშევრის დამკვეთი ან თქვენი დამსაქმებელი უნდა გამხდარიყო.
ამიტომ, თუ ამის მკაფიო და იდენტიფიცირებადი მიზეზი არსებობს, ცვლილება შეიძლება გამართლებული იყოს. თუ ასეთი მიზეზი არ გაქვთ, ღირს დაფიქრება, რატომ უნდა შეცვალოთ ის, რაც ჯერ კიდევ ეფექტურად მუშაობს?
ექსპერიმენტული მიდგომა
დავუშვათ, რომ რებრენდინგის სურვილს ნამდვილად აქვს საფუძველი. შესაძლოა, თავდაპირველი ბრენდინგი ნაჩქარევად შექმენით, ან ბოლო პერიოდში ახალი უნარები შეიძინეთ, კონკრეტულ სფეროში სპეციალიზდით ან კარიერული მიმართულება მთლიანად შეცვალეთ.
ასეთ შემთხვევაში რებრენდინგის საჭიროება ნამდვილად შეიძლება არსებობდეს. თუმცა არც არსებული კლიენტების, გამომწერებისა და აუდიტორიის დაკარგვა გსურთ. ამიტომ შესაძლოა, სრულმასშტაბიანი რებრენდინგის ნაცვლად უფრო ფრთხილი მიდგომა აირჩიოთ – სრული ცვლილების ნაცვლად, უბრალოდ, განახლება.
ცვლილება ყოველთვის საძირკვლის მთლიანად შეცვლას არ გულისხმობს, ზოგჯერ ის, რაც უკვე გაქვთ, უბრალოდ, უნდა გააძლიეროთ, დახვეწოთ და ახალი მიმართულებით განავითაროთ.
თუ უფრო სწრაფი ექსპერიმენტი გსურთ, კარგი ვარიანტია ახალი, მეორეული ბრენდის შექმნა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ახალი მიმართულების ცალკე სახელით განვითარება, დამოუკიდებლად პოპულარიზაცია და დაკვირვება, რომელი მათგანი გამოიწვევს უფრო დიდ ინტერესს.
საბოლოოდ, მხოლოდ თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, არის თუ არა ახლა პირადი ბრენდის განახლების შესაფერისი დრო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ სექტემბერი მოდის და განახლების დროა, საკმარისი არაა. იყავით საკუთარი თავის მიმართ გულწრფელი და პასუხების პოვნაც ბევრად გამარტივდება.












