ყველაფერს იღბალს ნუ მიაწერთ, ხშირად მიზნების მიღწევაში ძლიერი პერსონალური ბრენდის იდენტობა გვეხმარება. ოღონდ ეს პოპულარობაში ნუ აგერევათ, საკუთარი უნიკალური ღირებულებების გააზრებასა და ჩვენებას ეხება. ის არის, რასაც ადამიანები თქვენი სახელის გაგონებისას ელიან, ის, თუ როგორ აღიქმებით მათ მიერ და რა გამოგარჩევთ. ამიტომ, ერთად განვიხილოთ, როგორ შევქმნათ ძლიერი პერსონალური ბრენდი ისე, რომ გავრცელებულ შეცდომებსაც ავარიდოთ თავი:
1. შექმენით საფუძველი — შეისწავლეთ საკუთარი თავი
სანამ თქვენს საჯარო იმიჯზე დაფიქრდებით, ჯერ კარგად გაიაზრეთ, რა გაყალიბებთ კონკრეტულ პერსონაჟად, განიხილეთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, მისწრაფებები და ღირებულებები. გაიგეთ, რისი კეთება გიყვართ, როცა არავინ გიყურებთ, რა პრინციპები უძღვის თქვენს ქმედებებს… ამ კითხვებზე პასუხების პოვნით თქვენი პერსონალური ბრენდისთვის საფუძველს შექმნით.
2. განსაზღვრეთ სამიზნე აუდიტორია
ყველას მოხიბვლა შეუძლებელია, ამიტომ სამიზნე აუდიტორია უნდა განსაზღვროთ, იქნება ეს მომავალი დამსაქმებლები თუ მომხმარებლები. მათი მახასიათებლების გააზრება თქვენი პერსონალური ბრენდის თითოეულ ასპექტზე იმოქმედებს, იმ ენის ჩათვლით, რომელსაც პლატფორმებზე მათთან საკომუნიკაციოდ იყენებთ. მაგალითად, თუ UX დიზაინერი ხართ, თქვენი სამიზნე სეგმენტი ტექნოლოგიებში მოღვაწე პირები იქნებიან, მათთან საკომუნიკაციოდ კი LinkedIn გამოგადგებათ.
გაიაზრეთ თქვენი აუდიტორიის საჭიროებები და მახასიათებლები. დაფიქრდით, რა გზით მიიტანთ ამ პირებამდე თქვენს ღირებულებას საუკეთესოდ, რაზე ელაპარაკებით მათ — ამ საკითხებზე პასუხების პოვნა სტრატეგიის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
3. შექმენით თქვენი ბრენდის გზავნილი
მას შემდეგ, რაც საკუთარ თავსაც შეისწავლით და აუდიტორიასაც, გზავნილის შედგენის დრო დგება. რა ძირითადი იდეის კომუნიკაცია გსურთ? რა უნიკალურ ღირებულებას სთავაზობთ? ამას ხშირად Elevator pitch-ს ეძახიან — მოკლე, მიმზიდველ შეჯამებას იმისა, თუ რას აკეთებთ და რატომ უნდა აინტერესებდეთ ეს ადამიანებს.
თუმცა უბრალოდ უნარებსა და გამოცდილებას კი არა, იმ გავლენას ეხება, რომელიც გაქვთ, იმ სხვაობებს, რომელთა განხორციელებაც შეგიძლიათ და იმ გზებს, რომლითაც პრობლემებს უმკლავდებით. მაგალითისთვის თქვენი გზავნილი, შესაძლოა, ასე ჟღერდეს: „მე ვეხმარები დაკავებულ პროფესიონალებს, დაზოგონ დრო ინოვაციური ორგანიზაციული გადაწყვეტილებებით“ — ეცადეთ, გზავნილი მკაფიო, მოკლე და თანდათანობითი იყოს, შეესაბამებოდეს თქვენს უნარებსა და ღირებულებებს.
4. გაიაზრეთ ვიზუალური იდენტობის ძალა
დასამახსოვრებელი პერსონალური ბრენდი თუ გინდათ, გქონდეთ, მაშინ ვიზუალებზე იზრუნეთ, ლოგოზე, ფერთა პალიტრასა და ტიპოგრაფიაზე. მაგალითად კონსულტანტმა არჩევანი კლასიკურ, სუფთა ვიზუალურ იდენტობაზე უნდა შეაჩეროს, რომელშიც ნეიტრალური ფერები გვხვდება, როცა არტისტს შეუძლია, უფრო თამამ ფერებსა და შრიფტებზე ფოკუსირდეს.
5. შეინარჩუნეთ თანმიმდევრობა პლატფორმებს შორის
სხვადასხვა პლატფორმაზე განსხვავებული პროფილითა თუ სახელით კომუნიკაცია დიდი შეცდომაა — პერსონალური ბრენდის იდენტობა ყველგან თანმიმდევრული უნდა იყოს, ეს გულისხმობს ერთი და იმავე ფოტოს, ბიოსა და ძირითადი გზავნილის ქონას ყველა პლატფორმაზე. ასე ადამიანებს თქვენს პოვნას გაუმარტივებთ, ნდობასაც მოიპოვებთ და თქვენს ბრენდსაც გააძლიერებთ. ამასთან, რეგულარულად განაახლეთ პროფილი, რათა მოძველებულის, უინტერესოსა და ნაკლებად აქტიურის იმიჯი არ ჩამოგიყალიბდეთ.
6. შექმენით კონტენტი
ბრენდი უბრალოდ კი არ ააშენოთ, არამედ აჩვენეთ იგი. ღირებული კონტენტი შექმენით, რომელიც პროფესიონალად წარმოგაჩენთ თქვენს სფეროში. შეგიძლიათ, ბლოგპოსტებს მიმართოთ, ვიდეოებს, პოდკასტებს ან უბრალო განახლებებს სოციალურ მედიაში. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება, ინსაითები და ამბები: ასე აუდიტორიას ღირებულებას შესთავაზებთ, აჩვენებთ, რით შეგიძლიათ მათი დახმარება ან რა პრობლემებს მოუგვარებთ. პროცესში გულწრფელობა და ავთენტურობა შეინარჩუნეთ.
7. ჩაერთეთ საუბრებში
პერსონალური ბრენდის შექმნა ცალმხრივი ამბავი არ გეგონოთ, თქვენს აუდიტორიასთან საუბრებში ჩართვას მოიცავს. დასვით კითხვები, უპასუხეთ კომენტარებში და ჩაერთეთ რელევანტურ დისკუსიებში. ეს აჩვენებს, რომ თქვენი აუდიტორიით დაინტერესებული ხართ, რაც თქვენივე საზოგადოების შექმნასაც შეგაძლებინებთ და სანდოობის მოპოვებასაც.
გავრცელებული შეცდომები
შეცდომები რომ აფერხებს და აზიანებს პერსონალურ ბრენდს, ეს კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, რაღაცები ადამიანებს ძალიან ხშირად ეშლებათ, ახლა კი მათზე გესაუბრებით:
- არათანმიმდევრულობა — ფრაგმენტული ონლაინ აქტიურობა დაბნეულობას ქმნის და თქვენს ცნობადობაზე უარყოფითად აისახება.
- არაავთენტურობა — თავის იმ ადამიანად წარმოჩენა, რომელიც არ ხართ სინამდვილეში.
- აუდიტორიის უარყოფა — ბრენდი მხოლოდ თქვენ არ გეხებათ…
- უკუკავშირის უარყოფა ან აუდიტორიასთან კავშირის არქონა — როცა კრიტიკა სწორადაა მოწოდებული, მიდგომის დახვეწაში გეხმარებათ, ამიტომ არასწორია მისი თავიდან არიდება.
8. დაბოლოს, იყავით მომთმენი
ამ ყველაფერთან ერთად, ისიც გახსოვდეთ, რომ ძლიერ პერსონალურ ბრენდს ერთ დღეში ვერ შექმნით, ამას ბევრი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ბევრი მარცხიც შეიძლება, გქონდეთ, მაგრამ ეს პროცესის ნაწილად ჩათვალეთ. გააგრძელეთ ღირებული კონტენტის შექმნა და აუდიტორიასთან დაკავშირება. ყოველთვის გახსოვდეთ, რატომ დაიწყეთ. იზეიმეთ პატარა გამარჯვებები, არ შეჩერდეთ სწავლისა და განვითარების გზაზე, არ შეგეშინდეთ სიახლეების და გახსოვდეთ, რომ პერსონალური ბრენდის შექმნა დიდი და გრძელი თავგადასავალია…