in ,

პერსონალური მონაცემების ანბანი – კრეატიული გზა ყველასთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად

პერსონალური მონაცემების ანბანი ვებპორტალია, რომელიც თავს უყრის 33 პერსონალურ მონაცემს, აღწერს მათი დაცვის ხერხებს და შესაძლო საფრთხეებს. მისი მიზანია, მოქალაქეებს მარტივი და ხელმისაწვდომი გზით აუხსნას პერსონალური მონაცემების არსი და დაეხმაროს მათი უსაფრთხოების მნიშვნელობის გაცნობიერებაში. პროექტის არსზე, მნიშვნელობაზე, მუშაობის პროცესსა და დეტალებზე მარკეტერი ესაუბრა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს – ქეთი ბოჯგუას, სააგენტო ლივინგსოტნის პროექტის მენეჯერ გიორგი ავალიანსა და სამხატვრო ხელმძღვანელ ნიკოლოზ კუმბარს.

M: რა არის პროექტის არსი?
ქეთი ბოჯგუა: რა არის პერსონალური მონაცემები? სახელი, გვარი, პირადი ნომერი – ეს, ალბათ, პირველია, რაც ამ კითხვაზე საპასუხოდ გაგახსენდათ, მაგრამ ეს სულ სამი მონაცემია. ჩვენ კი გვინდა, რომ ინფორმაციას საკუთარი მონაცემების შესახებ ანიდან ჰოემდე, ალფადან ომეგამდე, A-დან Z-მდე ფლობდეთ“ – ეს არის პირველი გზავნილი, რასაც პორტალით დაინტერესებული ადამიანი საიტზე შესვლისას დაინახავს. ამით იმის თქმა გვსურს, რომ პერსონალური მონაცემების ანაბანის ცოდნა ნებისმიერი ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ეს პორტალი კი ცდილობს, ეს ცოდნა კიდევ უფრო ფართო და ღრმა გახდეს, უფრო მეტად დააფიქროს ადამიანები, რატომ არის საჭირო პირადი ინფორმაციის დაცვა.

ნიკოლოზ კუმბარი, გიორგი ავალიანი

M: რა იყო პროექტის მარკეტინგული ამოცანა?
გიორგი ავალიანი:
 პერსონალური მონაცემების ყოვლისმომცველი მნიშვნელობა ჩვენც ბოლომდე ნათლად არ გვესმოდა, სანამ თემას პირადად არ ჩავუღრმავდით. მონაცემების დაუდევრად ან საზიანოდ გამოყენების საფრთხის შემცირების ყველაზე პირდაპირ გზად, მათ შესახებ სანდო საინფორმაციო რესურსის შექმნა დავისახეთ ინტერნეტში, რომელიც ხალხს მონაცემთა ანა-ბანას, ყველაზე საჭირო საფუძვლებს გააცნობდა და ინსპექტორის აპარატსაც მოსახლეობასთან კავშირის კიდევ ერთ არხს შესძენდა.

ნიკოლოზ კუმბარი: ანბანის მექანიზმი ამ ვრცელი და სერიოზული ინფორმაციის დალაგების სახალისო, მსუბუქი გზა აღმოჩნდა. ყოველი ასოს უკან სასარგებლო ცოდნა იმალება, რაც აზრზე მოსასვლელად, საკუთარი შეხედულებების გადასამოწმებლად და თემაზე ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ზედგამოჭრილია.

M: რატომ არის პერსონალურ მონაცემთა ცოდნა და დაცვა აუცილებელი?
ქეთი ბოჯგუა:
პერსონალური მონაცემების არასასურველ ხელში მოხვედრამ შეიძლება, ბევრი პრობლემა შეუქმნას თითოეულ ჩვენგანს. ანბანში თავმოყრილია არა მხოლოდ მონაცემების შესახებ ზოგადი ინფორმაცია, არამედ ახსნილია, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს ამა თუ იმ მონაცემის არასწორად დამუშავება, უკანონო გამოყენება, მოცემულია რეკომენდაციებიც. ასევე, რა თქმა უნდა, პორტალის დახმარებით, შესაძლებელია ჩვენთან დაკავშირება, იმისთვის, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე, რომელიც მის სტუმარს გაუჩნდება, პასუხი მაშინვე გავცეთ.

M: რამდენ ხანს იმუშავეთ პროექტზე?
გიორგი ავალიანი:
დროის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ანბანის ანოტაციების შექმნასა და გაშალაშინებას დასჭირდა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ძალიან ყურადღებით მოეკიდა თითოეული ინფორმაციის სიზუსტეს და ჩვენც, პარალელურად, ილუსტრაციებსა და საიტის დეველოპმენტზე ვმუშაობდით. ჯამში, რამდენიმე კვირა დაგვჭირდა ყველაფრის შესაკრავად და საბოლოო ფორმის მისაცემად.

ქეთი ბოჯგუა: პერსონალური მონაცემის არსისა და მათი დაცვის მნიშვნელობის ანბანის ფორმატში გადატანა  საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ფაქტობრივად, მთელი აპარატი იყო ჩაბმული ამ პროცესში. ასევე, ანბანის შინაარსზე ინსპექტორის აპარატის თანამშრომლებთან ერთად იმუშავეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზამთრის სკოლის სტუდენტებმა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პროექტი განხორციელდა ჩვენი პარტნიორების, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

M: უშუალოდ, ვინ იმუშავეთ ამ პროექტზე?
გიორგი ავალიანი:
კონცეფციის დაბადებას მე და ნიკოლოზ კუმბარი შევეგებეთ, შემდეგ დიზაინის ფლანგი გიორგი ბრეგვაძემ, მაშინ ჩვენმა ახალწვეულმა, გადაიბარა, დეველოპმენტი მიშკა ფანქველაშვილის ნაცად ხელს ვანდეთ, ნაზი ანიმაციების სულის დაჭერაში კი გურიკა ჩოხელი დაგვეხმარა. ზოგადად, ქართული ანბანის კონცეფცია, ბუნებრივია, ფარნავაზს ეკუთვნის. გულითადი მადლობა ინსპექტორის აპარატს ამ პროექტზე ძალიან უშუალო თანამშრომლობისთვის. დიდებულია, როდესაც საერთო მიზნისთვის შეთანხმებულად ვმოქმედებთ და პროცესიც უფრო საინტერესო ხდება.

M: პროექტის ფარგლებში თუა დაგეგმილი სხვა მარკეტინგული აქტივობაც?
ქეთი ბოჯგუა:
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ანბანის ფეისბუკკამპანია, რომელიც რამდენიმე ყველაზე აქტუალურ მონაცემზე პოსტერის შექმნასა და გავრცელებას გულისხმობს. „ფეისბუკი“ ერთგვარი ხიდია ვებპორტალსა და აუდიტორიას შორის და ფეისბუკმომხმარებლები უკვე ჩვენი ანბანის მომხმარებლები ხდებიან.  სამომავლოდ, იგეგმება სხვა ღონისძიებებიც, მათ შორის, პორტალს აქვს პოტენციალი, გახდეს განახლებადი, რადგან პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი 33-ზე გაცილებით მეტია.

ფოტოჟურნალისტი გუდვილში! რა აღმოაჩინა გოგა ჩანადირმა?!

რესტორანში დაწყებული ნაცნობობა, სექსი და დილით დაცარიელებული სახლი