ლაზერული ტექნოლოგიის წინსვლამ პერუს ჩანკაის კულტურის საიდუმლოებები გაამჟღავნა — 1200 წლის მუმიფიცირებულ ნაშთებზე არსებული ტატუები გვაჩვენა, რომლებიც საკმაოდ კომპლექსური დიზაინით გამოირჩევა. უფრო ზუსტად, ლაზერული სტიმულირებული ფლუორესცენციის (LSF) გამოყენებით კვლევის ხელმძღვანელმა მაიკლ პიტმანმა და პალეონტოლოგმა თომას კეიმ ე. წ. სხეულის ხელოვნებას მიაგნეს, რომელიც მანამდე შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავი იყო.
ჩანკაის ცივილიზაცია პერუს ცენტრალურ სანაპიროზე 1000-1470 წლებში გვხვდებოდა და ისინი სახელგანთქმულნი იყვნენ თავიანთი შავ-თეთრი კერამიკითა და ქსოვილებით. თუმცა ტატუების პრაქტიკა აღნიშნულ კვლევამდე საიდუმლოებებით იყო მოცული…
და როგორ მოახერხეს ეს? მეცნიერებმა სპეციალური ლაზერული ტალღები მუმიფიცირებული კანისკენ მიმართეს, რითაც ნახშირბადზე დაფუძნებული მელანი უფრო ნათელი გახდა. შედეგად, მკვლევრები რთული გეომეტრიული ნიმუშების მომსწრენი გახდნენ, იქნება ეს სამკუთხედები თუ ბრილიანტები, რომლებიც კანზე იყო ამოტვიფრული.
თითქმის 100 მუმიფიცირებული ნაშთი გააანალიზეს, რომელთაგანაც მხოლოდ რამდენიმეს ჰქონდა გამორჩეული ხარისხის, დეტალური ტატუ. ეს დიზაინები ხელებზე და მუხლებზე გვხვდება. აღსანიშნავია, რომ ჩანკაის კულტურაში ტატუ სტატუსის, იდენტობისა და რწმენის გამოხატვის საშუალება იყო. ამასთან, მსგავსი გეომეტრიული ფიგურები ჩანკაის სხვა ხელოვნების ნიმუშებშიც გვხვდება, რაც მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად ურთიერთდაკავშირებული იყო მათი კულტურა.
ამგვარად, LSF მეტად ღირებულ ტექნოლოგიას წარმოადგენს არქეოლოგებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, ისტორიული არტეფაქტები, მათი დაზიანების გარეშე, შეისწავლონ. კონკრეტულ შემთხვევაში 0.1 მილიმეტრზე არსებული ხაზებიც კი ხილული გახდა, რაც, თავის მხრივ, ტექნოლოგიასთან ერთად, ჩანკაის ტატუ არტისტების პროფესიონალიზმზეც მეტყველებს.
დაბოლოს, ჩანკაის კულტურაში არსებული უძველესი ტატუების აღმოჩენა ხაზს უსვამს იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ადამიანთა თვითგამოხატვისთვის სხეულის ხელოვნებას…