in

როგორ გავლენას ახდენს პესტიციდების გამოყენება გარემოზე?

სოფლის მეურნეობის სექტორის ინდუსტრიალიზაციამ გაზარდა ქიმიური დატირთვა ბუნებრივ ეკოსისტემებზე. პესტიციდები არის ტოქსიკური ქიმიკატები, რომლებიც გარემოში გასაშვებად არის განზრახ შექმნილი. ისინი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მიწებში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებში და ურბანულ მწვანე ზონებში მცენარეებისა და ადამიანების დასაცავად სხვადასხვა დაავადებისგან. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული პესტიციდი მიზნად ისახავს გარკვეული მავნე ორგანიზმის მოკვლას, მისი დიდი ნაწილი სცდება განსაზღვრულ ადგილებს. პესტიციდები ადვილად აბინძურებს ჰაერს, მიწასა და წყალს. ისინი განსაკუთრებით ბევრ ადგილას ხვდება, როდესაც მათ ჰაერში ასხურებენ.

იდეალურ შემთხვევაში, პესტიციდი სასიკვდილო უნდა იყოს სამიზნე მავნებლებისთვის, მაგრამ არასამიზნე სახეობებისთვის, მათ შორის ადამიანისთვის, არ უნდა მოჰქონდეს ზიანი. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის. პესტიციდები ანადგურებს გარემოს, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებას და ასუსტებს ბუნებრივ სისტემებს, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანის გადარჩენა. 

პესტიციდების უარყოფითი ეფექტი აისახება არა მხოლოდ გამოყენების არეალში. ჩამონადენმა შეიძლება გადაიტანოს პესტიციდები შორეულ წყლის გარემოში ან სხვა მინდვრებში, საძოვრებზე, ადამიანთა დასახლებებსა და სხვა ადგილებში. სხვა პრობლემები წარმოიქმნება ცუდი წარმოების, ტრანსპორტირების, შენახვისა და განკარგვის პრაქტიკიდან. დროთა განმავლობაში პესტიციდების განმეორებითი გამოყენება ზრდის მავნებლების წინააღმდეგობას, ხოლო მისმა ზემოქმედებამ სხვა სახეობებზე შეიძლება ხელი შეუწყოს მავნებლის აღორძინებას.

მოდი, ვნახოთ, როგორ ხვდება და ზემოქმედებს პესტიციდების მოხმარება გარემოს სხვადასხვა ნაწილზე:

წყალი

პესტიციდები გვხვდება წვიმაში, მიწისქვეშა წყლებში, ნაკადულებში, მდინარეებში, ტბებსა და ოკეანეებში. პესტიციდების წყალში მოხვედრის ოთხი ძირითადი გზა არსებობს:

  • მას შეუძლია გადაადგილება იმ არეალის გარეთ, სადაც გათვალისწინებული იყო;
  • მას შეუძლია მიწაში გაჟონვა;
  • მისი გადატანა შესაძლებელია ჩამონადენის სახით;
  • შეიძლება შემთხვევით დაიღვაროს.

ნიადაგი

პესტიციდების გამოყენება ამცირებს ნიადაგის ზოგად ბიომრავალფეროვნებას. ნიადაგის ხარისხი უფრო მაღალია ქიმიკატების გარეშე. ეს საშუალებას იძლევა, ნიადაგში წყალი შენარჩუნდეს, რაც მცენარეთა ზრდისთვის აუცილებელია.

ცხოველები

ცხოველები შეიძლება მოიწამლონ პესტიციდების ნარჩენებით, რომლებიც რჩება საკვებზე შესხურების შემდეგ. ზონაში პესტიციდების გამოყენებამ შეიძლება აღმოფხვრას საკვების წყაროები, რომლებიც ცხოველებს სჭირდებათ, რაც იწვევს ცხოველების გადაადგილებას, კვების რაციონის შეცვლას ან შიმშილს. პესტიციდებით მოწამვლამ შეიძლება კვებით ჯაჭვშიც კი გაიაროს; მაგალითად, ფრინველები შეიძლება დაზიანდნენ, როდესაც ისინი ჭამენ იმ მწერებსა და ჭიებს, რომლებმაც მოიხმარეს პესტიციდები.

ფრინველები

არსებობს მტკიცებულება, რომ ფრინველებს ზიანს აყენებს პესტიციდების გამოყენება. რეიჩელ კარსონი წიგნში Silent Spring განიხილავს ფრინველების რამდენიმე სახეობის დაკარგვას მათ ქსოვილებში პესტიციდების დაგროვების გამო. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მეურნეობაში გამოყენებული ფუნგიციდების (პესტიციდების სახეობა) ტიპები ოდნავ ტოქსიკურია ფრინველებისა და ძუძუმწოვრებისთვის, მაგრამ ის კლავს მიწის ჭიებს, რაც თავის მხრივ ამცირებს იმ ფრინველებისა და ძუძუმწოვრების პოპულაციას, რომლებიც ამ ჭიებით იკვებებიან.

წყალქვეშა სამყარო

წყალში ჰერბიციდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მცენარეების სიკვდილი, წყლის ჟანგბადის შემცირება და თევზის რაოდენობის კლება. ზოგიერთი პესტიციდის განმეორებითმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს თევზის ფიზიოლოგიური და ქცევითი ცვლილებები, რაც ამცირებს პოპულაციას. მათ შეიძლება დატოვონ ბუდეები, დაუქვეითდეთ იმუნიტეტი ან ვერ აიცილონ თავიდან მტაცებლები.

ადამიანები

პესტიციდი ჩვენს ორგანიზმში შეიძლება სასმელი წყლის, მტვრის ან უბრალოდ ჰაერის მეშვეობით მოხვდეს. პესტიციდების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე დამოკიდებულია ქიმიური ნივთიერების ტოქსიკურობაზე და ექსპოზიციის ხანგრძლივობასა და სიდიდეზე. განსაკუთრებული რისკის ჯგუფია ის ოჯახები, რომლებიც სასოფლო მეურნეობას მიჰყვებიან და მუდმივ კონტაქტში უწევთ ყოფნა პესტიციდებთან. 

ამ მიზეზების გათვალისწინებით, მრავალ ქვეყანაში შეიზღუდა პესტიციდების გამოყენება. გაჩნდა ორგანიზაციები, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ამის კვლევასა და შესაბამის რეაგირებას. ერთ-ერთი ასეთია PAN. ის კრძალავს მდგრად ორგანულ დამაბინძურებლებს (POPs), როგორიცაა ენდოსულფანი. ამასთან, იგი ცდილობს ცნობიერების გაზრდას მავნე ქიმიკატების შესახებ, მუშაობს ფერმერული ტექნიკის ცენტრირებაზე, როგორც გადამწყვეტი მნიშვნელობა სოფლის მეურნეობის მომავლისთვის.

რუბრიკას გარემოს დაცვაზე წარმოგიდგენთ ფარმადეპო.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

როგორ შევქმნათ მიმზიდველი Fintech კონტენტი? — 4 სტრატეგია

თქვენი ტანსაცმლით ტელეფონის დამუხტვას შეძლებთ